სმენის პრობლემები

 2024-04-21 ოტორინოლარინგოლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოსახლეობის 5% (430 მლნ. ზრდასრული და 34 მლნ. ბავშვი) საჭიროებს რეაბილიტაციას სმენის დაქვეითების პრობლემის მოსაგვარებლად. ამავე მონაცემებზე დაყდნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უდიდესი ნაწილი, რომელთაც შშმ სტატუსი სმენის დაქვეითების გამო მიენიჭათ, ცხოვრობს დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში.

სმენის დაქვეითება შეიძლება გამოიხატოს მსუბუქ, საშუალო, მძიმე და ღრმა ფორმებში, როგორც ერთ, ასევე ორივე ყურში. დადასტურებული შემთხვევათა 25% მოდის 60 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, რომელთაც ე.წ. სიყრუის ფორმა გამოხატული აქვთ, როგორც საშუალო, ასევე ღრმა ხარისხით. შშმ პირებთან ურთიერთობისთვის, რომელთაც გამოხატული აქვთ ღრმა სმენის პრობლემები, გამოიყენება ჟესტების ენა და სუბტიტრები.

სმენის პრობლემები მეტწილად ასაკით გამოწვეულ დეგენერაციულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული, თუმცა მისი დაქვეითება ბევრ სხვა გარემოებებზეა დამოკიდებული, კერძოდ, გენეტიკურ ფაქტორებზე, გადატანილ ინფექციებზე, შუა ყურის ქრონიკულ დაავადებებზე, ყურში გოგირდის საცობის დაგროვებაზე, ონკოლოგიურ პროცესებზე, თანდაყოლილ ანომალიებზე, წნევის მკვეთრ ცვალებადობაზე, თამბაქოს მოწევასა და ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მოხმარებაზე. მაპროვოცირებელი ფაქტორი შესაძლოა გახდეს ხმაურიან ადგილებში მუშაობა, ყურსასმენებით მუსიკის მაღალ ხმაზე მოსმენა, იარაღის სროლის და აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ხმა, თავის და ყურის ტრავმები, ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი მოხმარება ან ქიმიური ნაერთების ზემოქმედება.

იმ შემთხვევაში, თუ სმენის პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი ზომები არ იქნა მიღებული, შესაძლოა ადამიანს საკმაოდ სერიოზული დოსკომფორტი შეექმნას, კერძოდ, გამოიხატოს შეზღუდვები ვერბალური კომუნიკაციის პროცესში, განვითარდეს კოგნიტური უნარების დაქვეითება, პიროვნება მოექცეს სოციალურ იზოლაციაში, გამოიკვეთოს პრობლემები შემოქმედებით, სასწავლო-საგანმანათლებლო, სამსახურეობრივ და სხვა სფეროებში.

სმენის პრობლემის მოსაგვარებლად მეტწილად გამოიყენებენ სმენის აპარატებს, რომელთა დახმარებით პაციენტი იუმჯობესებს მდგომარეობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა გარკვეული ტიპის რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნას აცილებული სმენის დაქვეითება ან მისი დაკარგვა. რეკომენდაციები ითვალისწინებს შემდეგ ასპექტებს: ყურის დაავადებათა დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა, სამუშაო ადგილზე ხმაურის იზოლაცია, სპეციალური ზომების გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც ქიმიური ნაერთები ზემოქმედებს სმენის აპარატზე. რეკომენდაციები ასევე ითვალისწინებს: დედათა და ბავშვთა ეფექტურ მოვლას და ჯანდაცვას, სმენის აპარატზე მოქმედი მედიკამენტების შესაბამისი სიფრთხილით გამოყენებას, გასართობ ადგილებში ხმამაღალი მუსიკის და ხმაურის შესამცირებელი სტრატეგიული ზომების მიღებას.

სმენადაქვეითებულ პაციენტთა დიდ ნაწილს აღენიშნება ტინიტუსი, რაც ყურში სუბიექტური (ესმის მხოლოდ პაციენტს და არ არის განპირობებული ობიექტური გარემო ფაქტორებით) ხმაურის შეგრძნებას იწვევს. ტინიტუსის დროს გამოხატულია მონოტონური ხმა ერთ ან ორივე ყურში, კერძოდ, ზარის რეკვის, სტვენის, გუგუნის, შრიალის, წრიპინის ან სხვა ტიპის ხმები, რაც შესაძლოა სამომავლოდ სმენის დაქვეითებაზე მიუთითებდეს. ყოველწლიურად ფიქსირდება უცაბედი სიყრუის შემთხვევები, როდესაც ადამიანი სმენას მოულოდნელად, რამოდენიმე საათში კარგავს.

სმენის აპარატის დაავადებების დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა გადამწყვეტ როლს თამაშობს სმენის დაქვეითების დროულ პრევენციაში. ხანდახან სმენის გაუარესების მიზეზი საკმაოდ მარტივად გადასაჭრელ პრობლემებთან არის დაკავშირებული, თუნდაც ყურში გოგირდის საცობის დაგროვებასთან, რაც მარტივად მოგვარდება ყურის გამორეცხვის პროცედურით. იმ შემთხვევაში თუ უჩივით სმენის სიმახვილეს, აუცილებელია კონსულტაცია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმთან, რადგან მიზეზი შესაძლოა იყოს ნაკლებად საგანგაშო ან საკმაოდ სერიოზული.

სმენის აპარატის დაავადებათა დიაგნოსტირებისთვის უნდა მიმართოთ ოტოლარინგოლოგს, რომელმაც შესაძლოა პაციენტი დამატებითი კვლევებისთვის მომიჯნავე დარგის სპეციალისტთან გადაამისამართოს. თავდაპირველად აუცილებელია ყურის დათვალიერება ოტოსკოპით, რომლის დამხარებითაც ფასდება დაფის აპკის და სმენის მილის ზოგადი მდგომარეობა. მომდევნო ეტაპზე ინიშნება აუდიომეტრია და ტიმპანომეტრია, რისი დახმარებითაც დგინდება სმენის სიმახვილე. აღნიშნული პროცედურების შემდგომ, ექიმი ნიშნავს დიაგნოსტირბის სხვა მეთოდებს, გამომდინარე პაციენტის სმენის აპარატის პირველადი შეფასებიდან.

ვიდეო ტესტი სმენის შესამოწმებლად