ადრენალინი
2024-03-06ადრენალინი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომელიც გამოიყოფა წარმოქმნილი სტრესის საპასუხოდ. ამ ჰორმონის გამომუშავება თირკმელზედა ჯირკვლების დახმარებით მიიღწევა. ალბათ ყველას ჰქონია მომენტი, როდესაც ექსტრემალურ მდგომარეობაში შიშის და პულსის აჩქარების გრძნობა დაეუფლა. ასეთ დროს ორგანიზმი გარკვეულ სტრესს განიცდის, შედეგად სისხლში სწრაფადვე იმატებს ადრენალინის კონცენტრაცია და ადამიანი საკმაოდ მძაფრი შეგრძნებები ეუფლება. ინგლისურ ენაზე სიტყვა „Adrenal“ თირკმელზედა ჯირკვალს აღნიშნავს, ამიტომაც ეწოდა ამ ორგანოს მიერ გამომუშავებულ ერთ-ერთ ჰორმონს „ადრენალინი“.
ადრენალინი ენდოკრინული სისტემის უმნიშვნელოვანესი ჰორმონია. მისი დახმარებით შესაძლებელია ორგანიზმმა ისეთი ფიზიკური აქტივობა გამოავლინოს, რაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ადამიანს შეუძლებლად ეჩვენება. ადრენალინის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის მობილიზაცია ექსტრემალური მდგომარეობით გამოწვეული რისკების საპასუხოდ.
ამ ჰორმონის დახმარებით ორგანიზმი ზრდის თავდაცვით შესაძლებლობებს, მაგალითად თუ ტკივილი საკმაოდ ძლიერეია, შოკურ გარემოებაში მყოფი სხეული ცდილობს ტკივილი სრული სიმძაფრით არ აღიქვას, რაშიც მას ადრენალინის რეცეპტორებიც ეხმარება. ცნობილი ფაქტია, რომ ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილ ადამიანებს უჭირთ მომხდარის გახსენება, რადგან ამ დროს ტვინი რთავს დამცავ ფუნქციას, რითაც ცდილობს მიმდინარე მოვლენები სრულად არ აღიქვას, რაც შეამსუბუქებს მოსალოდნელი ტკივილის განცდას. რომ არა ეს პროცესი და მასში ადრენალინის მონაწილეობა, მაშინ ადამიანი შოკურ მდგომარეობაში დაიღუპებოდა.
ცნობილი ანდაზა „შიშს დიდი თვალები აქვს“, საკმაოდ სწორი გამონათქვამია, რადგან შიშის ფონზე გამოყოფილი ადრენალინი სწრაფადვე გადაისროლება სისხლში და მთელი რიგი პროცესების განვითარებას უბიძგებს, მათ შორისაა გუგების გაფართოებაც. სისხლში ადრენალინის კონცენტრაციის მომატება იწვევს პულსის აჩქარებას, ოფლიანობას, მეტყველების შეზღუდვას, სისხლძარღვების შევიწროებას, საჭმლის მომნელებელი სისტემის აქტივობის შესუსტებას, შეგრძნებათა გამძაფრებას, სისხლში შაქრის დონის მატებას, სუნთქვის გახშირებას. ეს შეგრძნებები რათქმაუნდა დროებითია და ქრება ადრენალინის დონის შემცირებასთან ერთად.
ისევე როგორც დოფამინი, სეროტონინი, ოქსიტოცინი, კორტიზოლი და სხვა ჰორმონები - ადრენალინი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის განწყობაზე. თითეულმა ადამიანმა ალბათ თავადვე იცის რა რაოდენობით ადრენალინის მიღებაა საჭირო მისი ორგანიზმისთვის, რომ თავი აარიდოს მოწყენილობას და ზედმეტად ექსტრემალურ გარემოებაშიც არ აღმოჩნდეს. ადრენალინის ხანგრძლივმა დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს დეპრესია, ხოლო მისი ხშირი გამოყოფა შესაძლოა უარყოფითად აისახოს ჰორმონალურ ფონზე. ადრენალინს ასევე იყენებენ ისეთი საშიში მდგომარეობების დროს, როგორიცაა გულის უეცარი გაჩერება, ანაფილაქსიური შოკი, ალერგიული რეაქციები, ბრონქული ასთმა.
განსაკუთრებით მძაფრი ემოციები, რომელიც ადრენელინის დონის მკვეთრი მატების ტრიგერია ყოველთვის ინახება ჩვენს მეხშიერებაში, გარდა იმ მომენტებისა, როდესაც ტვინი ცდილობს შეგნებულად არ დაიმახსოვროს კონკრეტული გარემოებები, რაც განპირობებულია ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქციებით. განსაკუთრებით მძაფრ ემოციებად შეგვიძლია მივიჩნიოთ პირველი სიყვარული, ექსტრემალური ქმედებები, მოგზაურობის დროს მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილება, დიდი გამარჯვებები, წარუმატებლობები, აზარტით და რისკით მიღებული შეგრძნებები, რაც პირდაპირ კავშირშია ადრენალინთან, რომლის გარეშეც ცხოვრება ალბათ უინტერესო და მოსაწყენი იქნებოდა.