რადიაციის ზემოქმედება ორგანიზმზე
2024-02-01რადიაცია მაიონებელი გამოსხივებაა, რომლის საშუალებითაც ხდება ენერგიის გადაცემა ელექტრომაგნიტური ტალღების, ან სუბატომური ნაწილაკების სახით. განარჩევენ რადიაციის სამ ძირითად ტიპს, ალფა, ბეტა და გამა გამოსხივებას. რადიაციული ფონის შექმნა შეუძლია, როგორც ბუნებრივ, ასევე ხელოვნურ რადიოაქტიურ წყაროებს. რადიოაქტიური გამოსხივების მქონე ნივთიერებები გხვდება ყველგან, წყალში, ნიადაგში, ჰაერში და ცოცხალი ორგანიზმების სხეულში. ყოველდღიურად ადამიანი იღებს რადიაციის გარკვეულ დოზას, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ ამ დოზის გადაჭარბება უარყოფითად შეიძლება აისახოს მის ჯანმრთელობაზე.
სამედიცინო რადიოლოგიური კვლევების ჩატარების დროს, ორგანიზმი იღებს დასხივების გარკვეულ დოზას (რენტგენის და ტომოგრაფიის აპარატების გამოყენებისას), მაგრამ ეს საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მკაცრად კონტროლდება დოზირების ნორმები. სამრეწველო ან სხვა სახის საქმიანობისას, მაგალითად თვითმფრინავით ხშირი ფრენის შედეგად, ბევრად მაღალი რადიაციული დასხივების მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე რადიოლოგიური კვლევის დროს. გადაჭარბებული რაოდენობით მიღებულმა დასხივებამ, შეიძლება გამოიწვიოს ორგანოების და ქსოვილის დაზიანება.
რადიაციას არ აქვს სუნი, გემო, მისი შეგრძნება ან დანახვა შეუძლებელია. ის შეიძლება შევადაროთ უხილავი ტყვიის ნაწილაკებს, რომელიც უზარმაზარი სისწრაფით მოძრაობს და გადააქვს საკმაოდ ძლიერი ენერგია. ამ ნაწილაკებს აქვთ უნარი, გადალახონ საკმაოდ დიდი ტერიტორია, რადგან შენობის კედლები ან სხვა ბუნებრივი წინაღობები, მათთვის შემაჩერებელ ფაქტორს არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, რადიაციაზე საუბრის დროს, ადამიანთა უმრავლესობას ეუფლება შიშის გრძნობა, იგივე რადიოფობია.
რადიაციის წყარო ორგანიზმში შესაძლოა მოხვდეს საკვებით, წყლით, ჩასუნთქვით, დასხივებით. მცირე ხნით რადიაციის წყარო თავად ადამიანიც შეიძლება გახდეს, თუ ის საკმარისი დროით იმყოფებოდა რადიცაიული დაბინძურების ზონაში, ან მის ორგანიზმში შეყვანილია რადიოაქტიური პრეპარატები. ადამიანის ორგანიზმზე მიყენებული რადიაციული გამოსხივება იზომება ზივერტებში. უსაფრთხოდ ითვლება რადიაციული დასხივება დაახლოებით 0.5 მიკროზივერტი, ანუ 50 მიკრორენტგენი საათში.
რაზეა დამოკიდებული რადიაციის შედეგად ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზარალი?
- რადიაციული გამოსხივების ტიპზე;
- დასხივების მასშტაბებზე, მექანიზმზე და ხანგრძლივობაზე;
- დასხივებული ქსოვილის და ორგანოს მგრძნობელობაზე;
- რადიოაქტიური იზოტოპების ტიპზე;
- დასხივებული ორგანიზმის ასაკზე და მიმდინარე თანმხლებ დაავადებებზე;
რა შეიძლება გამოიწვიოს რადიაციის დიდი დოზით მიღებამ?
- ორგანოთა და ქსოვილთა დაზიანება და მათი ფუნქციის მოშლა;
- გულისრევა და თავბრუსხვევა;
- კანის დაზიანება, შეწითლება, დამწვრობა;
- თმის ცვენა;
- ონკოლოგიური დაავადებები;
- სიცოცხლის მოსპობა, თუ დასხივება საკმაოდ ძლიერია;
როგორ დავიცვათ თავი, თუ რადიოაქტიური დაბინძურების ზონაში მოვხვდით?
- მოერიდეთ გარეთ გასვლას ან ფანჯარასთან ყოფნას;
- ფანჯრები და კარები სრულყოფილად უნდა იყოს დახურული;
- ოთახის სავენტილაციო სისტემა უნდა იყოს გათიშული;
- აუცილებლად უნდა მიჰყვეთ ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის მითითებებს, რაც ასეთ დროს გაიცემა;
რა რაოდენობის რენტგენის და ტომოგრაფიის გადაღებაა დასაშვები ზედიზედ?
- დასაშვებია იმ რაოდენობით, რამდენსაც ექიმი მოითხოვს, რადგან თითეული კვლევის დანიშვნამდე, ხდება პაციენტის პირადი ისტორიის გადახედვა. კვალიფიციური ექიმი ითვალისწინებს მიღებული ჯამური დასხივების რაოდენობას, პაციენტის მდგომარეობას და შემდეგ ნიშნავს ახალ კვლევას;
- ნორმად მიიჩნევა წელიწადში არაუმეტეს 2 - 3 რენტგენოგრაფია ან ტომოგრაფია;