ცისტიტი

 2023-11-24 უროლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

ცისტიტი შარდ-სასქესო სისტემის გავრცელებული დაავადებაა. ცისტიტის დროს, მიმდინარეობს ანთებითი პროცესი, შარდის ბუშტის ლორწოვან გარსზე. დაავადება შესაძლოა განუვითარდეს ორივე სქესს, ნებისმიერ ასაკში. უფრო მოწყვლად ჯგუფს მდედრობითი სქესი წარმოადგენს, ეს მათი შარდსასქესო ორგანოთა ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარეობს. მამაკაცებში ცისტიტი შედარებით იშვიათია, მათთან ეს პრობლემა უმეტესად პროსტატის, სათესლე ჯირკვლებსა და ურეთრაში (საშარდე მილში) მიმდინარე ანთებითი ხასიათის პროცესებთანაა დაკავშირებული.

ცისტიტის გამომწვევია ბაქტერიული ინფექცია, რაშიც უმეტესწილად დამნაშავეა ნაწლავის ჩხირი (ეშერიხია კოლი - E.coli), ხოლო უფრო ნაკლებ შემთხვევებში, შარდის ბუშტის ანთების საფუძველს სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკული ინფექციები წარმოადგენს. მდედრობითი სქესის მოწყვლადობა ცისტიტის მიმართ გამოწვეულია მოკლე საშარდე მილის და მისი საშოსა და სწორ ნაწლავთან სიახლოვის შედეგად. ნაწლავის ჩხირი შესაძლოა მარტივად აღმოჩნდეს საშარდე მილში, არასწორი ჰიგიენის გამო.

ცისტიტის გამომწვევი ნაწლავის ჩხირი გრამ-უარყოფითი ბაქტერიაა, რომელიც ჩვეულებრივ ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავებში გვხვდება. ნაწლავში მისი არსებობა ორგანიზმს საფრთხეს არ უქმნის, პირიქით აუცილებელია, მაგრამ თუ ეს ბაქტერია ბუნებრივი საცხოვრისიდან აღმოჩნდება ახალ გარემოში (ამ შემთხვევაში საუბარია საშარდე მილზე), მაშინ მისმა ზოგიერთმა შტამმა შესაძლოა ინფექცია გამოიწვიოს.

რა სიმპტომები ახასიათებს?

  • ცისტიტი შესაძლოა იყოს მწვავე ან ქრონიკული ფორმის. ორივე ფორმას ახასიათებს გაძნელებული და მტკივნეული შარდვა;
  • პაციენტი უჩივის დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას მოშარდვის შემდეგ;
  • შარდი არის მღვრიე, რაც გამოწვეულია მასში არსებული დიდი ოდენობის ბაქტერიებით, ეპითელიუმის უჯრედებით და ლეიკოციტებით, რაც თავის მხრივ ანთებითი პროცესის შედეგია;
  • ქრონიკული ცისტიტის ძირითადი სიმპტომია ხშირი შარდა, ასევე ტკივილი მოშარდვის წინ ან მის შემდგომ.
  • ცისტიტი ხასითადება შარდის ბუშტის ზომიერი ტკივილით, რომელიც შეიძლება გამძაფრდეს ხელით გასინჯვისას;
  • ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება და შემცივნება, რაც მიუთითებს პიელონეფრიტზე (ანთებითი პროცესის თირკმელში გავრცელებაზე);
  • ქრონიკული ცისტიტი ასევე ხასიათდება შარდის ბუშტის სტრუქტურული ცვლილებების განვითარებით. დაავადებას ახასიათებს განმეორება (რეციდივი), რაც ბაქტერიებით გამოწვეულ ინფექციასთან ბრძოლის სირთულეზე მიუთითებს;

როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

  • ხორციელდება შარდსადენი მილის, შარდის ბუშტისა და თირკმლის ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტირება ცისტოსკოპით;
  • ხორციელდება შარდის ბაქტერიული კვლევა (შარდის დათესვა, რათა მოხდეს სწორი ანტიბიოტიკური მკურნალობის შერჩევა);
  • საჭიროა შარდის საერთო ანალიზი;

როგორ ხდება მკურნალობა?

  • აუცილებელია დიეტის დაცვა. საკვები რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე პროდუქტები და გაზიანი სასმელები;
  • მნიშვნელოვანია ცხელი აბაზანის მიღება, თბილად ჩაცმა, დღის განმავლობაში 2 – 3 ლიტრი სითხის მიღება, უმეტესად წყლის;
  • ექიმის მიერ ინიშნება ანტიბაქტერიული მკურნალობის კურსი, საჭიროების შემთხვევაში პროცესში შეიძლება ჩაერთოს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები;

რა რჩევები შეიძლება გავითვალიწინოთ?

  • ქალბატონებმა რეგულარულად უნდა მიმართონ გინეკოლოგს, რომ ყურადღება მიექცეს სასქესო ორგანოთა ინფექციებს;
  • მწვავე ცისტიტი ხშირად ვითარდება გაციების შედეგად, ამიტომ ცივ ამინდში უნდა ჩაიცვათ თბილი ტანსაცმელი, განსაკუთრებით თბილი ფეხსაცმელი;
  • არ მიმართოთ თვითმკურნალობას. აუცილებელია კონსულტაცია კვალიფიციურ ექიმთან, რომ არ მოხდეს ინფექციის აღმავალი გზით გავრცელება თირკმელების მიმართულებით;
  • ყურადღება მიაქციეთ სქესობრივ ჰიგიენას. საჭიროებისამებრ გამოიყენეთ პრეზერვატივი, სქესობრივი აქტის შემდეგ მოშარდვა ხელს უწყობს საშარდე გზებში მოხვედრილი ბაქტერიების გარეთ გამოდევნას;
  • ცისტიტის დიაგნოსტირების შემთხვევაში სასურველია, როგორც მამაკაცებმა ასევე ქალებმა, ჩაიტარონ შემოწმება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე;