ძვლის მოტეხილობის ასაკობრივი პრობლემები
2024-03-07ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ძვლოვანი სტრუქტურა სუსტდება, რის გამოც იზრდება მოტეხილობისკენ მიდრეკილების რისკი. სტატისტიკის მიხედვით მოტეხილობა 65 წელს გადაცილებულთათვის საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რადგან ამ პერიოდისთვის ძვლის შეხორცება ისეთივე სწრაფი ტემპით ვერ ხდება, როგორც ახალგაზრდობის ასაკში.
რატომ იმატებს ძვლის მოტეხილობის რისკი ასაკოვან ადამიანებში?
ასაკთან ერთად ადამიანის ორგანიზმი იცვლება, გამონაკლისს რათქმაუნდა არც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა წარმოადგენს. წლების მატებასთან ერთად ქსოვილი კარგავს სწრაფი რეგენერაციის უნარს, ხოლო ძვლები უფრო მყიფე ხდება, ამასთანავე ადამიანებს უქვეითდებათ მხედველობა, მოძრაობის სისხარტე, ფიზიკური შესაძლებლობები, რაც დაცემის და მის შედეგად გამოწვეული ტრავმების რისკებს ზრდის. მყიფე ძვლებს უჭირს გაუმკლავდეს ისეთი ტიპის დატვირთვას, რაც ახალგაზრდობის ასაკში პრობლემას არ წარმოადგენდა, შესაბამისად მოტეხილობა შესაძლებელია სიმძიმის არასწორად აწევამ, ან სწრაფმა უხერხულმა მოძრაობამაც გამოიწვიოს.
რა შეიძლება გამოიწვიოს ძვლის მოტეხილობამ ასაკოვან ადამიანებში?
მძიმე ფორმის მოტეხილობა საჭიროებს დროულ სამედიცინო დახმარებას, რაც გულისხმობს ქირურგიულ ჩარევას. ასაკოვან ადამიანებში ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია საკმაოდ ხანგრძლივ რეაბილიტაციის პერიოდს მოიცავს, ამასთანავე მაინც რჩება რისკი ძვლის არასწორი ან არასრულყოფილი აღდგენისა, რაც ასაკით გამოწვეული ოსტეოპოროზის შედეგია. თუ ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას სერიოზული უკუჩვენებები უშლის ხელს, მაგალითად ასაკის ფონზე განვითარებული მძიმე ქრონიკული დაავადებები, მაშინ შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობის მეთოდების გამოყენება. როგორც ქირურგიული, ასევე კონსერვატიული მკურნალობის მეთოდი ზღუდავს მოძრაობის შესაძლებლობას, სანამ ძვლის აღდგენის პროცესი არ დასრულდება, რაც ასაკოვანი ადამიანებისთვის სხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული, კერძოდ, ხანგრძლივმა მოძრაობის შეზღუდვამ შესაძლოა გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, ასევე ფსიქოემოციური ფონის დამძიმება.
რა ტიპის მოტეხილობაა უფრო საშიში ასაკოვან ადამიანებში?
ასაკოვან ადამიანებში ყველაზე ხშირია ბარძაყის ყელის მოტეხილობა, რაც საკმაოდ სერიოზული ტრავმაა და ხანგრძლივი მკურნალობის რეჟიმს ექვემდებარება. ახალგაზრდა ასაკში ადამიანი ეცემა წინ ან უკან, ხოლო ასაკოვანი ადამიანები ხშირად გვერდით ეცემიან, რაც ბარძაყის ყელის მოტეხილობის ერთ-ერი მიზეზია. თუ ოსტეოპოროზი ძლიერი ფორმით არის გამოხატული, მაშინ ამ ტიპის მოტეხილობა სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებათა რიცხვის მიეკუთვნება. მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის აუცილებელია ოპერატიული სამედიცინო დახმარების გაწევა, რაც გულისხმობს ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირებას, ანუ ბუნებრივი სახსრის ხელოვნურით ჩანაცვლებას. ოპერაციის შემდგომ პაციენტი საჭიროებს ინდივიდუალურ მოვლას სახლის პირობებში.
ასაკოვან ადამიანებში ასევე გავრცელებულია ხელების, მხრის, მუხლის, თეძოს ძვლების და ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა. მკურნალობის მეთოდი და რეაბილიტაციის დრო დამოკიდებულია მოტეხილობის სიმძიმეზე. ჩამოთვლითაგან განსაკუთრებით საშშია თეძოს ძვლების და ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა, რაც ოპერატიულ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.
რა უნდა გაითვალისწინონ ასაკოვანმა ადამიანებმა ძვლის მოტეხილობის პრევენციის მიზნით?
აუცილებელია მოძრავი ცხოვრების წესის შენარჩუნება და ხშირი სეირნობა სუფთა ჰაერზე. ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვა, ვიტამინების და მინერალების მიღება დადებითად აისახება ძვლოვან სტრუქტურაზე. აუცილებელია ალკოჰოლზე, თამბაქოს მოწევაზე და სხვა მავნე ჩვევებზე უარის თქმა. თუ ასაკთან ერთად ადამიანს დაუქვეითდა მხედველობა და სმენა, ასევე აქვს თავბრუსხვევის ხშირი შეგრძნებები, ფრთხილად უნდა ავიდეს კიბეზე, საჭიროების შემთხვევაში დაეყრდნოს ხელჯოხს, მოერიდოს იატაკზე დაყრილ ნივთებს და სადენებს, რაც შეიძლება დაცემის მაპროვოცირებელი გახდეს. აუცილებელია გეგმიური სამედიცინო კონტროლი და ყურადღება ახლობლების მხრიდან, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანებისთვის.