შიში და მასთან დაკავშირებული პრობლემები
2024-11-07სხვადასხვა ექსტრემალურ გარემოებებში ნებისმიერ ადამიანს ეუფლება შიშის გრძნობა, რაც ორგანიზმს აძლევს სიგნალს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ და უბიძგებს თვითგადარჩენისკენ. ეს ბუნებრივი მდგომარეობა განპირობებულია შიდა და გარე ფაქტორების ერთობლიობით. შიშის გრძნობა ნორმალური ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომელიც შესაძლოა პათოლოგიაშიც გადაიზარდოს, კერძოდ, ადამიანი შეპყრობილი იყოს უსაფუძვლო, არალოგიკური შიშებით (ფობიებით).
შიში მრავალგვარია, მაგალითად სიბნელის შიში, სხვადასხვა დაავადებების შიში, დახურული სივრცის ან სიმაღლის შიში, მაგრამ უმეტესობა მათგანს აერთიანებს მხოლოდ ერთი, კერძოდ, სიკვდილის შიში. ადამიანებს შიშის გრძნობა მეტწილად მარტოობის დროს ეუფლებათ. გარემოებები, რაც სიცოცხლის მოსპობასთან ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიტანასთანაა დაკავშირებული, რათქმაუნდა აღძრავს სრულიად საფუძვლიან შიშს, რაც თვითგადარჩენის სიგნალს რთავს, ასევე უბიძგებს პიროვნებას სხვა ადამიანი დაიხსნას განსაცდელისაგან.
შიში შეიძლება იყოს შეუცნობელი ან გაანალიზებული, მაგრამ ლოგიკურ საფუძველს მოკლებული. მაგალითად, ადამიანი იმყოფება ატომური ელექტროსადგურის შენობაში სადაც მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ იგი ინფორმირებულია შენობაში არსებული უსაფრთხოების სტანდარტების მაღალი დონის შესახებ, შესაძლოა მაინც დაეუფლოს რადიაციის შიში, რადგან ქვეცნობიერი ფიქრობს იმ ფაქტზე, რომ მასთან სიახლოვეს ბირთვული რეაქტორი ფუნქციონირებს.
ფროიდის მტკიცებით, ჩვენი სიზმრები სწორედ იმ დათრგუნულ შიშებს და სურვილებს ეხმიანება, რაც ჩვენს ქვეცნობიერში ილექება და შემდგომ ძილის დროს აქტიურდება. ადამიანის ემოციური მდგომარეობა, სუსტი ნებისყოფა, თვითშეფასების ნაკლებობა, დაძაბულობა და სტრესი ზრდის შიშის ფაქტორს. ბავშვობის პერიოდში, როდესაც თავის ტვინში ნეირონული ბმები აქტიურად ყალიბდება, ნანახი ან მონათხრობი ამბები, რაც შიშს ჰგვრის მოზარდს, დიდი ხნის მანძილზე არასასიამოვნო განცდად რჩება.
ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანს სწორედ ის გადახდება თავს, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა. ამ ფენომენის ახსნა ერთის მხრივ საკმაოდ მარტივია, ხოლო მეორეს მხრივ რთული. ფაქტი ერთია, რომ ადამიანმა შიშით არ უნდა იცხოვროს. მარადიულ შიშში ცხოვრება ასუსტებს ადამიანის ფსიქო-სომატურ მდგომარეობას, ამასთანავე ამ ფორმით იგი კვებავას და აძლიერებს საკუთარ შიშებს, რაც მათი რეალობაში გარდასახვის შანსებს ზრდის. ამის თავიდან აცილების ყველაზე საუკეთესო გზა არარეალური (ლოგიკურ საფუძველს მოკლებული) შიშების უგულებელყოფაა. თუ პიროვნებას არ შესწევს ნებისყოფა, რომ გაუმკლავდეს საკუთარ შიშებს, მაშინ უნდა მიმართოს შესაბამისი დარგის ექიმს და გაითვალისწინოს სპეციალისტების რეკომენდაციები.
შიშის გამოვლენის ძირითადი სიმპტომები
- პანიკა, თვითკონტროლის დაკარგვა;
- აგრესია, მისთვის ზიანის მიყენება, ვინც შიშის წყაროა;
- პანიკური შეტევები;
- გახშირებული გულისცემა, გადიდებული თვალის გუგები;
- არტერიული წნევის მომატება;
- გაუარესებული ან გახშირებული სუნთქვა;
- კანკალი, ყვირილი, მეტყველების შეზღუდვა;
- მომატებული ოფლიანობა, პირის სიმშრალე;
- გაფითრება, სახის კანის გაწითლება;
- გულისრევა, თავბრუ, დეფეკაციის სურვილი;
- ყურებში ზარის რეკვის ან გუგუნის შეგრძნება;
- კიდურების მოძრაობის დათრგუნვა;
- უსიამოვნო შეგრძნება მუცლის მიდამოში;
შიშის გამომწვევი ძირითადი მიზეზები
- სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებული მდგომარეობები;
- ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტან გარემოში მოხვედრა;
- ექსტრემალური სიტუაციები ან ადამიანის შეშინება;
- უცნობ და უჩვეულო გარემოში მოხვედრა;
- `უეცარი ხმაური წყნარ გარემოში ან სიბნელეში;
- მარტოობის დროს წარმოშობილი უსიამოვნო ფიქრები;
- მასობრივი პანიკა;
- წარმოსახვითი სამყაროს გაძლიერება უარყოფითი ემოციური დატვირთულობით;
- კოშმარის ნახვის შემდგომი მდგომარეობა, გამოღვიძებიდან გარკვეულ პერიოდში;
- ფსიქოლოგიური ტრავმები ან დარღვევები;
- სტრესი, დეპრესია, ისტერია, ფსიქიკური აშლილობის რომელიმე ფორმა, ნევროზი;
შიშთან დაკავშირებული გართულებები
- თავის ტკივილები;
- უძილობა, შფოთიანი ძილი, კოშმარები;
- დეპრესიული განწყობა;
- სქესობრივი ლტოლვის შემცირება;
- წონაში კლება ან პირიქით, წონის მატება;
- ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- მეხსიერების გაუარესება;
- იმუნური სისტემის ფუნქციობის გაუარესება;
- სოციალური აქტივობების შემცირება, პრობლემები პირად, სამსახურეობრივ და შემოქმედებით სფეროებში;
- პანიკური შეტევები;
- ფსიქოაქტიურ მედიკამენტებზე დამოკიდებულობა;
- ნარკოტიკული საშიუალებების და გადაჭარბებული დოზით ალკოჰლის მიღების სურვილი;
- ფობიები, ილუზიები;
- ნევროზის და სხვა ფსიქიკური დარღვევების განვითარების მომატებული რისკი;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციობის გაუარესება;
ფსიქიატრიაში შიშები პირობითათ ორ ნაწილად იყოფა, ბუნებრივ (კონსტრუქციულ) და პათოლოგიურ (ნევროზულ) ჯგუფად. ბუნებრივი (რეალური) შიში მცირე დროის შემდეგ ქრება, აქვს წარმოშობის ლოგიკური საფუძველი და არ ახდენს ღრმა გავლენას ადამიანის ხასიათის და ღირებულებითი ორიენტაციის ცვლილებაზე. პათოლოგიური შიში ხანგრძლივად ან მუდმივად თანსდევს ადამიანს, მნიშვნელოვნად ცვლის პიროვნების ხასიათს და აუარესებს მის საერთო ჯანმრთელობის ხარისხს. პათოლოგიური შიში საჭიროებს მკურნალობას.
უმეტეს შემთხვევებში პათოლოგიური შიშების მკურნალობა წარმატებულია. მკურნალობა გულისხმობს პათოლოგიური შიშების შეტევათა სიხშირის და სიმძიმის, ასევე ორგანიზმისთვის მიყენებული უარყოფითი შედეგების შემცირებას. მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს ფსიქოთერაპიის კურსს, ფსიქოანალიზს, მედიკამენტოზურ დახმარებას, ან უბრალოდ პაციენტისთვის სწორი რჩევა-დარიგების მიცემას, რისი დახმარებითაც მან შესაძლოა თავის თავში იპოვოს ძალა უსაფუძვლო შიშების დასამარცხებლად.
რეკომედაციები პათოლოგიური შიშის გასანეიტრალებლად
- ყოველთვის დასვით კითხვები, რამდენად საფუძვლიანია შიში, ღირს თუ არა რამეზე წინასწარ ნერვიულობა ან შეცვლის თუ არა ეს ფაქტი რამეს უკეთესობისკენ;
- გაანალიზეთ შიშის გამომწვევი მიზეზი, დაფიქრდით აქვს თუ არა მას ლოგიკური ახსნა, შიში თავსმოხვეულია თუ არა;
- ვინც ინფორმირებულია, ის შეიარაღებულია! ხშირად შიში კონკრეტული საკითხის უცოდინრობის ბრალია. მოიძიეთ ინფორმაცია იმ საკითხებზე, რაც თქვენში შიშის განცდას იწვევს. დარწმუნებული იყავით, რომ მსგავსი ტიპის პრობლემები სხვებსაც აქვთ და მათგან ზოგიერთმა გადაჭრის გზებიც იპოვა.
- კარგად გამოიძინეთ და შეეცადეთ სტრესულ გარემოს თავი აარიდოთ;
- იკვებეთ ჯანსაღად, შეინარჩუნეთ აქტიური ცხოვრების წესი, უარი თქვით ნარკოტიკების და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებაზე;
- მოიწყვეთ განტვირთვის დღე იმ მეგობრებთან ერთად, ვისთანაც ყველაზე თავისუფლად და მხიარულად გრძნობთ თავს;
- მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, დაკავდით ჰობით, შეეცადეთ დაიცვათ ბალანსი შრომასა და განტვირთვას შორის;
- შეეცადეთ აღმოაჩინოთ შეცდომები საკუთარ თავში და გამოასწოროთ ის ნერვიულობის, სტრესის და დეპრესიის გარეშე. ყურადღება დაუთმეთ მხოლოდ ჯანსაღ კრიტიკას და არა თითეული ადამიანის მოსაზრებას თქვენზე ან თქვენს საქმიანობაზე;