ტაქიკარდია

 2024-01-24 კარდიოლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

მოსვენების რეჟიმში ადამიანის გულისცემის რაოდენობა განისაზღვრება წუთში 60-დან 90-მდე. ეს არის ნორმა, რომლის გადაჭარბებაც ტაქიკარდიაზე მიუთითებს. ფიზიკური ან ემოციური დატვირთვიდან გამომდინარე, გულისცემა შეიძლება აჩქარდეს ან შემცირდეს, რაც სავსებით ნორმალურია და ფიზიოლოგიურ ტაქიკარდიად მიიჩნევა. პრობლემურად ითვლება მხოლოდ პათოლოგიური ტაქიკარდიის შემთხვევები.

თავად ტაქიკარდია დაავადება არ არის, ის წარმოადგენს სიმპტომს, რომელიც სხვადასხვა დაავადებაზე შეიძლება მიუთითებდეს. ყველაზე ხშირად პათოლოგიური ტაქიკარდიის გამომწვევია გულის დაავადებები, ენდოკრინული სისტემის და ჰემოდინამიკის დარღვევები. ფიზიოლოგიური ტაქიკარდია შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა დატვირთვამ, მომატებულმა დადებითმა ან უარყოფითმა ემოციურმა ფონმა, ტემპერატურის შეცვლამ, სიმაღლეზე ასვლამ, კოფეინის და ალკოჰოლის მიღებამ, ენერგეტიკულმა სასმელებმა, გადაჭარბებული რაოდენობით საკვების მირთმევამ.

ფიზიოლოგიურისგან განსხვავებით, პათოლოგიური ტაქიკარდია სერიოზული პრობლემის წინაშე აყენებს გულის სრულყოფილად მუშაობის რეჟიმს. ამ მდგომარეობაში მყოფი გულისთვის საჭიროა მეტი ჟანგბადის მიწოდება, ამავდროულად პარკუჭები საკმარისი რაოდენობის სისხლით ვერ ივსება, რის გამოც მცირდება არტერიული წნევა, შესაბამისად მცირდება სისხლის ნაკადის საჭირო რაოდენობით მიწოდება ორგანოთა სისტემებისთვის, მათ შორის თავად გულისთვის.

რა ტიპის ტაქიკარდია არსებობს?

  • სინუსური ტაქიკარდია - ამ დროს დარღვეულია გულის სინუსის კვანძში ელექტრული იმპულსების გენერაციის რეჟიმი;
  • პაროქსიზმული ტაქიკარდია - აღინიშნება სუპრავენტრიკულური, წინაგულოვანი, პარკუჭოვანი, კვანძოვანი არითმია;
  • პარკუჭოვანი ფიბრილაცია - გამოწვეულია მიოკარდიუმის ბოჭკოების ქაოსური შეკუმშვით;

რა სიმპტომები ახასიათებს ტაქიკარდიას?

  • მომატებული გულისცემის შეგრძნება;
  • თავბრუსხვევა და გულის ფრიალი;
  • კისრის ძარღვების გამოკვეთილი პულსაცია;
  • სუნთქვის გახშირება მცირე ფიზიკური დატვირთვისას;
  • დისკომფორტის შეგრძნება გულ-მკერდის არეში;
  • ნერვიულობა, პანიკა, გულყრის შეგრძნება;

რა მეთოდებით ხდება ტაქიკარდიის დიაგნოსტირება?

  • ექიმი-კარდიოლოგის მიერ პაციენტის ფიზიკურად გასინჯვისას;
  • ელექტროკარდიოგრამით;
  • ექოკარდიოგრამით;
  • ჰოლტერის აპარატით;
  • ფიზიკური დატვირთვის ტესტით;
  • მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიით;
  • შეიძლება დაინიშნოს სისხლის ლაბორატორიული კვლევები და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრა;

როგორ მკურნალობენ ტაქიკარდიას?

  • გამომწვევი მიზეზის დადგენით და შესაბამისი მკურნალობის კურსის დანიშვნით;
  • შრომის და დასვენების რეჟიმის ნორმალიზებით;
  • ემოციური თვითკონტროლის გაზრდით;
  • სწორი კვების რეჟიმის დაცვით;
  • დიეტით (კოფეინის, ალკოჰოლის, ყავის, ჩაის, ცხარე, მლაშე, ცხიმიანი საკვების გამორიცხვით. ნატურალური წვენების, ხილ-ბოსტნეულის მირთმევით);
  • აუცილებელია ქოლესტერინის დონის და წნევის კონტროლი;

რამდენად საშიშია ტაქიკარდია?

ფიზიოლოგიური ტაქიკარდია ნორმალური მდგომარეობაა და გამოწვეულია ბუნებრივი ფიზიკურ-ემცოიური დატვირთვით, ხოლო პათოლოგიური ტაქიკარდიით გამოწვეული საშიშროების ხარისხი, მისი გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს. ტაქიკარდიამ შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები არ შექმნას, ან პირიქით, ხელი შეუშალოს გულის სტაბილურად მუშაობას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ინსულტი, ინფარქტი, გულის გაჩერება, გონების დაკარგვა, გულის უკმარისობა. პათოლოგიური ტაქიკარდია საჭიროებს მკურნალობას.