კუჭის მაღალი მჟავიანობა
2024-01-18კუჭის მომატებული მჟავიანობა საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არასწორი კვების რეჟიმი და ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღებაა. სწრაფი კვების ობიექტების მიერ შემოთავაზებული საკვების ხშირი მოხმარება, უარყოფითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და იწვევს კუჭის მჟავიანობის მომატებას. ქრონიკული სტრესი შეიძლება ასევე გახდეს ამ პრობლემის მაპროვოცირებელი ფაქტორი.
კუჭის წვენი საკმაოდ აგრესიულად მოქმედი სითხეა. რომ არა კუჭის დამცავი ლორწოვანი გარსი, ეს ორგანო საკუთარ თავსაც მოინელებდა. გარდა იმისა, რომ მჟავე წვენი მონაწილეობს საკვების დაშლის პროცესში, აგრეთვე ასრულებს ორგანიზმის დაცვის ფუნქციასაც, კერძოდ, ანადგურებს იმ მავნე მიკროორგანიზმების აბსოლიტურ უმრავლესობას, რაც საკვების მიღებასთან ერთად ხვდება ორგანიზმში.
საჭმლის მომნელებელი სისტემის სრულფასოვანი ფუნქციობისთვის აუცილებელია კუჭის მჟავიანობის ნორმალურ დონეზე შენარჩუნება, რადგან მისი შემცირება ან მომატება, სხვადასხვა გასტროენტეროლოგიური დაავადებების მაპროვოცირებელია. კუჭის მჟავიანობის (pH მაჩვენებლის) მომატება ხშირად გასტრიტის, დუოდენიტის, გასტროეზოფაგური რეფლუქსის და კუჭის წყლულის თანმხლები სიმპტომია. აღნიშნული მდგომარეობისთვის ძირითადად დამახასიათებელია გულძმარვა და სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში.
მომატებული რაოდენობით მჟავე წვენი გამოიყოფა იმ შემთხვევებში, როდესაც კუჭს უჭირს საკვების გადამუშავება, მისი რაოდენობის ან ცხიმიანობის გამო. პრობლემის თავიდან აცილების საუკეთესო გზას სწორად დაბალანსებული კვება წარმოადგენს. უმჯობესია თუ იშვიათად გამოვიყენებთ გაზიან სასმელს და ცხიმიან საკვებს. მომატებულმა მჟავიანობამ შესაძლოა გამოიწვიოს გულძმარვა, გასტრიტი, დუოდენიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, კუჭის ეროზიები და წყლული.
კუჭის მომატებული მჟავიანობის მიზეზი, შესაძლოა მედიკამენტების ხანგრძლივი მიღებაც გახდეს. მოწევა და ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მოხმარება, ასევე უარყოფითად აისახება კუჭის მჟავიანობაზე. მკურნალობის კურსის მისაღებად, სწორი დიეტის შესარჩევად და კუჭის მომატებული მჟავიანობის დიაგნოსტიკისთვის, უნდა მიმართოთ ექიმ-გასტროენტეროლოგს.