რეფლუქს-ეზოფაგიტი

 2023-12-30 გასტროენტეროლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

რეფლუქს-ეზოფაგიტი საყლაპავი მილის დაავადებაა, რომლის დროსაც კუჭის მჟავე შიგთავსი ამოდის საყლაპავ მილში (რეფლუქსი, რეგურგიტაცია). მჟავე წვენის ზეგავლენის შედეგად ვითარდება საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთება (ეზოფაგიტი). რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს დარღვეულია საყლაპავის ქვედა სფინქტერის მუშაობის რეჟიმი, რის გამოც კუჭის მჟავე წვენი ამოდის საყლაპავში. საყლაპავის ლორწოვანი გარსი კუჭის კედლებისგან განსხვავებით, არ არის დაფარული სპეციალური სითხით, რომელიც დაიცვას მას კუჭის წვენის მავნე ზემოქმედებისგან.

image გასტროეზოფაგური რეფლუქსი (რეფლუქს-ეზოფაგიტი) შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის, გაზიანი სასმელების ან ცხიმიანი, მჟავე, ცხარე საკვების მირთმევამ, ასევე გადაჭარბებული რაოდენობით საჭმლის მიღებამ, ავადმყოფის მწოლიარე რეჟიმმა, თამბაქოს მოხმარებამ, დიაფრაგმის საყლაპავი მილის თიაქარმა, ზოგიერთი სახის მედიკამენტების მიღებამ, სიმსივნურმა პროცესებმა, ასციტმა (მუცლის ღრუში სითხის დაგროვებამ). გამომწვევი მიზეზი იშვიათად შეიძლება იყოს კუჭზე ჩატარებული ოპერაციები, სტრესი, ორსულობა, კოფეინის მოხმარება.

გასტროეზოფაგური რეფლუქსის ძირითადი სიმპტომია გულძმარვა, ასევე წვის შეგრძნება საყლაპავის არეში, კუჭის შიგთავსის უკუდინება საყლაპავის მიმართულებით, მშრალი ხველა, დისკომფორტი და ტკივილის შეგრძნება მკერდში, ასევე დისკომფორტი ყლაპვის დროს. დაავადების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, რენტგენოსკოპიული გამოკვლევა ბარიუმის ფაფის კონტრასტირებით.

დაავადების მკურნალობა მოიცავს, როგორც სწორ მედიკამენტურ კურსს, ასევე პაციენტის მხრიდან სწორი კვების რეჟიმის დაცვას, თამბაქოზე უარის თქმას, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავებას, ჭარბწონიანობის შემთხვევაში კი წონაში კლებას. რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს ძალზედ მნიშვნელოვანია საკვების მცირე პორციებად და ხშირად მიღება (მაგალითად 4-5 ჯერ დღეში). იმისათვის, რომ შემცირდეს კუჭის მჟავე წვენის მავნე ზეგავლენა საყლაპავის ლორწოვანზე აუცილებელია, რომ შეიზღუდოს მაღალი მჟავიანობის მქონდე პროდუქტების მიღება. მნიშვნელოვანია ძილის დროს სწორი პოზიციის შერჩევა, კერძოდ, მხრები კუჭთან შედარებით უფრო მაღალ პოზიციაში უნდა აღმოჩნდეს.