განწყობის (ხასიათის) ხშირი ცვალებადობა

 2024-10-30 ფსიქიატრია   ანდრო გაფრინდაშვილი

განწყობის (ხასიათის) ცვალებადობა ყველასთვის ნაცნობი მდგომარეობაა, რასაც ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური და ქიმიური პროცესები განაპირობებს. ამ პროცესების მიმდინარეობა სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. გარე ფაქტორებად შეგვიძლია დავასახელოთ სტრესი, კონფლიქტები, საყოფაცხოვრებო პრობლემები, წარმატებები, გარემოს შეცვლა, ამინდის ცვლილება და სხვა. რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, ის განპირობებულია ფიზიოლოგიური ან პათოლოგიური მდგომარეობით.

ფიზიოლოგიურ ფაქტორთა რიცხვის მიეკუთვნება ჰორმონალური სისტემის ფუნქციობა (ადრენალინის, დოფამინის, სეროტონინის და სხვა ჰორმონების მოქმედება), ხოლო პათოლოგიურად მიიჩნევა ფსიქიკური დარღვევის რომელიმე ფორმა, ძილის პრობლემები, ჰორმონალური დარღვევები და სხვა. სასიხარულო ინფორმაციის მოსმენის შემდგომ დადებითად შეცვლილი განწყობა ფიზიოლოგიურია და მას ჰორმონალური სისტემის ფუნქციობა განაპირობებს, მაგრამ გვაქვს მდგომარეობები, როდესაც განწყობის ხშირი ცვალებადობა ფსიქიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

ადამიანი ემოციური არსებაა და გადაწყვეტილების მიღების დროს მხოლოდ ლოგიკას არ ეყრდნობა. დროის კონკრეტულ მონაკვეთში ზოგიერთი ემოცია მძაფრთება, ხოლო ზოგიერთი სუსტდება, რაც საკმაოდ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუნდაც მუსიკის მოსმენაზე, კარგი ფილმის ნახვაზე, საინტერესო წიგნის წაკითხვაზე ან სხვა. განწყობის ცვლილება პირდაპირ კავშირშია ადამიანის ემოციურ მდგომარეობასთან, შესაბამისად ეს ბუნებრივი პროცესი პათოლოგიად ვერ ჩაითვლება, თუ კვალიფიციური ექიმის მიერ არ დასტურდება რომელიმე ფსიქიკური დარღვევის შედეგად გამოწვეული განწყობის ხშირი ცვალებადობა.

არის შემთხვევები, როდესაც პიროვნება უჩივის განწყობის ხშირ ცვალებადობას და მოიხსენიებს მას, როგორც „ხასიათის უმიზეზოდ შეცვლა“ (მოწყენილობის სიხარულით სწრაფად ჩანაცვლება, შემდეგ უკუპროსეცი და კვლავ მოწყენილობის სიხარულით ჩანაცვლება). იმ შემთხვევაში, როდესაც განწყობა ხშირად იცვლება დეპრესიიდან ჰიპერაქტიურ მდგომარეობამდე (უკიდურესად უარყოფითიდან უკიდურესად დადებითისკენ), საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

განწყობის ხშირი ცვალებადობა, ერთის მხრივ შესაძლოა არ მიუთითებდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, ხოლო მეროეს მხრივ საქმე გვქონდეს საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობასთან, კერძოდ, დეპრესიასთან, ბიპოლარულ ან ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობასთან, პიროვნების გაორებასთან, შიზოფრენიასთან.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ საკმაოდ ემოციური ადამიანები, რომელთა გაბედნიერება და წყენა მარტივია, უფრო მეტიც, მათ აქვთ ემპათიის, ანუ სხვისადმი თანაგრძნობის მაღალი ხარისხი. ამ კატეგორიის პიროვნებები საკმაოდ მძაფრად აღიქვამენ მათ გარშემო მიმდინარე პროცესებს, შესაბამისად მიდრეკილნი არიან განწყობის ხშირი ცვალებადობისკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ფსიქიკური დარღვევები აღენიშნებათ. ასეთი ადამიანების გარკვეული ნაწილი მიისწრაფვის შემოქმედებითი საქმიანობისკენ, როგორიცაა ხატვა, მუსიკა, მწერლობა და სხვა.

განწყობის ხშირი ცვალებადობა დამოკიდებულია ცხოვრებისეულ ეტაპებზეც, კერძოდ, გარდატეხის ასაკზე, ორსულობის პერიოდში მიმდინარე პროცესებზე, მენოპაუზაზე, ანდროპაუზაზე, ალკოჰოლის ან ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულობის გადალახულ ან მიმდინარე პერიოდზე. ამ პერიოდების დასრულების შემდგომ, როგორც წესი განწყობის ხშირი ცვალებადობის შემთხვევათა უმეტესი ნაწილი თავისით გვარდება.

რეკომენდაციები

  • მავნე ჩვევებისთვის თავის დანებება (მოწევა, ალკოჰოლი, ნარკოტიკები);
  • სწორად დაბალანსებული კვება;
  • რეგულარული ფიზიკური დატვირთვის მიღება;
  • მოწესრიგებული ძილის რეჟიმი;
  • სეირნობა სუფთა ჰაერზე, კარგი მუსიკის მოსმენა, მეგობრებთან კონტაქტი;
  • ფსიქიკური დარღვევების არსებობის შემთხვევაში ექიმთან რეგულარული ვიზიტი;
  • ფსიქოთერაპია სხვადასხვა ცხოვრებისეული პრობლემების დროულად მოგვარებისთვის;
  • ემოციების მართვის უნარის გამომუშავება;
  • განწყობის გაუარესებასთან ასოცირებული საკითხებისგან ან გარემოსგან თავის არიდება; 
  • კონფლიქტურ და დეპრესიულ ადამიანებთან ურთიერთობის შემცირება;
  • სოციალურ პლატფორმებზე არსებული უსარგებლო ინფორმაციისთვის თავის არიდება;
  • ჰობი და საყვარელი საქმიანობით დაკავება;