აუტიზმი ბავშვებში
2024-03-26- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაახლოებით ყოველი 100 ბავშვიდან 1-ს აუტიზმი აღენიშნება;
- აუტიზმის ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს ადრეულ ბავშვობაში, მაგრამ მეტწილად დიაგნოსტირება სკოლის პერიოდის მქონე ბავშვებში ხდება;
- აუტიზმის მქონე ზოგიერთ ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად იცხოვროს და შეინარჩუნოს შრომითი უნარი, ხოლო ზოგიერთი საჭიროებს ყოველდღიურ ზრუნვას და მხარდაჭერას;
- აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირთა მხარდაჭერა აუცილებელია სახელმწიფო დონეზე, საჭიროა საზოგადოების თანადგომა, რათა ხელი შევუწყოთ მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანების სოციალურ გარემოში ინტეგრაციის პროცესს;
- მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, სტიგმა და დისკრიმინაცია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება და დიდ ტრავმას აყენებს, როგორც ბავშვებს, ასევე მის მშობლებს, ახლობლებს და ნათესავებს;
- 2014 წლის მაისში სამოცდამეშვიდე ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია აუტისტური სპექტრის აშლილობების მართვისთვის, რომელსაც მხარი დაუჭირა 60-ზე მეტმა ქვეყანამ;
რა არის აუტიზმი?
აუტიზმი ნეირობიოლოგიური დარღვევის ფორმაა, რომელიც ხასიათდება ადამიანის ფსიქიკური და ფსიქოლოგიური განვითარების დარღვევით, რა დროსაც გამოხატულია ერთგვარი „პიროვნების საკუთარ თავში ჩაკეტვის“ ტენდენცია, კერძოდ, ემოციების დეფიციტი სხვა ადამიანებთან ურთიერთობის მხრივ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვა. ამ პრობლემის მქონე ადამიანებს ხშირად გაძნელებული აქვთ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა.
აუტიზმის მიმდინარეობის თავისებურებებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გამოიხატოს ბავშვის ინტელექტუალური განვითარების სისუსტე. თუ აუტიზმი გამოწვეულია ქრომოსომული ანომალიებით, მიკროცეფალიით ან ეპილეფსიით, გამოხატულია ღრმა ინტელექტუალური შეზღუდულობა. არის შემთხვევები, როდესაც აუტიზმის მქონე ადამინი განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა კონკრეტულ სფეროში, მაგალითად მუსიკაში, კონოხელოვნებაში, მათემატიკაში, მეცნიერებაში და სხვა.
რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა?
აუტიზმის დიაგნოსტირება ადრეულ ასაკშივეა შესაძლებელი, ხოლო გამოვლენილი სიმპტომები ბავშვის განვითარებასთან ერთად საკმაოდ შესამჩნევი ხდება, კერძოდ, შესაძლოა გამოიხატოს შემდეგი მდგომარეობები:
- საუბრის დროს ბავშვი მოსაუბრეს თვალებში არ უყურებს;
- არ სურს თანატოლებთან თამაში ან გულგრილობას ამჟღავნებს;
- არ მოსწონს როდესაც მისი მოფერება ან ჩახუტება სურთ, ხშირად ნერვიულობს შეხების დროს;
- ავლენს მგრძნობელობას გარკვეული ხმამაღალი ბგერების მიმართ;
- არ სურს საუბარი, ან გაძნელებული აქვს მეტყველების უნარი;
- მიდრეკილია ისტერიკისკენ;
- პასიურია ან პირიქით საკმაოდ ჰიპერაქტიურია;
- არ ერიდება სახიფათო გარემოებებს, მაგალითად გზაზე გადასვლას, როდესაც მანქანები სისწრაფით მოძრაობენ;
- არ იმჩნევს მშობლების სახლში ყოფნას ან არყოფნას;
- თუ რაღაც სჭირდება მშობლის დაძახების ნაცვლად ყვირილს იწყებს;
- ახასიათებს სხეულის პერმანენტული განმეორებადი მოძრაობები;
- გართულებული აქვს ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი;
რა იწვევს აუტიზმს?
დღეისათვის ზუსტი მიზეზის ერთმნიშვნელოვნად დასახელება რთულია, თუმცა არის რისკ-ფაქტორები, რამაც შესაძლოა აუტიზმის განვითარებას შეუწყოს ხელი, მეტწილად კი მის განვითარებას გენეტიკურ ფაქტორებს და ორსულობის დროს წარმოქმნილ პრობლემებს მიაწერენ. საკმაოდ მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ბავშვთან კომუნიკაცია, რადგან ბავშვის მხოლოდ ციფრულ გაჯეტებთან ურთიერთობა უარყოფითად მოქმედებს მის ფსიქიკაზე და კოგნიტური უნარების განვითარებაზე. სამედიცინო მონაცმების გათვალისწინებით, უმეტესწილად აუტიზმის პრობლემა აქვთ ბიჭებს.
როგორ ხდება აუტიზმის დიაგნოსტირება?
აუტიზმის დიაგნოსტირება კომპლექსური კვლევების ჩატარებას მოითხოვს, კერძოდ აუცილებელია პაციენტის ფსიქიკური გამოკვლევა, შესაბამისი ტესტების საფუძველზე. საჭიროა შემდეგი პროცედურების გავლა:
- სისხლის საერთო ანალიზი;
- შარდის საერთო ანალიზი;
- სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- ელექტროენცეფალოგრაფია;
- სმენის შემოწმება;
როგორ მკურნალობენ აუტიზმს?
დღეისათვის აუტიზმი სრულად განკურნებადი არ არის, მაგრამ შესაბამისი ღონისძიებების სრულფასოვნად გატარების შემთხვევაში, ბავშვის ზოგადი მდგომარეობის და მისი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხარისხი იზრდება. მკურნალობის პროცესში გამოიყენება, როგორც მედიკამენტური, ასევე სტრესის მოხსნისკენ და შინაგანი წონასწორობის გაძლეიერებისკენ მიმართული თერაპიული მეთოდები. მკურნალობის პროცესში აუცილებელია მშობლების და მკურნალი ექიმის აქტიური კომუნიკაცია. მშობლისთვის საკმაოდ სტრესულია ფსიქოლოგთან, ლოგოპედთან და ფსიქოთერაპევტთან ხშირი კონსულტაცია, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, რომ ნებისმიერ ხანგრძლივ ძალისხმევას მოჰყვება შედეგი.
აუტიზმის კლინიკური ნიშნები ჰგავს ზოგიერთ სხვა ტიპის დაავადებას ან მდგომარეობას, შესაბამისად უნდა გამოირიცხოს თვითმკურნალობის მცდელობა, სანამ უშუალოდ სპეციალისტის მიერ არ იქნება ჩატარებული შესაბამისი კვლევები. აუტიზმი არ არის განაჩენი, ეს არის კონკრეტული მდგომარეობა, რომელიც მიმდინარეობის თავისებურებებიდან გამომდინარე მეტწილად საჭიროებს დროულ სამედიცინო კონსულტაციას და შესაბამის მკურბალობას.