დოფამინი
2024-01-05დოფამინი ენდოკრინული სისტემის მიერ გამომუშავებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰორმონია, რომელიც სინთეზირდება თავის ტვინში და წარმოადგენს საკმაოდ ძლიერი ნეირომედიატორს. აღნიშნული ჰორმონი თავის ტვინის ფუნქციონირებისთვის საჭირო ქიმიურ ნივთიერებას წარმოადგენს და უამრავ სასარგებლო ფუნქციას ასრულებს მთლიანი ორგანიზმისათვის. დოფამინი იწვევს სიხარულის, კმაყოფილების, სიამოვნების, სიყვარულის, ეიფორიის, მოტივაციის ამაღლების განცდას. დოფამინი აკონტროლებს ძილის რეჟიმს, განსაზღვრავს განწყობას, ქცევას და დადებითად აისახება სწავლა-შემეცნების პროცესზე. ასაკთან ერთად ორგანიზმში დოფამინის კონცენტრაცია იცვლება. აღსანიშნავია, რომ დოფამინის უკიდურესი ნაკლებობა პარკინსონის დაავადებისთვის არის დამახასიათებელი.
დოფამინი თავისუფლად შეიძლება შევადაროთ ბუნებრივ ნარკოტიკულ საშუალებას, რომლითაც ტვინი აჯილდოვებს საკუთარ თავს, კონკრეტული საქმის წარმატებით შესრულების შემდეგ. სწორედ ამიტომ, ადამიანს კვლავ უჩნდება სურვილი, რომ გაიმეოროს ისეა თუ ის ქცევა, რის შედეგადაც ის დაჯილდოვდება სიამოვნების და სიხარულის განცდით. დოფამინის დონის შემცირება იწვევს საპირისპირო რეაქციას, კერძოდ, ადამიანს ეკარგება სიხარულის და ბედნიერების შეგრძნება, ასევე ქვეითდება მოტივაციის უნარი. დოფამინის დეფიციტი იწვევს ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვას, გულგრილობას, სიზარმაცეს, ძილის რეჟიმის დარღვევებს, მეხსიერების გაუარესებას, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას, წონაში მატებას, ხელოვნურ ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულების გაზრდას, სუიციდური აზრების წარმოშობას, დეპრესიას, აპათიას.
ნარკოტიკულ საშუალებებზე და კოფეინზე დამოკიდებულება ზეგავლენას ახდენს ორგანიზმში დოფამინის კონცენტრაციის მატებაზე. ამის გამო ადამიანი ბუნებრივი გზით ვეღარ გამოიმუშავებს დოფამინის საჭირო რაოდენობას და შედეგად ორგანიზმი დამოკიდებული ხდება იმ ნივთიერებებზე, რაც გამოიწვევს დოფამინის კონცენტრაციის ხელოვნურ ზრდას. უნდა აღინიშნოს, რომ დოფამინის გადაჭარბებული რაოდენობა იწვევს ნერვულ აშლილობას. საყოველთაოდ ცნობილია, ხელოვნური გზით (ნარკოტიკული საშუალებების მიღებით) მინიჭებული ეიფორიის განცდა დორებითია და პერსპექტივაში იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას, მძიმე დეპრესიას. ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარჯიში, სასიამოვნოს მუსიკის მოსმენა, მოწესრიგებული ძილის რეჟიმი, მოწესრიგებული სექსუალური ცხოვრება, ასევე სუფთა ჰაერზე სეირნობა და სწორი კვების რეჟიმის დაცვა დადებითად აისახება ორგანიზმში დოფამინის საკმარისი რაოდენობით გამომუშავებაზე.