გონორეა
2023-12-24გონორეა (იგივე ტრიპერი) არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომლითაც შეიძლება დაავადდეს, როგორც მდედრობითი ასევე მამრობითი სქესის წარმომადგენლები. გონორეა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, მას იწვევს მიკროორგანიზმი Neisseria gonorrhoeae, რომელიც მიდრეკილია სხეულის ტენიანი უბნებისკენ, მაგალითად: ურეთრა, თვალი, საყლაპავი მილი, საშო, საშვილოსნოს ყელი, სწორი ნაწლავი. გონოკოკი ძირითადად აზიანებს შარდ-სასქესო სისტემის ლორწოვან გარსს. მკურნალობის კურსის უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები და ზოგიერთ შემთხვევაში უნაყოფობაც. სწორი ანტიბიოტიკური მკურნალობის შემთხვევაში დაავადება განკურნებადია.
ინფექციის გავრცელება:
გონორეა გადაეცემა დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს, როგორც ვაგინალური, ასევე ორალური და ანალური კონტაქტის შემთხვევაში. იშვიათად ფიქსირდება დაავადების გადაცემა მშობიარობის დროს, ინფიცირებული მშობლიდან შვილზე. ინკუბაციის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 1 კვირამდე.
დაავადების სიმპტომები:
- ქავილი და პათოლოგიური (ჩირქოვანი, მოყვითალო-მოთეთრო ან მოყვითალო-მომწვანო) გამონადენი სასქესო ორგანოდან;
- გამონადენს თან ერთვის მძაფრი უსიამოვნო სუნი;
- წვის, ჭრის ან ტკივილის შეგრძნება მოშარდვის დროს;
- სასქესო ორგანოს თავის შეშუპება და შეწითლება;
- ნაწლავების მტკივნეული მოქმედება;
- მუცლის ქვემო ნაწილის ან მენჯის ტკივილი;
- ჩირქოვანი გამონადენი სწორი ნაწლავიდან;
- ქორნიკული ფორმის დროს შესაძლოა არ გამოვლინდეს გონორეასთვის დამახასიათებელი სიმპტომები;
დიაგნოსტიკა:
- შარდის გამოკვლევა (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით);
- ნაცხის გამოკვლევა (ურეთრიდან ნაცხის აღება და მისი შემდგომი მიკროსკოპული კვლევა);
- სისხლის გამოკვლევა (არ იგულისხმება სისხლის საერთო ანალიზი);
მკურნალობა:
- ანტიბიოტიკები, რომლის მიმართაც Neisseria gonorrhoeae არ არის რეზისტენტული ან ნაწილობრივ რეზისტენტულია (პენიცილინის და ცეფალოსპორინების ფართო ჯგუფი);
- მკურნალობის კურსს ნიშნავს ექიმი-უროლოგი, ექიმი-ვენეროლოგი;
რისკ-ფაქტორები:
- პრეზერვატივის არასწორი გამოყენება ან მასზე უარის თქმა;
- დაუცველი შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტები;
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგისგან თავშეკავება;
- ისეთ სქესობრივ პარტნიორთან კავშირი, რომელსაც ჰყავს სხვა პარტნიორები;
- ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორის ყოლა, ან პარტნიორების ხშირი ცვლა;