კონიუნქტივიტი
2024-01-20კონიუნქტივიტი თვალის ლორწოვანი გარსის (კონიუნქტივის) ანთებითი პროცესია, რომელიც მეტწილად ვითარდება ბავშვებში და მოზარდებში. ის გამოწვეულია ბაქტერიულ-ვირუსული ინფექციით, ან ალერგიული რეაქციებით, ასევე ულტრაიისფერი გამოსხივებით. ბაქტერიული კონიუნქტივიტი შესაძლოა გამოიწვიოს ოქროსფერმა სტაფილოკოკმა, გონოკოკმა, ქლამიდიამ, ხოლო ვირუსული შესაძლოა განვითარდეს ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს. კონიუნქტივიტი უმეტესწილად არ იწვევს სერიოზულ გართულებებს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის პრობლემები.
კონიუნქტივიტის მაპროვოცირებელი დაკვამლიანებულ ან მტვრიან ადგილებში ყოფნაც შეიძლება აღმოჩნდეს. დაავადება შესაძლოა განვითარდეს დაბინძურებული ხელის თვალში ამოსმის შედეგად, სხვადასხვა მედიკამენტების, საწარმოო და სამედიცინო ქიმიური ნაერთების, ან პარფიუმერული და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისას. კონიუნქტივიტისთვის დამახასიათებელია თვალის სიწითლე, ქუთუთოების შეშუპება, გამონადენი, ნადები ქუთუთოებზე, ქავილის და უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, გაღვიძებისას ქუთუთოების ერთმანეთზე დაწებების შეგრძნება. დაავადებამ შესაძლოა დააზიანოს, როგორც ერთი, ასევე ორივე თვალი. დამახასიათებელია მწვავე ან ქრონიკულ მიმდინარეობა.
დიაგნოსტირება ხდება ექიმი-ოფთალმოლოგის მიერ, კლინიკურად გამოხატული სურათის მიხედვით. ინფექციური კონიუნქტივიტის დროს, ხდება ნაცხის აღება და მისი ბაქტერიოლოგიური კვლევა. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების გამომწვევ მიზეზზე, კერძოდ, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების შედეგად განვითარებული კონიუნქტივიტის მკურნალობა, განსხვავდება ალერგიული კონიუნქტივიტის მკურნალობის მეთოდისგან. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბაქტერიული და ვირუსული კონიუნქტივიტი გადამდებია, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ საკუთარი ჰიგიენის საშუალებები, ხშირად დავიბანოთ ხელები.