ლეიშმანიოზი
2024-04-16ლეიშმანიოზი ზოონოზური ტიპის პარაზიტული ინფექციაა, რომლის გამომწვევია Leishmania გვარის ოცამდე სახეობის მარტივი პარაზიტი. დადგენილია ამ პარაზიტთა გადამტანი 90-მდე სახეობის მოსკიტები (მცირე ზომის მწერი, რომელიც იკვებება სისხლით). აღნიშნული ინფექციის სამი ძირითადი ფრომა არსებობს: ვისცერული ლეიშმანიოზი, კანის ლეიშმანიოზი, ლორწოვანი გარსის ლეიშმანიოზი.
გავრცელება
ინფექცია გადაეცემა Leishmania პარაზიტის მატარებელი მდედრი მოსკიტების კბენის შედეგად. დაავადება ვრცელდება, როგორც ადამიანებზე ასევე ცხოველებზე, გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. დაავადების გავრცელება მჭიდრო კავშირშია არასრულფასოვან კვებასთან და სიღარიბესთან, რადგან ლეიშმანიოზის შემთხვევათა უმეტესობა ფიქსირდება ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას არ აქვს შექმნილი ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები.
ვისცერული ლეიშმანიოზი
ლეიშმანიოზის ამ ფორმისთვის დამახასიათებელია ცხელება, წონის კლება, ღვიძლის და ელენთის გადიდება, ლეიკოპენია, ანემია. დაავადების მკურნალობის გარეშე დატოვება 95%-ში სრულდება ფატალური შედეგით.
კანის ლეიშმანიოზი
ეს ლეიშმანიოზის ყველზე გავრცელებული ფორმაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სხეულის ღია ადგილებში კანის საფარის დაზიანება წყლულებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კანის ლეიშმანიოზის 95% ფიქსირდება ამერიკის კონტინენტზე, ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთში და შუა აზიაში.
ლორწოვანი გარსის ლეიშმანიოზი
ლეიშმანიოზის ამ ფორმისთვის დამახასიათებელია ცხვირის, პირის, საყლაპავის ლორწოვანი გარსის ნაწილობრივი ან სრული დაზიანება. ლეიშმანიოზის აღნიშნული ფორმა მეტწილად გავრცელებულია ბოლივიაში, ბრაზილიაში, ეთიოპიასა და პერუში.
დიაგნოსტირება და მკურნალობა
დიაგნოსტირების პროცესი მოიცავს, როგორც კლინიკურ ნიშნებზე დაკვირვებას, ასევე სეროლოგიურ და პარაზიტოლოგიურ კვლევას ექსპრეს ტესტირებით. მკურნალობის პროცესი დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე, კერძოდ, მიმდინარეობის კლინიკურ ფორმაზე, თანმხლებ პათოლოგიებზე და უშუალოდ გამომწვევი პარაზიტის სახეობაზე. ინფექცია განკურნებადია, ხოლო მკურნალობის ეფექტიანობა დამოკიდებულია იმუნური სისტემის მდგომარეობაზე, დროულ დიაგნოსტიკაზე და სწორი მედიკამენტური კურსის მიღებაზე.