კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
2024-02-22კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდს. ორივე მათგანი იძლევა საშუალებას მიღებულ იქნას სრული და მკაფიო სურათი ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ.
რა არის კომპიუტერული ტომოგრაფია?
ეს არის კვლევის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია რენტგენის გამოსხივებაზე. აპარატის მოძრავი ნაწილი ბრუნავს პაციენტის ირგვლივ, რენტგენის სხივები იჭრება ორგანიზმში, გაივლის რბილ და ძვლოვან სტრუქტურას და აირეკლება მიმღებზე. მიღებული რენტგენის სურათი დამუშავდება კომპიუტერული პროგრამის დახმარებით და გენერირდება სამგანზომილებიანი გრაფიკული გამოსახულება.
რა არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია?
ეს არის კვლევის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაზე. პაციენტი იმყოფება ძლიერი მაგნიტური ველის ზემოქმედების ქვეშ, რაზეც რეაგირებენ მის სხეულში არსებული წყალბადის ატომები, ხოლო მათი რეზონირება აღირიცხება მიმღებზე. მიღებული მონაცემები დამუშავდება კომპიუტერული პროგრამის დახმარებით და გენერირდება სამგანზომილებიანი გრაფიკული გამოსახულება.
რა უპირატესობები გააჩნია კომპიუტერულ ტომოგრაფიას?
- კომპიუტერული ტომოგრაფია უფრო ინფორმატიულია ძვლების, თავის ტრავმების, მუცლის ღრუს ტრავმების, შინაგანი სისხლდენის, ონკოლოგიური დაავადებების, ნერვული და სასუნთქი სისტემის ორგანოთა კვლევის პროცესში;
- კომპიუტერული ტომოგრაფია იძლევა სამგანზომილებიან გამოსახულებას, რომელზედაც ძვლოვანი სტრუქტურა, რბილი ქსოვილი და სისხლძარღვები საკმაოდ მაღალი სიზუსტით არის წარმოდგენილი;
- კომპიუტერული ტომოგრაფია დიაგნოსტირების უმკტივნეულო მეთოდს წარმოადგენს, ხოლო პროცედურის დროს მიღებული დასხივების დოზა მინიმალურია;
- კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის შედეგი შესაძლოა შეინახოს ნებისმიერ ციფრულ დამამახსოვრებელზე;
- მაგნიტურ-რეზონანსულისგან განსხვავებით, კომპიუტერული ტომოგრაფია ნაკლებად რეაგირებს პაციენტის მოძრაობასზე;
რა უპირატესობები გააჩნია მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას?
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უფრო ინფორმატიულია რბილი ქსოვილების, თავის ტვინის, ზურგის ტვინის, კუნთების და სისხლძარღვების კვლევის პროცესში;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგები ხასიათდება მაღალი სიზუსტით, იძლევა სამგანზომილებიან გამოსახულებას და წარმოადგენს უმტკივნეულო პროცედურას;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კვლევის შედეგი შესაძლოა შეინახოს ნებისმიერ ციფრულ დამამახსოვრებელზე;
- მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის დროს არ გამოიყენება რენტგენით დასხივება;
რას იკვლევენ კომპიუტერული ტომოგრაფის დახმარებით?
- ხერხემლის დაზიანებები;
- ძვლოვანი სისტემის დაზიანებები;
- შინაგანი სისხლდენა და ჰემატომები;
- სასუნთქი სისტემის დაავადებები;
- ონკოლოგიური დაავადებები;
- მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებები;
- სისხლძარღვთა ვიზუალიზაცია ანევრიზმის და სტენოზის დროს;
- ორგანოების და ორგანოთა სისტემების მორფოლოგიური ცვლილებები;
- და სხვა;
რას იკვლევენ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის დახმარებით?
- რბილი ქსოვილების და კუნთების დაავადებები;
- თავის ტვინის და ზურგის ტვინის დაზიანებები;
- ონკოლოგიური დაავადებები;
- ინფექციური დაავადებები და ანთებითი პროცესები;
- გაფანტული სკლეროზი;
- ინსულტი;
- სისხლძარღვების კვლევა ანევრიზმების, სტენოზის, თრომბოზის, ათეროსკლეროზის დროს;
- ორგანოების და ორგანოთა სისტემების მორფოლოგიური ცვლილებები;
- და სხვა;
რა უარყოფითი მხარეები აქვს კომპიუტერულ და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას?
- კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენების დროს ხდება ორგანიზმის დასხივება რენტგენის სხივით;
- კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენების დროს უკუჩვენებას წარმოადგენს ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ხოლო ბავშვებში ინიშნება აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე;
- კომპიუტერულ ტომოგრაფიას გააჩნია შეზღუდვები იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომელთაც აწუხებთ შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები;
- მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას გააჩნია შეზღუდვები იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომელთა ორგანიზმში ინტეგრირებულია მეტალის ნივთები (იმპლანტები, კარდიოსტიმულატორი, სმენის აპარატი და სხვა);
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია პრობლემატურია კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისთვის, დახურული სივრცისადმი შიშიდან გამომდინარე;
რა სიხშირითაა დასაშვები კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენება?
დასაშვებია იმ რაოდენობით, რამდენსაც ექიმი მოითხოვს, რადგან თითეული კვლევის დანიშვნამდე, ხდება პაციენტის პირადი ისტორიის გადახედვა. კვალიფიციური ექიმი ითვალისწინებს მიღებული ჯამური დასხივების რაოდენობას, პაციენტის მდგომარეობას და შემდეგ ნიშნავს ახალ კვლევას. ნორმად მიიჩნევა წელიწადში არაუმეტეს 2 - 3 რენტგენოგრაფია ან ტომოგრაფია.
რა არის საჭირო კვლევის პროცესის დაწყებამდე?
მაგნიტურ რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის პროცედურა განსაკუთრებულ მომზადებას არ საჭიროებს. ექიმი კვლევის დაწყებამდე აფრთხილებს პაციენტს თუ როდის მიიღოს საკვები და აცნობს სხვა სპეციფიურ მოთხოვნებს, გამომდინარე კვლევის საჭიროებიდან. მომსახურე პერსონალი ადგილზევე განმარტავს პროცედურის წესებს, მოსთხოვს პაციენტს მეტალის ნივთების მოხსნას (ყელსაბამი, ბეჭედი, საყურე ან სხვა). მიკროფონის დახმარებით აცნობებს მას თუ რა დროს უნდა ამოისუნთქოს ან ჩაისუნთქოს ღრმად, რა დროს უნდა შეიკაოს თავი მოძრაობისგან და სხვა.
როგორ იქცევა მედიკოსი თუ პაციენტს სჭირს კლაუსტროფობია, ანუ დახურული სივრცის შიში?
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის დანახვის დროს ბევრს უჩნდება დახურულ სივრცეში მოთავსების შიში, რაც მნიშვნელოვნად მძაფრდება კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებში. ასეთ შემთხვევაში, პაციენტს წინასწარ ათვალიერებინებენ ტომოგრაფის აპარატს და უხსნიან, რომ პროცედურა საკმაოდ მცირე დოროს დაიჭერს. მომსახურე პერსონალი მიკროფონის დახმარებით მუდმივად კონტაქტზეა მასთან, ეკითხება თუ როგორ გრძნობს თავს და საჭიროების შემთხვევაში აჩერებს პროცედურას. თუ შიში საკმაოდ მკაფიოდაა გამოხატული, შესაძლებელია პროცესში ანესთეზიოლოგის ჩართვა.