კითხვები შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებით
2024-01-22 ენდოკრინოლოგია ანდრო გაფრინდაშვილი-
შაქრიანი დიაბეტი გადამდებია?რათქმაუნდა არა! შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანთან კონტაქტით (არც საყოფაცხოვრებო, არც ჰაერ-წვეთოვანი, არც სქესობრივი და სხვა) დაავადება არ გადაეცემა. გასათვალისწინებელია, რომ თუ თქვენს ოჯახის წევრს, ან ახლო ნათესავს, დაუდგინდა შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი, მაშინ თქვენთვის დაავადების განვითარების რისკი იმატებს, რადგან დიაბეტის განვითარება დაკავშირებულია გენეტიკურ ფაქტორებთან.
-
დიაბეტის რა ტიპებს განასხვავებენ?არსებობს სამი ტიპის შაქრიანი დიაბეტი: ტიპი 1 - ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2 - არაინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 3 - გესტაციური, ანუ ორსულთა შაქრიანი დიაბეტი. პირველი ტიპის დიაბეტის დროს, პანკრეასი საერთოდ ვერ გამოიმუშავებს ინსულინს, ხოლო მეორე ტიპის შემთხვევაში, გამომუშავებული ინსულინის რაოდენობა არასაკმარისია, ან უჯრედის შესაბამისი რეცეპტორები არ რეაგირებენ ინსულინის ჰორმონზე სათანადოდ.
-
რა დროს ვითარდება დიაბეტი?შაქრიანი დიაბეტი ვითარდება იმ შემთხვევებში, თუ ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ინსულინს. დიაბეტი ასევე ვითარდება ინსულინის არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნის დროს, ან იმ შემთხვევაში, როდესაც სათანადოდ არ ხდება უჯრედის მიერ აღნიშნული ჰორმონის გამოყენება, შედეგად გლუკოზა ვერ აღწევს უჯრედში, რის გამოც სისხლში მომატებულია შაქრის (გლუკოზის) დონე.
-
რა არის პრედიაბეტი?პრედიაბეტი არის მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების მომატებულ რისკებზე მიგვითითებდეს. პრედიაბეტის დროს სისხლში შაქრის რაოდენობა ნორმაზე მაღალია, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაისვას.
-
რა იწვევს შაქრიან დიაბეტს?დიაბეტი ტიპი 1-ის დროს, იმუნური სისტემა შეცდომით აზიანებს პანკრიასში ინსულინის წარმომქნელ უჯრედებს. დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარება დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორებზე, არაჯანსაღ ცხოვრების წესზე, სიმსუქნეზე, ასაკზე და სხვა. გესტაციური დიაბეტი ვითარდება ორსულობის დროს.
-
შესაძლებელია დიაბეტის განკურნება?დღეისათვის შაქრიანი დიაბეტის სრულად განკურნება შესაძლებელი არ არის. ეს გახლავთ ქრონიკულად მიმდინარე დაავადება, რომელსაც სჭირდება შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა და სპეციალური კვების რეჟიმი. მედიკამენტების ნუსხას და შესაბამისი კვების რეჟიმს, ადგენს კვალიფიციური ექიმი-ენდოკრინოლოგი.
-
რა სიმპტომები აქვს დიაბეტს?შაქრიანი დიაბეტი მრავალფეროვანი სიმპტომებით ვლინდება. უმეტესწილად დიაბეტის დროს აღინიშნება გაძლიერებული შიმშილის და წყურვილის გრძნობა, ხშირი შარდვა, უმიზეზო წონაში მატება, მხედველობის გაუარესება, ჭრილობების და წყლულების გვიან შეხორცება, დაღლილობა, ხელების და ფეხების პარესთეზია (დაბუჟება, ჩხვლეტა), ინფექციების ხშირი რეციდივი.
-
რას აზიანებს დიაბეტი?თუ სისხლში შაქრის რაოდენობა არ კონტროლდება, დიაბეტი პირველ რიგში აზიანებს სისხლძარღვებს, მასში მომატებული შაქრის გამო. დიაბეტმა შესაძლოა გამოიწვიოს თვალების, გულის და თირკმელების დაავადებები, კერძოდ, მხედველობის დაქვეითება, სიბრმავე, კბილების ცვენა, ღრძილების დაავადება, თირკმლის უკმარისობა, გულის პრობლემები, სისხლძარღვების და ნერვული სისტემის დაზიანება, რამაც შესაძლოა თითების ან მთლიანი კიდურების დაკარგვაც გამოიწვიოს.
-
რა უფრო მნიშვნელოვანია წონაში კლება თუ ტკბილზე უარის თქმა?უნდა ითქვას, რომ შაქრიანი დიაბეტის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია, როგორც წონაში კლება, ასევე სპეციალური კვების რეჟიმი, რომელიც გამორიცხავს გადაჭარბებული რაოდენობით ნახშირწყლების მიღებას და ტკბილეულის შეზღუდვას. აუცილებელია მომატებული შაქრის დონის რეგულირება, რათა სისხლში გლუკოზის მაღალი კონცენტრაცია ხანგრძლივი დროით არ იქნას შენარჩუნებული.
ძვირფასო მომხმარებლებო!
არ მიმართოთ თვითდიაგნოსტირებას და თვითმკურნალობას, ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, რამდენად სანდოც არ უნდა იყოს იგი.მხოლოდ კვალიფიციურ ექიმს აქვს უფლება დასვას დიაგნოზი და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს მკურნალობის კურსი, თქვენი სამედიცინო კვლევების საფუძველზე.
არ მიიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად! მხოლოდ ექიმს შეუძლია შეარჩიოს სწორი ანტიბიოტიკური მკურნალობა, თქვენი ანალიზების გათვალისწინებით.
ნუ მიიღებთ მედიკამენტებს ახლობლების და მეგობრების რჩევით! ენდეთ შესაბამისი დარგის გამოცდილ და კვალიფიციურ ექიმს, რომელიც იზრუნებს თქვენს ჯანმრთელობაზე.
არ შეგაშინოთ ინტერნეტში მოძიებულმა სამედიცინო ინფორმაციამ, რომელიც ხანდახან მძიმე დაავადებებსაც ეხება. ჩივილების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.