ნეიტროფილური ლეიკოციტოზი
2023-11-24ნეიტროფილები წარმოადგენენ გრანულოციტური ლეიკოციტების ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს. ისინი ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება. მათი რაოდენობა ზოგიერთი დაავადების ან მდგომარეობის საპასუხოდ შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს კიდეც. ნეიტროფილური ლეიკოციტოზის (ნეიტროფილოზის) დროს სისხლში იმატებს ნეიტროფილების რაოდენობა. ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული და პარაზიტული ინფექციები ამ უჯრედების რაოდენობას ზრდის, რადგან ნეიტროფილები აქტიურად ებრძვიან ორგანიზმში შეჭრილ უცხო აგენტებს, შესაბამისად ინფექციური პროცესების მიმდინარეობისას, მათი რაოდენობრივი ზრდა ორგანიზმის თავდაცვის საჭიროებითაა განპირობებული.
ნეიტროფილური ლეიკოციტოზის რა ტიპებს განარჩევენ?
- ინფექციური პროცესების შედეგად განვითარებული ლეიკოციტოზი;
- ავტოიმუნური დაავადებების დროს განვითარებული ლეიკოციტოზი;
- ანთებითი პროცესებით ან ინტოქსიკაციით გამოწვეული ლეიკოციტოზი;
- მედიკამენტების მიღების შედაგად გამოწვეული ლეიკოციტოზი;
- ძვლის ტვინის დაავადებებით (ლეიკემიით) გამოწვეული ლეიკოციტოზი, რომელზეც ეჭვი შეიძლება მივიტანოთ იმ შემთხვევაში, თუ სისხლში უმწიფარი ნეიტროფილების ზრდა გვაქვს;
სისხლში მწიფე ნეიტროფილების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებული საკითხი, უშუალოდ გამომწვევი დაავადების ან მდგომარეობის მკურნალობის შემდგომ სწრაფადვე მოგვარდება. რაც შეეხება სისხლში მოუმწიფებელი ნეიტროფილების (მიელობლასტების) გადმოდინებას, ეს შესაძლოა ძვლის ტვინის დაავადებაზე, მაგალითად, ლეიკემიაზე მიუთითებდეს, რომლის განკურნების პროგნოზი განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის პროცესზე.
როგორ ხდება ნეიტროფილური ლეიკოციტოზის დიაგნოსტიკა?
ნეიტროფილური ლეიკოციტოზის დიაგნოსტირებისთვის თავდაპირველად საკმარისია სისხლის საერთო ანალიზი. მომდევნო ეტაპზე ინიშნება სხვადასხვა ტიპის ანალიზები, მათ შორის სისხლის მიკროსკოპული კვლევა, რომ დადგინდეს სისხლში ლეიკოციტების ზრდის გამომწვევი მიზეზები.
რამდენად საშიშია ნეიტროფილური ლეიკოციტოზი?
გაითვალისწინეთ, რომ ნეიტროფილური ლეიკოციტოზს და ზოგადად ლეიკოციტოზს, განაპირობებს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის პროცესები, საკმაოდ უმნიშვნელო და საკმაოდ საყურადღებოც. ამ პროცესების დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა უნდა მოახდინოს კვალიფიციურმა ექიმმა, შესაბამისი ანალიზების საფუძველზე.