გული და სისხლის მიმოქცევა

 2024-02-14 კარდიოლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

სისხლის მიმოქცევის უწყვეტობას განაპირობების გული, რომელიც შეიძლება ტუმბოს შევადაროთ, უფრო სწორედ, ორ შეკავშირებულ ტუმბოს, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ძგიდით. ტუმბოს ერთი ნაწილი მდებარეობს მარცხინვ, მერე კი მარჯვნივ. მათი დანიშნულებაა გადატუმბონ სისხლი, რომლის უწყვეტი მოძრაობა აუცილებელია სიცოცხლისთვის.

გული შედგება კუნთოვანი ქსოვილისგან, რომლის რიტმული შეკუმშვა უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევის უწყვეტობას. თავისმხრივ, სისხლის მიმოქცევა ჩაკეტილ წრეს წარმოადგენს. განახლებული (ჟანგბადით მდიდარი) სისხლი ფილტვებიდან გულისკენ მოემართება. გულის მორიგი შეკუმშვის შედეგად, სისხლი გაივლის არტერიებს და განაწილდება მთელს ორგანიზმში, რათა უჯრედებმა მიიღონ ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. მომდევნო ეტაპზე, არტერიული სისხლი უკუმიმართულებით, ვენებში აგრძელებს მოძრაობს, ორგანიზმიდან გამოაქვს გაზთა ცვლის შედეგად წარმოქმნილი ნახშიროჟანგი, გაივლის გულს და გადავა ფილტვის არტერიაში. ფილტვის არტერიის გავლის შემდგომ, ვენური სისხლი გადაიქცევა არტერიულად, ის მოიშორებს ნახშიროჟანგს და გაჯერდება ჟანგბადით. ჟანგბადით გაჯერებული სისხლი ფილტვებიდან კვლავ გულისკენ ბრუნდება და ციკლი თავიდან მეორდება.

გულის მრაცხენა ნაწილი, ისვე როგორც მარჯვენა, იყოფა ორ განყოფილებად, წინაგულებად და პარკუჭებად, შესაბამისად, სულ გვაქვს ოთხი კამერა: მარცხენა წინაგული, მარცხენა პარკუჭი, მარჯვენა წინაგული და მარჯვენა პარკუჭი. თავდაპირველად სისხლი ჩაედინება წინაგულებში, შემდგომ პარკუჭებში და მორიგი შეკუმშვისას, წარმოქმნილი წნევის დახმარებით, გადაისროლება სისხლძარღვებში.

image
image

გულის მარცხენა ნაწილი.

გულის მარცხენა ნაწილში წარმოდგენილია ორი კამერა: მარცხენა წინაგული და მარცხენა პარკუჭი. ფილტვებიდან მომდინარე სისხლი გაივლის რა ფილტვების ვენას, ჩამოიღვრება მარცხენა წინაგულში. როდესაც წინაგული სისხლით შეივსება, იხსნება მარცხენა წინაგულსა და მარცხენა პარკუჭს შორის არსებული მიტრალური სარქველი, შედეგად, სისხლი წინაგულიდან პარკუჭში ჩამოდის. მორიგი შეკუმშვისას მიტრალური სარქველი დაიხურება, პარკუჭში ჩაღვრილი სისხლი წნევით გახსნის აორტის სარქველს და გადაისროლება აორტაში. ეს სწორედ ის სისხლია, რომელსაც არტერიულ სისხლს უწოდებენ. არტერიული სისხლი გამდიდრებულია ჟანგბადით. ერითროციტების და მასში არსებული ჰემოგლობინის მოლეკულების დახმარებით, ფილტვებიდან წამოღებული ჟანგბადი გადანაწილდება თითეულ უჯრედში.

აღნიშნულ პროცესში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს მარცხენა წინაგულსა და პარკუჭს შორის არსებული მიტრალური სარქველი. მისი დროული გახსნა და დახურვა უზრუნველყოფს სისხლის მხოლოდ ერთი მიმართულებით გადატუმბვას, პარკუჭიდან აორტისკენ. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ პარკუჭში ჩაღვრილი სისხლი უკან, წინაგულის მიმართულებით დაბრუნდებოდა, რაც ხელს შეუშლიდა სისხლის მიმოქცევის უწყვეტ წრიულ ციკლს.

მარტივი შეჯამების სახით რომ ვთქვათ, გულის მარცხენა წინაგულში ჩაედინება ფილტვებიდან გულისკენ მოძრავი, ჟანგბადით გაჯერებული სისხლი. იხსნება მიტრალური სარქველი და წინაგულიდან სისხლი ჩაიღვრება პარკუჭში. მომდევნო ეტაპზე პარკუჭები შეიკუმშება, გაიხსნება აორტის სარქველი და ჟანგბადით მდიდარი სისხლი გადანაწილდება მთელს ორგანიზმში.

გულის მარჯვენა ნაწილი.

გულის მარჯვენა ნაწილში ასევე ორი კამერაა წარმოდგენილი: მარჯვენა წინაგული და მარჯვენა პარკუჭი. გაზთა ცვლის შედეგად ნახშიროჟანგით გაჯერებული სისხლი გაივლის რა ღრუ ვენის სანათურს, ჩაიღვრება მარჯვენა წინაგულში. როდესაც წინაგული სისხლით შეივსება, იხსნება მარჯვენა წინაგულსა და მარჯვენა პარკუჭს შორის არსებული სამკარიანი სარქველი, შედეგად, სისხლი წინაგულიდან პარკუჭში ჩაედინება. მორიგი შეკუმშვისას სამკარიანი სარქველი დაიხურება, პარკუჭში ჩაღვრილი სისხლი წნევით გახსნის ფილტვის არტერიის სარქველს და გადაისროლება ფილტვის არტერიაში.

ფილტვისთვის ვენური სისხლი წარმოადგენს არტერიულს, რადგან არტერიულად ითვლება სისხლი, რომელიც შედის ქსოვილში, ხოლო ვენურად ის, რომელიც გამოდის ქსოვილიდან. შესაბამისად, გულის მარჯვენა პარკუჭში ჩაღვრილი ვენური სისხლი, ფილტვის სარქველის გავლის შემდგომ, გადაიქცევა ფილტვში შემავალ, ანუ არტერიულ სისხლად. თავისმხრივ, ფილტვიდან მომავალი ვენური სისხლი ჩაიღვრება რა გულის მარცხენა წინაგულში, გადაიქცევა სხვა ორგანოებში შემავალ, ანუ არტერიულ სისხლად. ვიზუალურად ვენური და არტერიული სისხლის მიმოქცევის წრე გადაგრეხილი რვიანის ფორმისაა. თავის მხრივ, სისხლის მიმოქცევის სრული წრე იყოფა ორ ნაწილად, მცირე და დიდ წრეებად. მცირე წრეს წარმოადგენს სისხლის მიმოქცევა ფილტვებსა და გულს შორის, ხოლო დიდ წრეს, სისხლის მიმოქცევა გულს და მთელს ორგანიზმს შორის.

მარტივი შეჯამების სახით რომ ვთქვათ, გულის მარჯვენა წინაგულში ჩაედინება ნახშიროჟანგით გაჯერებული სისხლი, შეგროვებული სხვადასხვა ორგანოებიდან და მიმავალი გულისკენ. იხსნება სამკარიანი სარქველი და წინაგულიდან სისხლი ჩაიღვრება პარკუჭში. მომდევნო ეტაპზე პარკუჭები შეიკუმშება, გაიხსნება ფილტვის არტერიის სარქველი და სისხლი გააგრძელებს სვლას ფილტვისკენ, რთა ორგანიზმმა გამოჰყოს ნახშიროჟანგი და სისხლი გამდიდრდეს ჟანგბადით.

გულის სარქველები.

გულს აქვს ოთხი სარქველი. ოთხივე მათგანი ზემოთ ვახსენეთ კიდეც, ესენია: მიტრალური, სამკარიანი, აორტის და ფილტვის სარქველები. მიტრალურ სარქველზე საუბრისას ავღნიშნეთ, რომ მისი წყალობით სისხლი მარცხენა პარკუჭიდან უკან, მარცხენა წინაგულში არ ბრუნდება და აგრძელებს ერთი მიმართულებით მოძრაობას. არის შემთხვევები, როდესაც სარქველი სრულყოფილად არ იხურება და სისხლის გარკვეული ნაწილი უკან ბრუნდება, მაგალითად სარქველის პროლაფსის დროს.

სისხლის ერთი მიმართულებით მოძრაობისთვის და გულის ნორმალური ფუნქციობისთვის საჭიროა, რომ ყველა სარქველი მუშაობდეს შესაბამისად, რადგან სწორედ სარქველები უზრუნველყოფენ გულის ოთხ კამერას (ორ წინაგულსა და ორ პარკუჭს შორის), სისხლის საჭირო მიმართულებით მოძრაობას.

გულის ელექტრული სისტემა.

გულის რიტმულად შეკუმშვას განაპირობებს მისივე ელექტრული სისტემა, წარმოდგენილი სპეციალური უჯრედებით, რომლებიც რეგულარულად აგზავნიან ელექტრულ სიგნალს, რაც უზრუნველყოფს გულის კუნთის, ანუ მიოკარდიუმის შეკუმშვის სტიმულირებას. გენერირებული ელექტრული სიგნალები გაივლის გულის გამტარ სისტემას და მოახდენს გულის მორიგ შეკუმშვას.

ელექტრული იმპულსი თავდაპირველად წარმოიშობა მარჯვენა წინაგულთან არსებულ სინუსის კვანძში, შემდგომ ვრცელდება გამტარ სისტემაში. არის შემთხვევები, როდესაც იმპულსი წარმოიქმნება არა სინუსის კვანძში, არამედ მის გარეთ, პარკუჭებში, წინაგულებში, ან წინაგულოვან-პარკუჭოვან კვანძში, რაც გულის ნაადრევ შეკუმშვას (ექსტრასისტოლებს) იწვევს. პულსი შეიძლება შენელდეს ან აჩქარდეს ორგანიზმის მდგომარეობიდან გამომდინარე. მის ცვლილებაზე მოქმედებს, როგორც ფიზიკური, ემოციური, ფიზიოლოგიური ფაქტორები, ასევე სხვადასხვა დაავადებები და გულის პათოლოგიები. ნერვები, რომლებიც თავის ტვინიდან იმართება, ფლობენ უნარს აკონტროლონ გულის რითმი, მაგრამ უმეტესწილად, გულის მუშაობას თავადვე გული აკონტროლებს.

გულის სისტოლა და დიასტოლა.

გულის შეკუმშვას სისტოლა, ხოლო მოდუნებას დიასტოლა ეწოდება. სისტოლის და დიასტოლის მონაცვლეობა განაპირობებს გულის მუშაობას. პარკუჭების სისტოლის დროს იხსნება აორტის და ფილტვის არტერიის სარქველები, ხოლო მიტრალური და სამკარიანი სარქველი იხურება, შედეგად მარცხენა პარკუჭიდან სისხლი გადადის აორტაში, ხოლო მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის არტერიაში. დიასტოლის დროს პარკუჭები მოდუნებულია (ფართოვდება), სისხლი მარცხენა წინაგულიდან ჩამოდის მარცხენა პარკუჭში, ხოლო მარჯვენა წინაგულიდან მარჯვენა პარკუჭში, ამავდროულად, მიტრალური და სამკარიანი სარქველი გახსნილია, ხოლო აორტის და ფილტვის არტერიის სარქველი დახურული. სისტოლის და დიასტოლის ფაზები თავისმხრივ იყოფა პერიოდებად, რომლებიც განსაზღვრული დროის ინტერვალით მიმდინარეობს.