გენიტალური ჰერპესი
2024-01-09გენიტალური ჰერპესი მარტივი ჰერპეს ვირუსით (Herpes simplex virus - HSV) გამოწვეული სასქესო ორგანოების ინფექციაა. ის სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, აქედან გამომდინარე, დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ვირუსის გავრცელების ძირითადი ფორმაა. პირველადი ინფექციის შემდეგ ვირუსი რჩება ადამიანის ორგანიზმში და პერიოდულად შეიძლება წელიწადში რამდენჯერმე გააქტიურდეს. ინფიცირების მომენტში შესაძლოა გამოვლინდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები, ასევე ჰერპეს ვირუსისთვის დამახასიათებელი გამონაყარი.
ინფექციის ძირითადი სიმპტომია ქავილი სასქესო ორგანოს მიდამოში, ასევე მტკივნეული წყლულები, წვის და ჩხვლეტის შეგრძნება. ინფექცია შესაძლოა უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს. ინფიცირებული ადამიანი გადამდებია იმ შემთხვევაშიც, თუ გამოხატული სიმპტომები არ აქვს. რაც შეეხება ჰერპეს ვირუსით გამოწვეულ გამონაყარს, ის მოწითალო ან მოთეთრო ფერის ბუშტუკებით გამოირჩევა, საიდანაც შესაძლოა გამოჟონოს სითხემ. გამსკდარი ბუშტუკებიდან წარმოიქმნება წყლულები, ხოლო წყლულების შეხორცებისას კანზე ჩნდება ნაწიბურები. გამონაყარი მალევე (დაახლოებით 2 კვირაში) იჩენს თავს ინფიცირების მომენტიდან.
გენიტალური ჰერპესი დღეისათვის სრულად არ იკურნება, თუმცა მედიკამენტების საშუალებით შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება, ასევე სხვა ადამიანების დაინფიცირების რისკის შემცირება. მკურნალობისათვის გამოიყენება ანტივირუსული მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობას, მისი გამწვავების ხარისხს და რეციდივების რიცხვს.
გენიტალური ჰერპესი შეიძლება გამოიწვიოს, როგორც HSV1, ასევე HSV2 ტიპის მარტივმა ჰერპეს ვირუსმა. HSV1 ტიპი იწვევს წყლულების გაჩენას პირის მიდამოში და გადაეცემა კანის კანთან კონტაქტის დროს, ასევე ორალური სექსის შემთხვევებში. HSV2 ტიპი იწვევს გენიტალურ ჰერპესს, რომელიც HSV1 ტიპისგან განსხვავებით უფრო სწრაფად გადამდებია და ახასიათებს რეციდივი. ამ უკანასკნელით ინფიცირება დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს ხდება. ინფექციისგან თავის არიდებს საუკეთესო პრევენციას პრეზერვატივის გამოყენება წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ქალებს უფრო ხშირად უდასტურდებათ გენიტალური ჰერპესი ვიდრე მამაკაცებს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ინფექცია მშობიარობის დროს შესაძლოა დედიდან შვილზე გავრცელდეს, თუ დედას მშობიარობის დროს გააქტიურებულ ფორმაში აქვს ჰერპეს ინფექცია. ვირუსი მალევე იღუპება ორგანიზმის გარეთ, შესაბამისად დაინფიცირება ნაკლებად შესაძლებელია საერთო მოხმარების ნივთებიდან, საპირფარეშოდან, ან ინფიცირებული ადამიანის მიერ გამოყენებულ ნივთებთან შეხებისას. ჰერპეს ვირუსის კონცენტრაცია გვხვდება, როგორც სპერმაში და ვაგინალურ სეკრეტში, ასევე ნერწყვშიც.
გენიტალური ჰერპესის გართულებებს წარმოადგენს სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების განვითარების მომატებული რისკი, შარდის ბუშტის და ურეთრის პრობლემები, პროქტიტი, იშვიათ შემთხვევებში მენინგიტიც კი. დაავადების დიაგნოსტირება ხორციელდება ვიზუალური დათვალიერების და ლაბორატორიული კვლევების შედეგად. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) ჰერპეს ვირუსის და მისი ტიპის განსაზღვრის საუკეთესო გზაა. დაავადების დიაგნოსტირებისთვის ხშირად გამოიყენება სისხლის ანალიზი, ჰერპეს ვირუსის მიმართ ანტისხეულების გამოსავლენად, რაც ორგანიზმში ვირუსის არსებობას ან არ არსებობას ადასტურებს.