სათვალის ოპტიკური მახასიათებლები
2024-01-20ქვემოთ წარმოდგენილია სათვალის ოფთალმოლოგიური მახასიათებლები, მისი შესაბამისი მნიშვნელობები და განმარტებები.
SPH | CYL | AX | |
---|---|---|---|
OD | - 2.00 | - 1.50 | 90 |
OS | - 1.00 | - 1.50 | 90 |
Oculus - თვალი
- OD (oculus dexter) - მარჯვენა თვალი;
- OS (oculus sinister) - მარცხენა თვალი;
OD და OS აბრევიატურის ნაცვლად, შესაძლოა გამოყენებული იქნას ლათინური სიმბოლოები: L - მარცხენა თვალი, R - მარჯვენა თვალი. იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოყენებული იყოს აბრევიატურა OU (oculus uterque), რაც ერთდროულად ორივე თვალს მიუთითებს.
SPH - სფერო
სფერო მიუთითებს სათვალის ოპტიკურ სიმძლავრეზე და იზომება დიოპტრიებში. რაც უფრო დაშორებულია ამ პარამეტრის მაჩვენებელი ნულოვანს, მით მეტია მხედველობის პრობლემა. სფეროს მინიმალური მნიშვნელობა არის 0, ხოლო მაქსიმალური -20 / +20.
- - (მინუსი) ახლომხედველთათვის;
- + (პლიუსი) შორსმხედველთათვის;
CYL - ცილინდრი
ცილინდრული სათვალე ინიშნება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ასტიგმატიზმი. ეს პარამეტრი მიუთითებს სათვალის ცილინდრის სიმძლავრეზე, რაც უფრო დაშორებულია მისი მაჩვენებელი ნულოვანს, მით მეტია ასტიგმატიზმის ხარისხი. ცილინდრის მინიმალური მნიშვნელობა არის 0, ხოლო მაქსიმალური -6 / +6
- - (მინუსი) მიოპიური ასტიგმატიზმისთვის;
- + (პლიუსი) ჰიპერმეტროპიული ასტიგმატიზმისთვის;
AX - ღერძი
ღეძი (axis) მიუთითებს ცილინდრის ღერძის პოზიციაზე და ინიშნება ცილინდრულ სათვალესთან ერთად, ესეიგი ასტიგმატიზმის შემთხვევებში. იზომება გრადუსებში. მისი მაჩვენებელი მოძრაობს 0-დან 180 გრადუსამდე დიაპაზონში.
PR - პრიზმა
პრიზმული ტიპის სათვალე ინიშნება იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს დარღვეული აქვს ბინოკულარული მხედველობა.
DP - დაშორება თვალის გუგების ცენტრებს შორის
ეს პარამეტრი მიუთითებს თვალის გუგების ცენტრებს შორის არსებულ ჰორიზონტალურ მანძილზე. იზომება მილიმეტრებში და მიეთითება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ხდება რთული დიზაინის მქონე ლინზის დამზადება.