ნეიროპლასტიურობა
2024-01-28ადამიანის ტვინი დაახლოებით ასი მილიარდი ნეირონისგან შედგება. ნეირონები, რომლებიც ერთმანეთთან ხშირად ამყარებენ კავშირს (ერთმანეთის მეზობლებს წარმოადგენენ), გამოირჩევიან საინტერესო თვისებით, მათ კვალინდებურად უნდებათ ერთმანეთთან კონტაქტი, მით უფრო მეტად, რაც უფრო ხშირია მათი ურთიერთკავშირი. ნეიროპლასტიურობა არის ტვინის მნიშვნელოვანი თვისება, რომლის დახმარებითაც ფორმირდება ახალი ნეირონული კავშირები, ან განმტკიცდება, განახლდება, შეიცვლება, უკვე არსებული სინაფსური კონტაქტები. ეს პროცესი ერთჯერადი არ არის და ყოველი ახალი გამოცდილების მიღებისთანავე მეორდება.
რაც უფრო ხშირია ცალკეული ნეირონების და ნეირონთა ჯგუფების ურთიერთკავშირი, მით უფრო ეჩვევა ორგანიზმი მათი კონტაქტის შედეგად ფორმირებული ბრძანებების შესრულებას. იმ შემთხვევაში, თუ ხშირად არ ვიყენებთ კონკრეტულ უნარს, რომელიც კონკრეტული ნეირონების სინაფსური კონტაქტების შედეგად განვავითარეთ, მით მეტია შანსი, რომ აღნიშნული უნარი დავიწყებას მიეცეს, რადგან მასზე პასუხისმგებელი ნეირონული კავშირები სუსტდება. ნეიროპლასტიურობას აქვს ძალა, რადიკალურად შეცვალოს ნეირონული კავშირები, ტვინისთვის ახალი (უცხო) ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე. მისი დახმარებით, პრაქტიკულად ნებისმიერი უნარის შეძენა-განმტკიცებაა შესაძლებელი, თუ ამ უნარის განვითარებისთვის საჭირო ტრენინგს მივმართავთ.
რაზეა დამოკიდებული ნეიროპლასტიურობა?
- ტვინის სისხლის მიმოქცევის და სისხლძარღვების ჯანმრთელობის ხარისხზე. რაც უფრო აქტიურია სისხლის მიწოდება, მით ეფექტურად მუშაობს ტვინი;
- ასაკზე. ახალგაზრდებებში ნეიროპლასტიურობა უფრო მაღალ დონეზეა გამოხატული ვიდრე მოხუცებში;
- სწავლება-ტრენინგზე. რაც უფრო ინტენსიური და მეთოდურია ტრენინგი, მით მეტია ახალი უნარის ათვისების შანსი;
- სრულყოფილ გამოძინებაზე. ძილი აუცილებელია ტვინის ეფექტური მუშაობის და ნეიროპლასტიურობის ხარისხის გასაზრდელად;
ნეიროპლასტიურობა იყოფა ორ ტიპად, ფუნქციონალურ და სტრუქტურულ ტიპებად. სტრუქტურული ნეიროპლასტიურობა ტვინს აძლევს შესაძლებლობას შეცვალოს არსებული ნეირონული კავშირები ან წარმოქმნას ახალი, მიღებული გამოცდილების და ტრენინგის საფუძველზე. ფუნქციონალური ნეიროპლასტიურობის შედეგად, კონკრეტულ ფუნქიებზე პასუხისმგებელი ნეირონული ბმები, ტვინის ერთი უბნიდან შესაძლოა მეორეში ტრანსფორმირდეს, მაგალითად ტვინის რომელიმე უბანი დაზიანდა და ამ უბნისთვის დამახასიათებელი ფუნქციები სხვა ჯანმრთელმა უბანმა შეითავსა.