ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა
2024-02-04ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის დროს, თავის ტვინის კონკრეტულ უბნებს არასაკმარისი რაოდენობის სისხლი მიეწოდება, რის გამოც აღნიშნული უბნები განიცდიან ჟანგბადის და გლუკოზის ნაკლებობას, რაც საბოლოო ჯამში ტვინის ფუნქციობას აუარესებს. ამ სინდრომის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ათეროსკლეროზია, რომელიც თავის მხრივ, ქრონიკულ დაავადებას წარმოადგენს. ათეროსკლეროზის დროს არტერიების კედლებზე წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქები, შედეგად ვიწროვდება ან იხშობა არტერიების სანათური, რაც განაპირობებს სისხლის მიმოქცევის დარღვევებს.
რა სიმპტომებია დამახასიათებელი ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობისთვის?
- მხედველობის დაქვეითება ან გაორება;
- თავბრუსხვევის და გულისრევის შეგრძნება;
- დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში (პარესთეზია);
- მეტყველების პრობლემები;
- მეხსიერების გაუარესება;
- დაბნეულობა, კოორდინაცის დაკარგვა, შექანება;
- უეცარი სისუსტე, სწრაფად დაღლა, ოფლიანობა;
- პულსის და წნევის ცვლილებები;
- თავის ტკივილი კისრის და უკანა ნაწილის მიდამოში;
ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება იყოს იშემიური ინსულტის გამაფრთხილებელი ნიშნები, სწორედ ამიტომ, ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.
რა იწვევს ვერტებრო-ბაზილარულ უკმარისობას?
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის პრობლემები, ათეროსკლეროზი;
- მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზიული დაავადება);
- სისხლძარღვთა სისტემის თანდაყოლილი ანომალიები;
- სისხლძარღვების ანთებითი პროცესი;
- ტვინის წვრილი არტერიების დაზიანება შაქრიანი დიაბეტის ფონზე;
- გენეტიკური ფაქტორები;
- სიმსუქნე, მჯდომარე ცხოვრების წესი;
- თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლიზმი;
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის დიაგნოსტირების რა მეთოდები არსებობს?
- კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- ანგიოგრაფია (სისხლძარღვთა გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი);
- დოპლეროგრაფია და ულტრაბგერითი კვლევა;
- ნევროლოგიური გამოკვლევა;
- სისხლის ლაბორატორიული კვლევები;
როგორ მკურნალობენ ვერტებრო-ბაზილარულ უკმარისობას?
- აუცილებელია თამბაქოს მოწევაზე და ალკოჰოლზე უარის თქმა;
- საჭიროა ქოლესტერინის დონის კონტროლი და შესაბამისი დიეტა, ასევე წონის კონტროლი;
- ყურადღება უნდა მიექცეს მარილის მოხმარების შემცირებას, სწორად დაბალანსებულ კვებას, საჭირო ვიტამინების და მინერალების მიღებას;
- აუცილებელია რეგულარული ფიზიკური აქტივობა, დოზირებული ვარჯიში;
- უნდა მოხდეს არტერიული წნევის კონტროლი;
- თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი, მაშინ საჭიროა სისხლში შაქრის რაოდენობის კონტროლი;
- ექიმის მიერ ინიშნება შესაბამისი მედიკამენტები;
- საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ქირურგიული ჩარევა;
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის გართულებას წარმოადგენს იშემიური ინსულტი, რაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი გართულებები, საჭიროა კვალიფიციურ ექიმ-ნევროლოგთან კონსულტაცია. დროული და ეფექტური მკურნალობის კურსი, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის მკურნალობის და მოსალოდნელი მძიმე გართულებებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა.