ბრადიკარდია
2024-01-25მოსვენების რეჟიმში ადამიანის გულისცემის რაოდენობა განისაზღვრება წუთში 60-დან 90-მდე. თუ გულისცემის სიხშირე წუთში 60-ზე ნაკლებია, მაშინ საქმე გვაქვს მდგომარეობასთან, რომელსაც ბრადიკარდია ეწოდება. შენელებული გულისცემა დამოკიდებულია ასაკზე და ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე, მაგალითად, კარგად ნავარჯიშებ სპორტსმენებს შენელებული პულსი კი აღენიშნებათ, მაგრამ ეს მათთვის სავსებით ნორმალური მდგომარეობაა. საყურადღებოა მხოლოდ პათოლოგიური მიზეზებით გამოწვეული ბრადიკარდია.
თუ შენელებულ გულისცემას თან ახლავს სისუსტე, დაღლილობა, გაძნელებული სუნთქვა, თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება და დისკომფორტი მკერდის არეში, მაშინ შესაძლოა საქმე პათოლოგიურ ბრადიკარდიასთან გვქონდეს, რომლის გამომწვევი მიზეზი, გულის სინუსის კვანძის და მისი გამტარი სისტემის პრობლემებია. ბრადიკარდია არითმიის გავრცელებული ფორმაა, რომელიც ხშირად ხდება კარდიოლოგთან ვიზიტის მიზეზი. ბრადიკარდიის დამახასიათებელი სიმპტომები უფრო ხშირად ვლინდება მაშინ, როდესაც პულსი წუთში 40 დარტყმაზე მცირეა.
ბრადიკარდია (ელექტროკარდიოგრაფიის ფოტოსურათი)
რა ტიპის ბრადიკარდია არსებობს?
- სინუსური ბრადიკარდია - ამ დროს შემცირებულია სინუსის კვანძის ფუნქციობა, რაც იწვევს პულსის გაიშვიათებას;
- ატრიოვენტრიკულური ბლოკადა - გულის გამტარი სისტემის პრობლემა, რის გამოც წინაგულიდან პარკუჭისკენ იმპულსის გადაცემა ფერხდება;
რა სიმპტომები ახასიათებს ბრადიკარდიას?
- დაღლილობის და სისუსტის შეგრძნება;
- თავბრუსხვევა, გაბრუება;
- გაძნელებული სუნთქვა, ჰაერის უკმარისობა;
- გულის წასვლის და გონების კარგვის შეგრძნება;
- ძილიანობა;
- კანის გაფერმკრთალება;
- დისკომფორტი გულ-მკერდის არეში;
რა მეთოდებით ხდება ბრადიკარდიის დიაგნოსტირება?
- ექიმი-კარდიოლოგის მიერ პაციენტის ფიზიკურად გასინჯვისას;
- ელექტროკარდიოგრამით;
- ექოკარდიოგრამით;
- ჰოლტერის აპარატით;
- ფიზიკური დატვირთვის ტესტით;
- მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიით;
- შეიძლება დაინიშნოს სისხლის ლაბორატორიული კვლევები და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრა;
როგორ მკურნალობენ ბრადიკარდიას?
- მედიკამენტური მკურნალობის კურსით;
- კარდიოსტიმულატორის კანქვეშ ჩანერგვით;
- თუ ბრადიკარდიის დროს პულსი 50-ის ქვემოთ არ ჩომოდის, მკურნალობა საჭირო არ არის;
რამდენად საშიშია ბრადიკარდია?
პათოლოგიური პროცესებით გამოწვეული ბრადიკარდია საჭიროებს მკურნალობას. ბრადიკარდიამ შესაძლოა გამოიწვიოს წნევის ცვალებადობა, გონების დაკარგვა (სინკოპე), ტკივილი გულ-მკერდის არეში (სტენოკარდია). თუ ბრადიკარდიის დროს გულისცემა წუთში 40 დარტყმაზე მცირეა, მდგომარეობა უფრო საყურადღებოა, რადგან შესაძლოა განვითარდეს გულის უკმარისობა.