ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი
2024-01-28ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი (ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი) პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია მოტორული ნეირონების პროგრესული დეგენერაციით. დაავადება იწვევს ფიზიკური შესაძლებლობების დასუსტებას ისეთ დონეზე, რომ ადამიანი სრულად კარგავს ნებითი კუნთების მოძრაობის შესაძლებლობას, არ შესწევს საკუთარი ძალებით გადაადგილების და საკვების მიღების უნარი, ხოლო მოგვიანებით ვითარდება დამბლის მსგავსი სიმპტომები. მიუხედავად ფიზიკური აქტივობის შეზღუდვისა, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებული ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები, მისი პიროვნულობა, აღქმა-შემეცნებითი უნარი და მეხსიერება არ იზღუდება.
დაავადების გამომწვევი მიზეზების ზუსტი დასახელება დღეისათვის არ არის შესაძლებელი. არსებობს მოსაზრებები, რომ მისი განვითარება გენეტიკურ-მემკვიდრეობით საკითხებთან უნდა იყოს დაკავშირებული. ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი იწყება კიდურების მოძრაობის დასუსტებით, შემდგომ ითრგუნება მეტყველების და საკვების მიღების შესაძლებლობები. მიზეზი მოტორული ნეირონების კვდომის პროგრესიაა, რის შედეგადაც ვითარდება კუნთოვანი სისტემის ატროფია. ნეირონები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კუნთების მოტორიკაზე განიცდიან დეგენერაციას, შედეგად თავის და ზურგის ტვინიდან წამოსული სიგნალები თანდათან სუსტდება და ადამიანი ვეღარ აკონტროლებს ნებითი კუნთების მოძრაობას.
რა სიმპტომები ახასიათებს ამიოტროფულ გვერდით სკლეროზს?
- მოძრაობის გაძნელება;
- კიდურებში ძალის შეგრძნების სისუსტე;
- დაცემა, წაბორძიკება;
- კიდურების სპაზმური მოძრაობა;
- საკვების ყლაპვის უნარის შეზღუდვა;
- მეტყველების უნარის შეზღუდვა;
- კუნთების სპაზმი, კრუნჩხვები მხრებში და კიდურებში;
- კოგნიტური შესაძლებლობების დაქვეითება;
რა იწვევს ამიოტროფულ გვერდით სკლეროზს?
- დღეისათვის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზების დასახელება არ არის შესაძლებელი. მისი უმეტესობა შემთხვევითობას უკავშირდება;
- ვარაუდობენ, რომ დაავადების განვითარება შთამომავლობით მიღებულ გენებზეა დამოკიდებული;
- შესაძლოა მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს თავის მიკროტრავმები;
როგორ ხდება ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოსტირება?
- ნერვული ფუნქციების ტესტი (კუნთოვანი დაძაბულობა, რეფლექსები);
- ფსიქიკური და გონებრივი შესაძლებლობების განსაზღვრა;
- დემენციის ტესტი;
- ელექტრონეირომიოგრაფია;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- კუნთების და ძვლის ტვინის ბიოფსია;
- სისხლის ლაბორატორიული კვლევები;
- და სხვა;
დღეისათვის ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის განკურნება შესაძლებელი არ არის. ზოგადი მედიკამენტური თუ ინდივიდუალური სახის მკურნალობა დაკავშირებულია პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივებასთან და მისი ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმალურ შენარჩუნებასთან. როდესაც ვსაუბრობთ ამიოტროფული გვერდით სკლეროზზე, შეუძლებელია არ ვახსენოთ ბრიტანელი ასტრო-ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი. მას 21 წლის ასაკში დაუდგინდა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, მაგრამ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, მეცნიერმა შექმნა ოჯახი, განაგრძო სამეცნიერო საქმიანობა და 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავის ცხოვრების მანძილზე, ჰოკინგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფიზიკის და კოსმოლოგიის დარგში.