დაბერების პროცესზე მოქმედი ფაქტორები
2024-02-16დაბერების პროცესი გარდაუვალია არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ სამყაროსთვისაც. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ გალაქტიკებიც და ვარსკვლავებიც ბერდებიან. ისტორიის ყველა ეტაპზე, ადამიანს სურდა შეენარჩუნებინა მარადიული ახალგაზრდობა და სილამაზე, მაგრამ ბიოლოგიური პროცესები ნაკლებად თუ ემორჩილება მის ნება-სურვილებს. სურვილები რათქმაუნდა არსად არ გამქრალა, აქედან გამომდინარე, დაბერების პროცესის დაყოვნება, ან მისი სრულად შეჩერება, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
თანამედროვე მეცნიერული თვალთახედვით, ახალგაზრდად ითვლება ადამიანი, რომელმაც დაასრულა ბავშვობის პერიოდი, მიაღწია 18 წელს და არ გადაულახავს 45 წელი. ეს გარკვეულწილად სასიამოვნოდ მოსასმენი ინფორმაციაა, მაგრამ უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ადამიანი 25 წლის ასაკში თავისივე ფიზიკური რესურსების პიკს აღწევს, შემდგომ კი ამ რესურსების გახარჯვა იწყება, რაც მიუთითებს დაბერების შეუქცევადი პროცესის დაწყებაზე.
ადამიანის სიცოცხლის და ახალგაზრდობის ხანგრძლივობას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. საკმაოდ დიდი პროცენტული მაჩვენებელი გენეტიკურ-მემკვიდრეობითი ფაქტორებზეა დამოკიდებული. დიდ როლს თამაშობს გარემო ფაქტორები, მედიცინის და ტექნოლოგიების განვითარების დონე, ცხოვრების წესი, ოჯახური მდგომარეობა, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ინტელექტუალური განვითარების ხარისხი. სხვადასხვა კვლევების საფუძველზე დგინდება, რომ ქალბატონები მამაკაცებთან შედარებით 7-10 წლით უფრო მეტხანს ცოცხლობენ, რაც შესაძლოა მამაკაცებში მომატებულ სარისკო ქცევებთან და ცხოვრების სტილთან იყოს დაკავშირებული.
რა განაპირობებს დაბერების პროცესს?
- გენების მუტაცია და გენეტიკური (მემკვიდრეობითი) ფაქტორები;
- უჯრედების განახლების პროცესის შენელება, ასაკის მატებასთან ერთად;
- ტელომერების (ქრომოსომების დამაბოლოვებელი უბნების) დასუსტება, გამოწვეული უჯრედთა განახლების (გაყოფის) პროცესით;
- უჯრედის რეპლიკაციის და დნმ-ის რეპარაციის დროს წარმოქმნილი შეცდომები;
- ხანდაზმული უჯრედები, რომლებიც არ კვდებიან, შესაბამისად ვერ ხდება მათი ჩანაცვლება ახალი უჯრედებით;
- თავისუფალი რადიკალების ტოქსიკური ზემოქმედება;
- ღეროვანი უჯრედების შემცირება, ასაკის მატებასთან ერთად;
- ეპიგენეტიკური ფაქტორები (კვება, ეკოლოგია, ძილის და ფიზიკური აქტივობის რეჟიმი, სტრესი და სხვა გარემო ფაქტორები);
- მიტოქონდრიების ფუნქციური შესუსტება;
- ინფექციური დაავადებები და იმუნური სისტემის დაქვეითება;
- მიკროელემენტების და ვიტამინების დეფიციტი;
- მზის აქტიური გამოსხივება, ელექტრომაგნიტური და რადიაციული ზემოქმედება;
სიბერის რა ეტაპებს განასხვავებენ?
- პირველი ეტაპი - პირობითად იწყება 45 წლიდან და ხასიათდება რეპროდუქციული ფუნქციის შესუსტებით, უმნიშვნელო ან საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარისხით;
- მეორე ეტაპი - პირობითად იწყება 60 წლიდან და ხასიათდება უჯრედის დაყოფის, ქსოვილის რეგენერაციის პროცესის შენელებით. როგორც წესი, ამ ასაკში უკვე აღინიშნება რამოდენიმე ქრონიკული დაავადების არსებობა;
- მესამე ეტაპი - პირობითად იწყება 75 წლიდან და ხასიათდება უჯრედის დამცავი ბარიერის შესუსტებით, დეგენერაციული პროცესების მიმდინარეობით, რაც თავისმხრივ, ახალ ქრონიკულ დაავადებებს იწვევს.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი დაბერება?
ბუნებრივი (ფიზიოლოგიური) დაბერების პროცესი შესაძლოა დაჩქარდეს ორგანიზმში მიმდინარე დეგრადაციული პროცესების ფონზე, რაც ნაადრევი დაბერების სახელითაა ცნობილი. ითვლება, რომ ნაადრევ დაბერებაზე მოქმედებს ენდოკრინული სისტემის დარღვევები (ჰორმონალური დისბალანსი, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე), გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (ათეროსკლეროზი), ქრონიკული ანთებითი პროცესები, ასევე არანაკლებ როლს თამაშობს ძილის რეჟიმის დარღვევები, სტრესი, ფსიქოლოგიური ფაქტორები, მავნე ჩვევები (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია) და ქრონიკული ფიზიკურ-გონებრივი გადაღლა.
რა ნიშნებია დამახასიათებელი სიბერისთვის?
- ქრონიკული დაავადებების გამომჟღავნება;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები;
- იმუნური სისტემის შესუსტება, ხშირი ინფექციური დაავადებები;
- ნერვული სისტემის პრობლემები;
- მეხსიერების პრობლემები;
- გასტროენტეროლოგიური პრობლემები;
- ენდოკრინული სისტემის პრობლემები;
- რეპროდუქციული ფუნქციების დაქვეითება ან სრულად მოშლა;
- ორთოპედიული პრობლემები;
- ნივთიერებათა ცვლის პრობლემები;
- კუნთების ტონუსის დაქვეითება;
- კანის ელასტიურობის დაკარგვა, ნაოჭების წარმოქმნა;
- თმის გაჭაღარავება;
- სმენის ან მხედველობის დაქვეითება;
- ფიზიკური შესაძლებლობების შესუსტება, ადვილად დაღლა;
როგორ შევანელოთ დაბერების პროცესი?
- თანამედროვე მედიცინას არ გააჩნია მედიკამენტი, რომელიც დაბერების პროცეს საგრძნობლად შეანელებს ან სრულებით შეაჩერებს მას, თუმცა არსებობს გარკვეული მეთოდები, რაც ახალგაზრდობას ახანგრძლივებს;
- აუცილებელია სტრესის ჩანაცვლება ოპტიმიზმით;
- საკმაოდ დადებითად მოქმედებს პოზიტიურ, სასიამოვნო იუმორის გრძნობის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა;
- ჯანსაღი კვების რეჟიმი და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა;
- პირადი ჰიგიენის სტანდარტის მაღალ დონეზე აყვანა;
- მავნე ჩვევებზე უარის თქმა (თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებები);
- ინტელექტის ზრდა, გონების ვარჯიში;
- რეგულარული სექსუალური აქტივობა, რაც გულისხმობს ჯანსაღ სექსს და შემთხვევითი სქესობრივი აქტის დროს პრეზერვატივის გამოყენებას;
- საყვარელი საქმიანობის (ჰობის) აღმოჩენა და მისადმი დროის დათმობა;
დაბერების პროცესისადმი ზოგიერთი ცოცხალი ორგანიზმი საკმაოდ საინტერესო თვისებებს ამჟღავნებს. არსებობს მედუზის სახეობა, სახელწოდებით „ტურიტოპსის ნუტრიკულა“, რომელსაც საკუთარი გენების მართვის უნარი გააჩნია, რისი დახმარებითაც ცვლის საკუთარი განვითარების სტადიას და უბრუნდება საწყის მდგომარეობას. აღნიშნულ მექანიზმს იგი იყენებს სიბერის მიღწევისას, გარდაისახება და ხელთავიდან იწყებს ზრდას.