საკვები დანამატები, არომატიზატორები და კონსერვანტები
2024-04-22საკვები დანამატები წარმოადგენს სპეციალურ ნივთიერებათა ერთობლიობას, რისი დახმარებითაც მიიღწევა ინდუსტრიულად წარმოებული საკვები პროდუქციის გემოვნური თვისებების შეცვლა, სურნელის და ტექსტურის გაუმჯობესება, ვარგისიანობის ვადის გახანგრძლივება, პროდუქტის კარგ მდგომარეობაში შენახვა წარმოებიდან რეალიზაციამდე და სხვა ტიპის ტექნიკური საკითხების მოგვარება.
მინიმალურად დამუშავებული და დაუმუშავებელი საკვები პროდუქტების უმეტესობა არ შეიცავს დანამატებს, ნაწილობრივ ან სრულად დამუშავებული საკვების (ნახევარფაბრიკატების, ძეხვეულის, კონსერვების, ტკბილეულის, სწრაფი კვების პროდუქტების) არცთუ მცირე ნაწილისგან განსხვავებით. უშუალოდ საკვები დანამეტების მიღება შესაძლებელია, როგორც ქიმიური სინთეზის ხარჯზე, ასევე მცენარეული და ცხოველური ნაწარმიდან.
საკვები დანამატების გამოყენებამდე მოწმდება მისი ხარისხი და ჯანმრთელობაზე პოტენციური ზარალის მიყენების ალბათობა, რასაც ადგილობრივი მთავრობა ან სპეციალური ორგანიზაციები განსაზღვრავენ, როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ და მსოფლიო მასშტაბით. თანამედროვე სამყაროში, საკვებ პროდუქციაზე ფართომასშტაბიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შემუშავდა მრავალფეროვანი საკვები დანამატები, რომელთა მოხმარება რიგ შემთხვევაში უსაფრთხოა, რიგ შემთხვევაში კი უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
საკვები დანამატებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება არომატიზატორები, რომლის დახმარებით პროდუქტი იძენს განსაზღვრულ სუნს და გემოს. ისეთი ტიპის არომატიზატორები, რაც ქიმიური სინთეზის გზით არ არის მიღებული და მოპოვებულია მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ნაწარმისგან, ბუნებრივი არომატების სახელითაც არის ცნობილი. ქიმიური სინთეზის გზით მიღებული არომატიზატორების მოლეკულური სტრუქტურა, როგორც ასეთი, რათქმაუნდა გვხვდება ბუნებაში, მაგრამ იგი მიღებულია ლაბორატორიაში, შესაბამისად წარმოადგენს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც სინთეზირებულია სხვადასხვა ბუნებრივი არომატის მისაღებად ან გასამძაფრებლად.
არომატიზატორებთან ერთად, ასევე ხშირად გამოიყენება სპეციალური ფერმენტები, რასაც ძირითადად საცხობებში და ხილის წვენების დამზადების პროცესში მოიხმარენ. პირველ შემთხვევაში აღნიშნული აუმჯობესებს ცომის ხარისხს, ხოლო მერე შემთხვევაში გამოიყენება პროდუქციის მოცულობაში გასაზრდელად. საკვები ფერმენტების მიღება შესაძლებელია მცენარეებიდან, ცხოველებიდან, მიკროორგანიზმებიდან.
არომატიზატორების და სპეციალური ფერმენტების გარდა, ხშირად გამოიყენება კონსერვანტები, დამატკბობლები, ფერის მიმცემი და სხვა ტიპის საკვები დანამატები. მათი დახმარებით შესაძლებელია პროდუქტის შეფერილობის შეცვლა, კონსერვაცია, დატკბობა. კონსერვანტების დახმარებით ხანგრძლივდება პროდუქტის შენახვის დრო, ასევე მარტივდება შენახვის პირობები, უზრუნველყოფილია პროდუქტის დაცვა დაბინძურებისგან, რამაც შესაძლოა მოწამვლა გამოიწვიოს.
დანამატების საკვებ პროდუქციაში მოხვედრამდე აუცილებელია მათი შემოწმება, ხოლო საკვები დანამატების უსაფრთხოებაზე ზრუნვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანიზაციების ვალდებულებაა, როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ დონეზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და სოფლის მეურნეობით დაკავებული წარმოებების თანამშრომლობის შედეგად, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალი ამოწმებს საკვები დანამატების ხარისხს, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები და დაცული იქნას მოსახლეობის ჯანმრთელობა.
იმ შემთხვევაში თუ საკვები პროდუქტი შეიცავს დანამატებს, მწარმოებელი ვალდებულია აღნიშნული მიუთითოს პროდუქციის შეფუთვაზე. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებობს სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს საკვები დანამატების ეტიკეტირების წესებს, შესაბამისად ის პირები, რომლებთაც აქვთ ალერგია გარკვეულ საკვებ დანამატებზე, აუცილებლად უნდა გაეცნონ შეფუთვაზე წარმოდგენილ ეტიკეტს.