კითხვები პროსტატიტთან დაკავშირებით
2024-02-28 უროლოგია ანდრო გაფრინდაშვილი-
რა იწვევს პროსტატიტს?პროსტატიტი შეიძლება გამოიწვიოს უმოძრაო ცხოვრების წესმა, სექსუალური აქტივობის არარსებობამ ან გაიშვიათებამ, ანთებითმა პროცესებმა, სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა. მნიშვნელოვანია ცივ ამინდში თბილად ჩაცმა, რადგან მაპროვოცირებელი ფაქტორი შესაძლოა შეციებაც აღმოჩნდეს.
-
რა ასაკში ვლინდება პროსტატიტი?პროსტატიტი მეტწილად შუა ხნის მამაკაცების პრობლემაა. ბოლო პერიოდში შეინიშნება საინტერესო ტენდენცია, კერძოდ, 30 წელს გადაცილებულ მამაკაცებს უკვე აღენიშნებათ წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში მიმდინარე ცვლილებები, რაც ქრონიკული პროსტატიტისთვის არის დამახასიათებელი.
-
რა სიმპტომები ახასიათებს პროსტატიტს?დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ფორმით. დამახასიათებელი სიმპტომებია: გახშირებული შარდვა, შარდვის დაუსრულებლობის შეგრძნება, ტკივილი და დისკომფორტი მოშარდვის დროს. შესაძლოა გამოიხატოს სექსუალური აქტივობის და პოტენციის შემცირება, ზოგადი სახის საერთო სისუსტე, დეპრესიისკენ მიდრეკილების ზრდა.
-
როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?პროსტატიტის და პროსტატის კიბოს დიაგნოსტირებას ახორციელებს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმი-უროლოგი. დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები: შარდის ანალიზი, კვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, სწორი ნაწლავიდან გასინჯვა თითით, პროსტატის სეკრეტის კვლევა, სისხლში პროსტატის ანტიგენის განსაზღვრა (PSA), პროსტატის ბიოფსია, მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი ექოსკოპია.
-
როგორ მკურნალობენ პროსტატიტს?მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია პროსტატის მიმდინარეობის ფორმაზე, ასევე პროსტატის ჯირკვლის ქსოვილში მიმდინარე მორფოლოგიურ ცვლილებებზე. მკურნალობის კურსი მოიცავს, როგორც მედიკამენტურ, ასევე ქირურგიულ მიდგომას. სწორი მკურნალობის კურსის მიღება შესაძლებელია უროლოგთან კონსულტაციის შემდგომ. თვითდიაგნოსტირება და თვითმკურნალობა სწორი გადაწყვეტილება არ არის, რადგან შესაძლოა მნიშვნელოვანი გართულებები გამოიწვიოს.
-
რა დროს ვითარდება პროსტატის კიბო?არსებობს პროსტატის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნის ფორმები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მამაკაცების სიმსივნური პათოლოგიების უმეტესობა ფილტვის და პროსტატის კიბოსთან არის დაკავშირებული. სიმსივნური პროცესების განვითარება დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორებზე, ეკოლოგიაზე, მავნე ჩვევების არსებობაზე (მოწევა, ნარკოტიკები, ალკოჰოლი), არაჯანსაღი კვების რეჟიმზე, ინფექციური პროცესების ხანგრძლივ მიმდინარეობაზე.
-
რა ზრდის პროსტატიტის განვითარების რისკ-ფაქტორს?დაავადების განვითარების რისკს ზრდის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების არსებობა, რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. რისკ-ფაქტორი იზრდება ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკებზე დამოკიდებულობის, თამბაქოს მოწევის დროს. ასევე რისკ-ფაქტორად ითვლება ჰორმონალური დისბალანსი. რათქმაუნდა ასაკის მატებასთან ერთად დაავადების განვითარების რისკი იმატებს.
-
შესაძლებელია პროსტატიტმა იმოქმედოს ერექციაზე?ქრონიკულმა პროსტატიტმა შესაძლოა გამოიწვიოს ერექციის და ლიბიდოს (სექსუალური ლტოლვის) დაქვეითება, ტესტოსტერონის ჰორმონის შემცირების საფუძველზე. შესაძლოა გამოიკვეთოს მტკიცნეული ან წარუმატებელი სქესობრივი აქტის შემთხვევების ზრდა, რის გამოც მამაკაცი საკმაოდ სერიოზულ ემოციურ სტრესს განიცდის, რაც კიდევ უფრო აუარესებს ერექციის პროცესის დადგომას და შენარჩუნებას.
-
რა უნდა გავითვალისწინოთ პროფილაქტიკის მიზნით?პროსტატიტის განვითარებისგან თავის არიდების ყველაზე საუკეთესო გზას წარმოადგენს დაცული სქესობრივი აქტი, ანუ პრეზერვატივის გამოყენება შემთხვევით პარტნიორებთან (ინფექციების თავიდან ასარიდებლად). აუცილებელია მოძრავი ცხოვრების წესის და სწორი კვების რეჟიმის დაცვა. უარი უნდა ითქვას ალკოჰოლის ზედოზირებით მოხმარებაზე, თამბაქოს მოწევაზე და ნარკოტიკების მიღებაზე. აუცილებელია რეგულარული სქესობრივი აქტივობა, ხოლო პარტნიორის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლოა მასტრუბაციის მეთოდის გამოყენებაც (ნორმალური დოზით, სქესობრივი პარტნიორის მოძებნამდე).
ძვირფასო მომხმარებლებო!
არ მიმართოთ თვითდიაგნოსტირებას და თვითმკურნალობას, ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, რამდენად სანდოც არ უნდა იყოს იგი.მხოლოდ კვალიფიციურ ექიმს აქვს უფლება დასვას დიაგნოზი და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს მკურნალობის კურსი, თქვენი სამედიცინო კვლევების საფუძველზე.
არ მიიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად! მხოლოდ ექიმს შეუძლია შეარჩიოს სწორი ანტიბიოტიკური მკურნალობა, თქვენი ანალიზების გათვალისწინებით.
ნუ მიიღებთ მედიკამენტებს ახლობლების და მეგობრების რჩევით! ენდეთ შესაბამისი დარგის გამოცდილ და კვალიფიციურ ექიმს, რომელიც იზრუნებს თქვენს ჯანმრთელობაზე.
არ შეგაშინოთ ინტერნეტში მოძიებულმა სამედიცინო ინფორმაციამ, რომელიც ხანდახან მძიმე დაავადებებსაც ეხება. ჩივილების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.