ასთმა

 2024-04-10 სხვა   ანდრო გაფრინდაშვილი

ასთმა სასუნთქი გზების არაინფექციური ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცვალებადი მიმდინარეობა და შეტევები. ასთმა ხელს უშლის სასუნთქი გზების სრულფასოვან ფუნქციობას, იწვევს მის ირგვლივ არსებული კუნთოვანი ქსოვილის დაჭიმვას (შეშუპებას), რის გამოც გაძნელებულია სუნთქვის პროცესი. კუნთოვანი ქსოვილის შეშუპებასთან ერთად შესაძლოა გამოიხატოს ბრონქების ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და ანთებითი პროცესი, რის საფუძველზეც მოჭარბებულია ლორწოვანი მასის გამოყოფა.

ასთმამ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა არ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი პრობლემები, მაგრამ მისი უყურადღებოდ დატოვება არასწორია. დაავადება საკმაოდ სერიოზულია, რადგან ერთის მხრივ, ის მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ჯანმრთელობას, ხოლო მეორეს მხრივ, ასთმური შეტევის დროს შესაძლოა ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. ასთმა დღეისათვის სრულად განკურნებადი არ არის, მაგრამ შესაძლებელია მისი სრულყოფილი მართვა.

რა სიმპტომები ახასიათებს ასთმას?

  • ხველება და მკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება;
  • გაძნელებული სუნთქვა, ხიხინი, ქოშინი;
  • ჰაერის უკმარისობა, უძილობა;
  • შეტევითი ხასიათის ხველა, რომელიც ძლიერდება ღამის პერიოდში;
  • მსტვინავი სუნთქვა, რომელიც ძლიერდება გაციების და გრიპის დროს;
  • ასთმის სიმპტომები მკვეთრდება გაციების პერიოდში, ასევე მტვრის და კვამლის ჩასუნთქვის დროს და ამინდის ცვალებადობისას;

რა იწვევს ასთმას?

  • ოჯახური ანამნეზი (გენეტიკური ფაქტორები);
  • სხვადახვა ალერგიული ტიპის დაავადებები;
  • სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები;
  • ეკოლოგიური ფაქტორები და არაჯანსაღი ცხოვრების წესი;
  • ალერგენებთან და ქიმიურ გამაღიზიანებლებთან კონტაქტი;
  • ჭარბი წონა;
  • ზოგიერთი სახის მედიკამენტი;
  • სტრესული გარემო და დაძაბულობა;

როდის უნდა მივმართო ექიმს?

  • მსტვინავი სუნთქვის დროს;
  • სუნთქვის გაძნელების და ჰაერის უკმარისობისას;
  • როდესაც გამოხატულია ქოშინი მცირე ფიზიკური დატვირთვის დროს;
  • როდესაც გამოხატულია ხიხინი ჩასუნთქვისას ან ამოსუნთქვისას;
  • როდესაც გამოხატულია შებოჭილობის შეგრძნება მკერდის არეში;
  • სასუნთქი გზების ანთების დროს;
  • ინფექციური და ალერგიული პროცესების დროს;
  • ჭარბი წონის ფონზე გამოწვეული სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში;
  • სამედიცინო კონტროლისთვის, როდესაც დადასტურებულია ასთმის დიაგნოზი ან ეჭვი ჩნდება აღნიშნულ დაავადებაზე;

რას ადგენს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია?

  • 2019 წლის მონაცმებით, ასთმით დაავადებულთა რიცხვი 262 მილიონ ადამიანს შეადგენს, ხოლო ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილის 455 000 ფაქტი დადასტურდა;
  • ასთმის საწინააღმდეგო ინჰალატორები დაავადების მართვის და სიმპტომების შემსუბუქების საუკეთესო საშუალებაა. ინჰალატორი ეხმარება პაციენტს შეინარჩუნოს აქტიური ცხოვრების სტილი;
  • თამბაქოს მოწევაზე უარის თქმა, ალერგენებთან კონტაქტის გამორიცხვა, ამცირებს დაავადების სიმპტომებს;
  • ასთმის შედეგად გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევათა უმეტესობა ფიქსირდება მცირე შემოსავლების მქონე ქვეყნებში, სადაც სამედიცინო სერვისებზე სრულყოფილი წვდომა პრობლემატურია;
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახორციელებს ღონისძიებებს, რათა გაიზარდოს ასთმის დიაგნოსტირების, მკურნალობის და პრევენციის შესაძლებლობა გლობალური მასშტაბით;

რა უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად?

  • ასთმის დიაგნოსტირების შემდგომ პაციენტმა აუცილებლად უნდა შეწყვიტოს თამბაქოს მოხმარება;
  • ასთმური შეტევის დროს, თუ შეტევის მომხსნელი მედიკამენტის მოქმედება არაეფექტურია, აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება;
  • ასთმური შეტევის დროს პანიკა და შიში ამძიმებს მდგომარეობას, საჭიროა სიმშვიდის მაქსიმალურად შენარჩუნება, ვერტიკალურ მდგომარეობაში შეტევის მომხსნელი ინჰალატორის შესუნთქვა, საკმაო რაოდენობით სუფთა ჰაერი (შენობაში ფანჯრის გამოღება), ცხვირით ღრმად ჩასუნთქვა და პირით ამოსუნთქვა, მუცლის არეში ქამრის მოშვება, საყელოს შეხსნა;
  • ასთმის პრობლემის მქონე ბავშვს თან უნდა ჰქონდეს ინჰალატორი, მიუხედავად იმისა რამდენად ხშირია ასთმური შეტევა. აუცილებელია მასწავლებლის ინფორმირებაც, რათა საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირება მოახდინოს;

როგორ ხდება ასთმის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

ასთმის დიაგნოსტირებისთვის და პაციენტისთვის მორგებული მკურნალობის კურსის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმს, რომელიც ახორციელებს სასუნთქი გზების დაავადებათა დიაგნოსტირებას და მკურნალობას. თავდაპირველად საჭიროა ექიმ-თერაპევტთან კონსულტაცია, რომელმაც შესაძლოა პაციენტი გადაამისამართოს ალერგოლოგთან, პულმონოლოგთან. მკურნალობა გულისხმობს ასთმის სიმპტომების შემსუბუქებას და მასზე კონტროლის დამყარებას, რა დროსაც გამოიყენება ასთმური შეტევის მომხსნელი და ასთმის მართვის მედიკამენტები.

ცალკეული პაციენტი საჭიროებს ინდივიდუალურ მკურნალობის კურსს და მიდგომას, დაავადების სიმძიმის და გამოხატული სიმპტომების შესაბამისად. ასთმის დროს აუცილებელია პაციენტის სრულფასოვანი ინფორმირება, რათა სიმპტომების გაძლიერების ან ასთმური შეტევის დროს შეძლოს თვითდახმარება. მედიცინის სფეროს წარმომადგენელი ვალდებულია უზრუნველყოს ასთმის შესახებ პაციენტის და მისი ოჯახის წევრებისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით ბავშვთა მშობლებისთვის. ასთმის მკურნალობის პროცესში აუცილებელია ექიმთან რეგულარული ვიზიტი.