იდენტურობის დისოციაციური აშლილობა
2024-02-27პიროვნების გაორება (მრავლობითი პიროვნული აშლილობა), იგივე იდენტურობის დისოციაციური აშლილობა, ფსიქიკური დარღვევის ფორმაა, რაც გულისხმობს ადამიანის იდენტურობის მთლიანობის დარღვევას. შედეგად ჩნდება განცდა, რომ ერთი ადამიანის სხეულში სხვადასხვა პიროვნება არსებობს. ამ ფსიქიკური დარღვევის მქონე ადამიანები აღნიშნავენ, რომ მათ სხეულში რამდენიმე პიროვნება ერთდროულად არსებობს, ამასთანავე თითეულ მათგანს საკუთარი სქესი, ასაკი, ხასითის შტრიხები, აზროვნება და გრძნობები გააჩნია.
იდენტურობის დისოციაციური აშლილობის დროს, კონკრეტული პიროვნების სხეულში მყოფი „სხვა პიროვნებები“ ხშირად ანაცვლებენ ერთმანეთს, შედეგად ადამიანს უჩნდება განცდა, რომ ერთდროულად სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრობს. ასეთ დროს თითეული „წარმოსახვითი პიროვნება“ საკუთარი წესებით და სამყაროს მისეული აღქმით არსებობს, ზოგიერთ მათგანს ჰყავს ოჯახი, ზოგიერთს არა და ასე შემდეგ. ცხადია ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ერთსა და იმავე მოვლენას განსხვავებულ პრიზმაში აღიქვამს, რასაც მოცემული მომენტისთვის მის სხეულში „გააქტიურებული პიროვნების“ მსოფლმხედველობა განაპირობებს.
„პიროვნების გადართვის“ მომენტში შესაძლოა დაფიქსირდეს მდგომარეობა, რა დროსაც „ჩანაცვლებულმა პიროვნებამ“ ვერ გაიხსენოს გადართვის მომენტამდე „აქტიური პიროვნების“ მიერ ჩადენილი ქმედებები, ასევე ფიქრები, რაც „გადართვამდე“ დროის მონაკვეთში მის აზროვნებაში არსებობდა. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი თავადვე აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ მასში სხვადასხვა ცხოვრების მქონე რამდენიმე პიროვნება არსებობს, მაგრამ მიუხედავად მდგომარეობის აბსურდულობის აღქმისა, იგი მაინც ვერ ახერხებს ამ პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებას.
იდენტურობის დისოციაციური აშლილობა იშვიათი ფსიქიკური დარღვევაა და არ უნდა გაიგივდეს შიზოფრენიასთან, ან თუნდაც ობსესიურ კომპულსიურ აშლილობასთან (რა დროსაც პიროვნება თვლის, რომ მასზე სხვა გარეშე ძალები ახდენენ ზემოქმედებას). პიროვნების გაორების დროს, საუბარია არა გარეშე ხმებზე ან ძალაზე, რაც ადამიანს აიძულებს მოიქცეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, არამედ საუბარია მდგომარეობაზე, როდესაც ადამიანი საკუთარ სხეულში ერთის ნაცვლად რამდენიმე (მისგან განსხვავებული) ფსევდო პიროვნების არსებობას განიცდის.
დაავადების გამომწვევ ძირითად მიზეზად ადრეულ ასაკში გადატანილი მძიმე ემოციური ტრავმები სახელდება. იდენტურობის დისოციაციური აშლილობისთვის დამახასიათებელია ამნეზია, მეხსიერების პრობლემები, პირადი ბიოგრაფიის სრულფასოვნად აღქმის პრობლემა, დეპრესია, შფოთვა. შესაძლოა გამოიხატოს ხმოვანი და ვიზუალური ჰალუცინაციებიც, რომელიც განსხვავებულია შიზოფრენიის დროს გამოხატული ჰალუცინაციებისგან. დაავადების მკურნალობისთვის გამოიყენება, როგორც მედიკამენტური, ასევე ფსიქოთერაპიის მეთოდი. იდენტურობის დისოციაციური აშლილობა, ისევე როგორც სხვა ფსიქიატრიული დაავადებები, ზოგიერთ შემთხვევაში სრულად განკურნებადი არ არის.
საკმაოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული დაავადების გამიჯვნა ისეთი მდგომარეობისგან, რა დროსაც ადამიანი გამოგონილ მეგობართან ერთად ცხოვრობს, ირგებს სხვადასხვა როლს, ან ფანტაზიებით ამდიდრებს საკუთარ ცხოვრებას, რაც ძირითადად ბავშვობის ასაკისთვის არის დამახასიათებელი.