სისხლის ჯგუფი და რეზუსი
2024-02-24სისხლის ჯგუფი განისაზღვრება ერითროციტების ზედაპირზე არსებული A და B ანტიგენის არსებობის მიხედვით. გარდა ჯგუფის განმსაზღვრელი ანტიგენისა, ზოგჯერ წითელი უჯრედები სპეციფიური ტიპის ცილასაც შეიცავენ, რომელიც Rh ანტიგენის სახელით არის ცნობილი. Rh-ის არსებობა მიუთითებს რეზუს-დადებით სისხლზე, ხოლო არარსებობა რეზუს-უარყოფითზე.
სისხლის ჯგუფის კლასიფიკაციის АВ0 სისტემა და Rh რეზუს-ფაქტორი განსაზღვრავს მის შემდეგ ჯგუფებს:
- O Rh+ (O+) - პირველი დადებითი;
- O Rh- (O-) - პირველი უარყოფითი;
- A Rh+ (A+) - მეორე დადებითი;
- A Rh- (A-) - მეორე უარყოფითი;
- B Rh+ (B+) - მესამე დადებითი;
- B Rh- (B-) - მესამე უარყოფითი;
- AB Rh+ (AB+) - მეოთხე დადებითი;
- AB Rh- (AB-) - მეოთხე უარყოფითი;
A და B ერითროციტების ზედაპირზე არსებული ანტიგენებია, რომლის საფუძველზეც დგინდება სისხლის შესაბამისი ჯგუფი:
- ერითროციტების ზედაპირზე არც A და არც B ანტიგენი არ არის წარმოდგენილი - პირველი ჯგუფის სისხლი (0);
- ერითროციტების ზედაპირზე წარმოდგენილია მხოლოდ A ანტიგენი - მეორე ჯგუფის სისხლი (A);
- ერიტროციტეპის ზედაპირზე წარმოდგენილია მხოლოდ B ანტიგენი - მესამი ჯგუფის სისხლი (B);
- ერითროციტეპის ზედაპირზე წარმოდგენილია A და B ანტიგენი ერთდროულად - მეოთხე ჯგუფის სისხლი (AB);
სისხლის შესაბამისი კვლევის შემდგომ, თუ დგინდება, რომ დონორის სისხლი უსაფრთხოა, მაშინ შესაძლებელია მისი გადასხმა შემდეგი სახით:
- თუ სისხლში წარმოდგენილია A და B ანტიგენი, ანუ საუბარია მეოთხე ჯგუფზე, მაშინ ადამიანი გადაისხავს ნებისმიერი სხვა ჯგუფის სისხლს, რადგან მის სისხლში ორივე ანტიგენი გვხვდება (ამასთანავე ანტისხეულები არ არის წარმოდგენილი არც A და არც B ანტიგენის მიმართ). აღნიშნული კატეგორია უნივერსალურ პაციენტთა რიცხვის მიეკუთვნება;
- თუ სისხლში წარმოდგენილი არ არის A და B ანტიგენი და Rh უარყოფითია, ანუ საუბარია პირველ რეზუს-უარყოფით ჯგუფზე, მაშინ ადამიანი ნებისმიერ სხვა ჯგუფს გადაუსხავს სისხლს, რადგან მის სისხლში არცერთი ანტიგენი არ გვხვდება. აღნიშნული კატეგორია უნივერსალურ დონორთა რიცხვს მიეკუთვნება;
- თუ სისხლში წარმოდგენილია მხოლოდ A ან B ანტიგენი, ანუ საუბარია მეორე და მესამე ჯგუფზე, მაშინ ადამიანი გადაისხავს თავისივე ჯგუფის ან უნივერსალური დონორის სისხლს (პირველი რეზუს-უარყოფითი);
ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს იმ ანტიგენის მიმართ, რომელიც მისი სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე არ გვხვდება. მაგალითად, მეორე ჯგუფის მქონე სისხლში წარმოდგენილია A ანტიგენი, ხოლო პლაზმაში ანტისხეული B ანტიგენის მიმართ.
- O პირველი ჯგუფი - პლაზმაში წარმოდგენილია A და B ანტისხეულები, რადგან ერითროციტი არც A და არც B ანტიგენს არ შეიცავს;
- A მეორე ჯგუფი - A ანტიგენი და ანტისხეული B ანტიგენის მიმართ;
- B მესამე ჯგუფი - B ანტიგენი და ანტისხეული A ანტიგენის მიმართ;
- AB მეოთხე ჯგუფი - პლაზმაში ანტისხეულები არ არის წარმოდგენილი, რადგან ერითროციტი შეიცავს A და B ანტიგენს ერთდროულად;
სისხლის ჯგუფის დადგენა შესაძლებელია სპეციალური აღჭურვილობის მქონე ლაბორატორიაში ან სისხლის ბანკში. კვლევის პროცესში, სისხლის წითელ უჯრედებს სხვადასხვა ანტისხეულების შემცველ ხსნარს ურევენ. მაგალითად, თუ ხსნარში წარმოდგენილია ანტი-B ანტისხეული, ხოლო აღებული სისხლის წითელ უჯრედებზე B ანტიგენია წარმოდგენილი, ეს უჯრედები ერთმანეთს მიეკრობა, შედეგად დადგინდება, რომ სისხლი B (მესამე) ჯგუფისაა.