თავის ტვინის ნახევარსფეროების ლატერალიზაცია

 2024-02-21 ნევროლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

თავის ტვინი ცენტრალური ნერვული სისტემის მთავარი ორგანოა. ამ ორგანოს შესწავლამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, მაგრამ მისი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ საიდუმლოებით არის მოცული. თანამედროვე მედიცინაში ტვინის ცალკეული უჯრედები და უბნები საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, მაგრამ საკითხი, თუ როგორ ფუნქციონირებს ტვინი, მასში არსებული მილიონობით ნეირონის ურთიერთკავშირის შედეგად, კვლავინდებურად ზოგადი ფორმითაა გადმოცემული და სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს. ტვინის სხვადასხვა უბნები სხვადასხვა ფუნქციებზეა პასუხისმგებელი, რაც ამ ორგანოს ტრავმების მქონე პაციენტების შესწავლის წყალობით იქნა დადასტურებული.

თავის ტვინის ანატომია საკმაოდ რთულია. მარტივი ენით თუ გადმოვცემთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ხერხემლიანების თავის ტვინი ნერვული ბოჭკოებით შეკავშირებულ მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროსგან შედგება. ითვლება, რომ მარცხენა ნაწილი პასუხისმგებელია ლოგიკურ (რაციონალურ) აზროვნებაზე, ხოლო მარჯვენა ნაწილი ავითარებს ფანტაზიას და შემოქმედებით აზროვნებას. მიუხედავად ამ გავრცელებული მოსაზრებისა, ტვინის ფუნქციების მსგვასი ფორმით ლატერალიზაცია მთლად გამართლებული არ არის, რადგან ფუნქციათა უმეტესობა თანაბრად ნაწილდება ორივე ნახევარსფეროზე.

მარცხენა ნახევარსფერო

ითვლება, რომ ტვინის ეს ნაწილი პასუხისმგებელია ლოგიკურ აზროვნებაზე, რაციონალურობაზე, კოგნიტურ შესაძლებლობებზე, ინტელექტზე, მიღებული ინფორმაციის ანალიზზე, მათემატიკურ შესაძლებლობებზე. ადამიანები, რომელთაც საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული მარცხენა ნახევარსფერო გამოირჩევიან კარგი მეხსიერებით. მათთვის ასევე დამახასიათებელია გადაწყვეტილებების მიღება არა ემოციურ ფონზე, არამედ პრაგმატული და წინასწარ მომზადებული სქემის მიხედვით. მარცხენა ნახევარსფერო აკონტროლებს სხეულის მარჯვენა მხარეს.

მარჯვენა ნახევარსფერო

ითვლება, რომ ტვინის ეს ნაწილი პასუხისმგებელია შემოქმედებით უნარებზე, ინტუიციაზე, სივრცეში ორიენტაციაზე, ემოციურობაზე, ფანტაზიის განვითარებაზე. ადამიანები, რომლებთაც საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული მარჯვენა ნახევარსფერო გამოირჩევიან წარმოსახვითი სამყაროს შექმნის უნარით, კარგად აქვთ განვითარებული ფანტაზია და ბევრს ოცნებობენ. მარჯვენა ნახევარსფერო საკმაოდ განვითარებული აქვთ მხატვრებს, მუსიკოსებს, მწერლებს, კრეატიული აზროვნებით გამორჩეულ ადამიანებს. ისინი უფრო მეტად გამოირჩევიან ემოციურობით და გადაწყვეტილებების მიღებისას ეყრდნობიან გრძნობებს. მარჯვენა ნახევარსფერო აკონტროლებს სხეულის მარცხენა მხარეს.

მეოცე საუკუნეში, ეპილეფსიის მქონე პაციენტებში კრუნჩხვების შესამცირებლად გამოყენებული იქნა ახალი მეთოდი, რომელიც გულისხმობდა მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების შემაკავშირებელი ნერვული ბოჭკოების განცალკავებას, რითაც ირღვეოდა ელექტრული იმპულსის გადაადგილება ნახევარსფეროებს შორის. ამ პროცედურის შემდგომ გამოვლენილმა გვერდითმა ეფექტებმა ბევრ შეკითხვას უპასუხა და ბევრი ახალი კითხვებიც წარმოქმნა. აღმოჩნდა, რომ მსგავსი ტიპის ოპერაციის შემდგომ, ერთის მხრივ პაცინეტს შეეძლო შეხებოდა ნივთს მარცხენა ხელით და აღეწერა იგი თვალდახუჭულს, ხოლო მეორეს მხრივ, იმავე ნივთის აღწერა სრულებით ვერ მოეხერხებინა მარჯვენა ხელით შეხებისას.