სისხლის შემადგენელი უჯრედები

 2024-02-13 ჰემატოლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

image სისხლი ორგანიზმის შიგნით არსებულ მოძრავ შემაერთებელ ქსოვილს წარმოადგენს. ხერხემლიანების სისხლი წითელი ფერისაა, არტერიული (ჟანგბადით გამდიდრებული) ღია წითელი, ხოლო ვენური (ნახშიროჟანგით გაჯერებული) მუქი წითელი ფერის. ზრდასრული ადამიანის სისხლის რაოდენობა 4 დან 5 ლიტრამდეა. სისხლი შედგება პლაზმისგან, ერთითროციტებისგან, ლეიკოციტებისგან და თრომბოციტებისგან. აღნიშნული უჯრედები ნაჩვენებია სურათზე, შემდეგი თანმიმდევრობით: მარცხნივ - ერითროციტი, მარჯვნივ - ლეიკოციტი, ცენტრში - თრომბოციტი. სისხლის მიმოქცევის სრული წრე იყოფა ორ ნაწილად, მცირე და დიდ წრეებად. მცირე წრეს წარმოადგენს სისხლის მიმოქცევა ფილტვებსა და გულს შორის, ხოლო დიდ წრეს, სისხლის მიმოქცევა გულს და მთელს ორგანიზმს შორის. სრულ წრეზე მის გადასატუმბად გულს სჭირდება 20-30 წამი.

პლაზმა

პლაზმა - მოყვითალო-მოთეთრო ფერის სითხე, რომლის დიდი ნაწილი წყალია. პლაზმა სისხლის დაახლოებით 60% იკავებს, მონაწილეობს უჯრედისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებაში. წყალთან ერთად შეიცავს ცილას, სხვადახვა ტიპის ორგანულ და მინერალურ ნივთიერებებს. პლაზმის ძირითად ცილას წარმოადგენს ალბუმინი, ასევე გხვდება სხვა ცილებიც, მაგალითად იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებული იმუნოგლობულინები, ანუ ანტისხეულები, რომლებიც წარმოიქმნება ინფექციური აგენტის ორგანიზმში შეჭრის შემდგომ. პლაზმის სისხლძარღვებში მოძრაობა აუცილებელია წნევის შესანარჩუნებლად და სისხლძარღვის სანათურის დახშობის თავიდან ასაცილებლად. პლაზმის დონაციას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სისხლის გადასხმის პროცესში, ასევე მედიკამენტების წარმოებაში.

ერითროციტები

ერითროციტები - სისხლის წითელი უჯრედები, რომელთაც გადააქვთ ჟანგბადი ფილტვებიდან მთელს ორგანიზმში და უკუმიმართულებით გამოაქვთ ნახშიროჟანგი, რაშიც მათ ჰემოგლობინი ეხმარება. წარმოადგენენ საკმაოდ პლასტიურ უჯრედებს და სწორედ ამ თვისების დახმარებით, უპრობლემოდ გადაადგილდებიან ვიწრო კაპილარებში. ერითროციტები მწიფდებიან ძვლის ტვინში, დაახლოებით 7-8 დღის შუალედში. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 120 დღემდეა.

სისხლის უჯრედების ყველაზე დიდ ჯგუფს ერითროციტები წარმოადგენენ. ერთ მიკროლიტრ სისხლში (0.001 მილილიტრი), 4 დან 6 მილიონამდე ერითროციტია. ამ უჯრედების ფუნქციობის შეფასებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ჰემატოკრიტის, ანუ მათი პროცენტული შეფარდების განსაზღრა სისხლის მთლიან მოცულობასთან მიმართებაში. თუ სისხლში ერითროციტების რაოდენობა მცირეა, ან მათში არსებული ჰემოგლობინის მოლეკულები არასაკმარისია (რის გამოც ერითროციტები სათანადოდ ვერ ასრულებენ თავიანთ დანიშნულებას), შესაძლოა განვითარდეს ანემია.

ლეიკოციტები

ლეიკოციტები - სისხლის თეთრი უჯრედები, მათი ძირითადი დანიშნულებაა ორგანიზმის თავდაცვა სხვადასხვა ტიპის ინფექციებისგან. ლეიკოციტები მონაწილეობენ ფაგოციტოზის პროცესში, იყოფიან სპეციალიზებულ ქვეჯგუფებად, ესენია: ნეიტროფილები, ეოზონოფილები, ბაზოფილები, მონოციტები, მაკროფაგები, ლიმფოციტები. ლეიკოციტები წარმოიქმნებიან ძვლის ტვინში. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა რამოდენიმე საათს ან დღეს შეადგენს.

ლეიკოციტების დახმარებით ფორმირდება იმუნური სისტემა. ამ უჯრედებს აქვთ უნარი ამოიცნონ ორგანიზმში შეჭრილი უცხო აგენტი (ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები) და დაიწყონ მათ წინააღმდეგ ბრძოლა. როდესაც ორგანიზმში ინფექციური პროცესები მიმდინარეობს, ლეიკოციტების რაოდენობა იმატებს, რაც ინფექციაზე იმუნური პასუხის შედეგია. ასეთ დროს, თავდაცვითი სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს და რთავს ფაგოციტოზის (მიკროორგანიზმების შთანთქვის და მონელების) პროცესს. ლეიკოციტების თითეული ქვეჯგუფი (ლიმფოციტები, მონოციტები, ნეიტროფილები, მაკროფაგები) ერთდროულად იბრძვიან ინფექციების დასამარცხებლად ისე, რომ ავსებენ ერთმანეთს საერთო საქმის გასაკეთებლად. როდესაც სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა მცირდება, ორგანიზმის იმუნური პასუხი სუსტდება.

თრომბოციტები

თრომბოციტები - უბირთვო, უფერული ფირფიტები, რომელიც მონაწილეობას იღებენ სისხლის შედედების პროცესში. სისხლძარღვის კედლის დაზიანების შემთხვევაში, თრომბოციტები დაზიანებულ უბნებს ამოეკრობიან და იცავენ ორგანიზმს სისხლის მასიურად დაკარგვისგან. თრომბოციტები, ისევე როგორც სიხლის სხვა უჯრედები, წარმოიქმნებიან ძვლის ტვინში. თრომბოციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით ერთ კვირას მოიცავს.

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება იწვევს სიხლდენას ცხვირიდან, ღრძილებიდან, ასევე სისხლჩაქცევებს კანზე. აღნიშნული უჯრედების შემცირება სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, დაწყებული ალკოჰილის გადაჭარბებული რაოდენობით და ნარკოტიკების მიღებით, დასრულებული ძვლის ტვინის პრობლემებით, ონკოლოგიური დაავადებებით და ქიმიოთერაპიის კურსით. თრომბოციტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს კიდეც, რაც თავის მხრივ ზრდის სისხლძარღვების დახშობის (თრომბოზის) რისკს-ფაქტორს.

მდგომარეობები, რომლებიც ხასიათდება სისხლის უჯრედების მომატებით და შემცირებით:

  • ლეიკოციტოპენია - ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;
  • ლეიკოციტოზი - ლეიკოციტების რაოდენობის მომატება;
  • თრომბოციტოპენია - თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
  • თრომბოციტოზი - თრომბოციტების რაოდენობის მომატება;
  • ერითროციტოპენია - ერითროციტების რაოდენობის შემცირება;
  • ერითროციტოზი - ერითროციტების რაოდენობის მომატება;