შიზოფრენია

 2023-12-14 ფსიქიატრია   ანდრო გაფრინდაშვილი

შიზოფრენია საკმაოდ გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა. ცივილიზაციის დონის, რელიგიური აღმსარებლობის, კულტურის, რასის და რეგიონული მასშტაბების მიუხედავად, შიზოფრენია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გვხვდება. აღსანიშნავია, რომ დაავადების სიხშირე თითქმის თანაბარია, როგორც მამრობით, ასევე მდედრობით სქესში. შიზოფრენიის წარმოშობის მიზეზები უცნობია. დაავადება ბოლომდე განკურნებადი არ არის, თუმცა შესაძლებელია მისი მართვა, ხანგრძლივი რემისია, გამოხატული სიმპტომების რეგრესი.

შიზოფრენია საკმაოდ მრავალფეროვანი კლინიკური სურათით გამოირჩევა, თუმცა ძირითად სიმპტომებად შეგვიძლია მივიჩნიოთ შემდეგი გარემოებები: პიროვნების ფსიქიკური აქტივობის დაქვეითება, პიროვნების გაორება, აზრთა დაუკავშირებლობა (ალოგიკურობა), ემოციური რეაქციების გამძაფრება ან გაღარიბება, კოგნიტური აშლილობა, არაადეკვატურობა, აპათია, აბულია, პარანოია, ჰალუცინაციები, ბოდვები, აფექტური აშლილობები. დაავადების განვითარების საკმაოდ ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, თუმცა უმეტესწილად გენეტიკური ფაქტორები და ადამიანის ფსიქო-სომატური კონსტიტუცია ყველაზე დიდ როლს თამაშობს.

ფართოდ გავრცელებული კლინიკური სურათია, როდესაც ადამიანს ეჩვენება, რომ მას უთვალთვალებენ, ან მის აზრებს სხვა მართავს და აკონტროლებს. ხშირად დაავადებული თვლის, რომ აზრები რაც მას თავში მოსდის მისგან დამოუკიდებლად (მისი ნების საწინააღმდეგოდ) ფორმირდება გარეშე სუბიექტის მიერ, სხვადასხვა ტექნოლოგიური ან ექსტრასენსული შესაძლებლობებით. დაავადების გაღრმავების შემდგომ ადამიანს ეწყება ხმოვანი და ვიზუალური ჰალუცინაციები. პაციენტის თქმით, მას აიძულებენ გარკვეული ბრძანებების შესრულებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაავადებული ადამიანი მსგავსი ტიპის ბრძანებების შესრულებას ან საერთოდ არ ეწინააღმდეგება ან თვლის, რომ უძლურია მათ წინაშე.

დაავადება ძირითადად ყალიბდება გარდატეხის ასაკში, როდესაც ორგანიზმში საკმაოდ სერიოზული ენდოკრინული პროცესები მიმდინარეობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს მდგომარეობები, რომელიც შიზოფრენიის ზოგიერთ სიმპტომს მოიცავს, თუმცა ეს მდგომარეობა არ ითვლება შიზოფრენიად. ბავშვებში დაავადების დიაგნოსტირება რთულია, რადგან ამ ასაკისთვის ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული აზროვნების მწყობრი სტრუქტურა. საშუალო ასაკში და შემდგომ შიზოფრენიის განვითარების რისკი საკმაოდ დაბალია.

დაავადების ირგვლივ საკმაოდ ბევრი სტერეოტიპი არსებობს. არასწორია, როდესაც შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანს მოიხსენიებენ, როგორც „გიჟი“. ზოგიერთ მხატვრულ ნაწარმოებში, საშინელებათა ფილმებში, ან ფსიქოლოგიურ დრამებში, შიზოფრენია უკიდურესად ნეგატიურ კონტექსტშია წარმოდგენილი. ხშირად შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი დამცირების, დევნის და დაცინვის სუბიექტი ხდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს შიზოფრენიის მძიმე სტადიები, რომლის დროსაც ადამიანმა შესაძლოა დააზიანოს, როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ჯანმრთელობა და საფრთხის ქვეშ დააყენოს სიცოცხლე. მსგავსი პაციენტების დროებით იზოლირება შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში აუცილებელია.