არასასურველი ორსულობა და აბორტი
2024-04-04ყურადღება!
ამ ინფორმაციის მიზანი არ არის არასასურველი ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტის მხარდაჭერა და არც იმ ადამიანების დისკრიმინაცია ან ღირსების აყრა, რომლებთაც მოუხდათ ორსულობის აბორტით დასრულება.
გათვალისწინებულია აღნიშნული საკითხის მიმართ არაერთგვაროვანი შეფასების სირთულე, ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, ასევე გათვალისწინებულია საკითხის რელიგიური სენსიტიურობა.
ნებისმიერი ადამიანი, როგორც მომავალი დედა, ასევე ბავშვი იმსახურებს სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებას, ამასთანავე ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე თუ ვისმჯელებთ, თითეული ახალშობილის დაბადება წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის გაძლიერებისთვის.
აბორტი არამარტო სიკვდილია უკვე ჩასახული სიცოცხლისთვის, არამედ წარმოადგენს სერიოზულ ფიზიკურ და მორალურ სტრესს დედისთვის, რომელიც ღრმა ფსიქოლოგიურ პრობელმადაც შეიძლება გადაიქცეს.
ნებისმიერი ახლად ჩასახული სიცოცხლე მართლაც საოცრებაა და იმსახურებს არსებობის უფლებას, ამიტომ არასასურველი ორსულობის დადგომა თავიდანვე უნდა გამოირიცხოს ძალიან მარტივი გზით, კერძოდ, კონტრაცეფტივების გამოყენებით.
არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების, ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან თავდაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა პრეზერვატივების გამოყენება.
ფაქტები:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 10 არასასურველი ორსულობიდან 6 მთავრდება ხელოვნური აბორტით;
- არაკვალიფიციური პერსონალის მიერ ჩატარებული აბორტების დაახლოებით 45% სახიფათოა, მსგავსი ტიპის აბორტების აბსოლიტური უმრავლესობა განვითარებად ქვეყნებში ფიქსირდება;
- თუ აბორტი არ ტარდება სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ, ამასთანავე არ არის გათვალისწინებული შესაბამისი რეკომენდაციები, შესაძლოა მას მოჰყვეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან სიკვდილი;
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტის (აბორტების) რაოდენობა წელიწადში 73 მილიონამდე შემთხვევას მოიცავს;
- აბორტი შეიძლება განხორციელდეს როგორც ქირურგიული, ასევე მედიკამენტური ჩარევით, ორსულობის შესაბამისი პერიოდიდან გამომდინარე;
- ქალებს, რომლებთაც ხელი არ მიუწვდებათ უსაფრთხო აბორტის პროცედურაზე (გეოგრაფიული, სოციალური ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) ხშირად მიმართავენ სახიფათო სამედიცინო მანიპულაციას;
- არაკვალიფიციური პერსონალის მიერ ჩატარებული აბორტების ნახევარზე მეტი ფიქსირდება აზიის ქვეყნებში, კერძოდ, სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში. იგივე მაჩვენებლები ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნებში დაახლოებით სამი მეოთხედის ტოლია;
- სტიგმა და დისკრიმინაცია, ასევე ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტასთან დაკავშირებული სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის სიძნელეები ზრდის ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების და გარდაცვალების რისკებს;
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2010-2014 წლების მონაცემებით, ყოველწლიურად არაკვალიფიციური სპეციალისტების მიერ ჩატარებული აბორტებიდან დაახლოებით 4.7% - 13.2% დასრულდა ორსულთა გარდაცვალებით;
- ამავე წლების მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში ჩატარებული სახიფათო აბორტით მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო ყოველწლიურად 7 მილიონამდე ქალი გადიოდა მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებებში;
- სახიფათო აბორტის დროს განვითარებულ ყველაზე ხშირ გართულებად დასახელდა არასრულად ჩატარებული აბორტრი, სისხლდენა, ინფექციები, სასქესო და შინაგანი ორგანოების დაზიანება სამედიცინო ხელსაწყოებით;
მედიკამენტოზური აბორტი
არასასურველი ორსულობის შეწყვეტა მედიკამენტური აბორტის გზით მკაცრად განსაზღვრულია დროში და რეკომენდებულია ორსულობის მე-5 მე-6 კვირაში. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ რაც უფრო ადრე მიიღწევა ორსულობის მედიკამენტური გზით შეწყვეტა, მით ნაკლებია მოსალოდნელი გართულებები. მედიკამენტოზური აბორტი საჭიროებს შესაბამის მომზადებას და გარკვეული ანალიზების ჩატარებას, ხოლო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩვენებებზე და უკუჩვენებებზე ხორციელდება ექიმ-გინეკოლოგთან კონსულტაციის დროს.
ქირურგიული აბორტი
მედიკამენტოზური აბორტისგან განსხვავებით, რომელიც ორსულობის ადრეულ პერიოდშია რაეკომენდებული, ქირურგიული ჩარევის გზით ემბრიონის მოშორება ორსულობის შედარებით გვიან ეტაპზე, დაახლოებით 6-12 კვირამდე პერიოდშიც არის შესაძლებელი. მსგავსი ტიპის სამედიცინო პროცედურა უნდა ჩაატაროს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმმა, შესაბამისი აღჭურვილობის მქონე სტაციონარში, რადგან არასწორი ქირურგიული ჩარევა იწვევს ჯანმრთელობის როგორც უმნიშვნელო, ასევე მძიმე დაზიანებას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ნაყოფთან ერთად მშობლის სიკვდილს.
თუ არასასურველი ორსულობის შეწყვეტის სხვა მეთოდები არაეფექტურია, მაშინ მიმართავენ ქირურგიული აბორტის მეთოდს, რომელიც გულისხმობს სამედიცინო ინსტრუმენტების დახმარებით ნაყოფის ერთიანად, ან მისი ფრაგმენტაციის გზით სრულად მოშორებას. თანამედროვე ქირურგიული მიღწევების დახმარებით შესაძლებელია პროცესში სპეციალური სამედიცინო-ტექნიკური მოწყობილობების გამოყენება, რაც ამცირებს სასქესო ორგანოების დაზიანების რისკს და უზრუნველყოფს ემბრიონის ფრაგმენტების სრულად მოშოროებას.
ქირურგიული აბორტის შედეგად განვითარებული ინფექციების ან სხვადასხვა გართულებების რისკი მაღალია, რაც პირდაპირ უკავშირდება როგორც ექიმის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას, ასევე პაციენტის ორგანიზმის ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობას. ოპერაციის შემდგომი გართულებები გამომჟღავნდება სწრაფადვე ან შესამჩნევი გახდება დროის მცირე ინტერვალში.
ინფორმაციისთვის!
ყოველმხრივ უსაფრთხო აბორტის მეთოდი არ არსებობს, რადგან როგორც მედიკამენტოზურ, ასევე ქირურგიულ ჩარევას აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, თუმცა ქირურგიული აბორტის შემთხვევაში რისკ-ფაქტორები იმატებს.
მედიკამენტოზური და ქირურგიული აბორტი ზრდის უშვილობასთან დაკავშირებულ რისკებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საშვილოსნო მნიშვნელოვნად დაზიანდა არაკვალიფიციური ქირურგიული ჩარევის შედეგად, შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მისი ამოკვეთის საკითხი.
აბორტის შემდგომი ორსულობის ჯანსაღობა დამოკიდებულია ჩატარებული პროცედურების სრულფასოვნებაზე, კერძოდ, თუ აბორტი ჩატარებულია გამოცდილი და კვალიფიციური ექიმის მიერ, მაშინ გართულებების რისკი არ არსებობს, ან საკმაოდ უმნიშვნელოა. აბორტის შემდგომ დაორსულება შესაძლებელია რამოდენიმე თვეში, მაგრამ სპეციალისტების რეკომენდაციებს თუ გავითვალისწინებთ, საჭიროა გარკვეული პერიოდით კონტრაცეპტივების გამოყენება.