დალტონიზმი

 2024-02-23 ოფთალმოლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

დალტონიზმი (ფერთა სიბრმავე) არის თანდაყოლილი ან შეძენილი მხედველობის დარღვევა. ხასიათდება თვალის მიერ ფერების არასრულყოფილი აღქმით. ადამიანები, რომლებთაც აღნიშნული პრობლემა აწუხებთ, ერთმანეთისგან ვერ არჩევენ ერთ ან რამდენინე ძირითად ფერს. დალტონიზმის მქონე პირებისთვის, მეტწილად დამახასიათებელია მწვანე და წითელი ფერების გარჩევის შეუძლებლობა. თანამედროვე მედიცინაში დალტონიზმი განუკურნებელი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება.

რა იწვევს დალტონიზმს?

დალტონიზმის გამომწვევი მიზეზია ფერთა აღქმის რეცეპტორების არასრულფასოვანი ფუნქციობა. ადამიანის თვალის ბადურაში წარმოდგენილია ფერების აღქმის რეცეპტორები (კოლბები), რომლებიც სამი ძირითადი ფერისადმი მგრძნობიარე პიგმენტებს შეიცავს, კერძოდ: წითელს, მწვანეს, ლურჯს. მათი კომბინაციით მიიღება მდიდარი ფერთა პალიტრა. სრულფასოვანი ფერადი მხედველობის მქონე პირებს (ტრიქრომატებს), სამივე ძირითადი პიგმენტის შემცველი კოლბები აქვთ წარმოდგენილი, ხოლო დალტონიზმის მქონე პირებში, რომელიმე პიგმენტი ან სრულად არ არსებობს, ან სუსტად არის წარმოდგენილი, ან უფუნქციოა.

ზემოთ აღნიშნული სამი ტიპის კოლბიდან, თუ რომელიმე იცვლის თავის ბუნებრივ მდგომარეობას, ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი, ადამიანს უძნელდება ფერების სრულყოფილად აღქმა, ან საერთოდ ვერ ანსხვავებს ზოგიერთ მათგანს. უშუალოდ კოლბების დისფუნქციას გენების ანომალია (X ქრომოსომას დაზიანება) იწვევს. დალტონიზმის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა მხედველობის აპარატის შემდგომი დაზიანება გახდეს, რაც მის შეძენილ ფორმაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ მამაკაცებში დალტონიზმის შემთხვევები ბევრად უფრო ხშირია ვიდრე ქალბატონებში.

როგორ ხდება დალტონიზმის დიაგნოსტირება?

დალტონიზმის დიაგნოსტირების კლასიკური მეთოდია სპეციალური ფერთა წრეების და რაბკინის ცხრილის გამოყენება. ტესტის დროს პაციენტს სთხოვენ წრეში ჩაწერილი ციფრების დასახელებას. თუ პიროვნება ვერ ასახელებს ან გაძნელებული აქვს წრეში ჩახატული ციფრის დასახელება, სახეზეა ფერების გარჩევის პრობლემა. ბავშვების შემთხვევაში, რომლებთაც ჯერ კიდეც არ შეუძლიათ ფერების დასახელება, გამოიყენება ხანგრძლივი დაკვირვების მეთოდი, კერძოდ, დალტონიზმის მქონე პატარები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ღია ფერის სათამაშოებს.

რა ტიპის დალტონიზმი არსებობს?

  • მონოქრომაზია - თვალი აღიქვავს მხოლოდ ერთ ძირითად ფერს, წითელს, მწვანეს ან ლურჯს;
  • დიქრომაზია - თვალი აღიქვავს ორ ძირითად ფერს, ხოლო მესამე არასრულფასოვნად ფორმირდება არსებული ორის კომბინაციით;
  • პროტანოპია - დიქრომაზიის ქვესახეობა, რომელიც ხასიათდება წითელი ფერის აღქმის უუნარობით;
  • დეიტერანოპია - დიქრომაზიის ქვესახეობა, რომელიც ხასიათდება მწვანე ფერის აღქმის უუნარობით;
  • ტრიტანოპია - დიქრომაზიის ქვესახეობა, რომელიც ხასიათდება ლურჯი ფერის აღქმის უუნარობით;