ტიმპანომეტრია

 2024-02-23 ოტორინოლარინგოლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

ტიმპანომეტრია შუა ყურის პათოლოგიათა დიაგნოსტირების მეთოდია. პროცედურა ტარდება სპეციალური პორტატული აპარატის, ტიმპანომეტრის გამოყენებით, რომელიც აღჭურვილია მცირე ზომის ყურის ზონდით, მასზე მიმაგრებული ყურის საცობით, ჰაერის ტუმბოთი, ხმის გენერატორით და მიკროფონით.

თავდაპირველად, აუცილებელია საჭირო წნევის შექმნა ყურის შიგნით, რაც საცობის და ჰაერის ტუმბოს დახმარებით მიიღება. შემდგომ საქმეში ერთვება ხმის გენერატორი, რომელიც აგენერირებს განსაზღვრული სიხშირის და ინტენსივობის ხმოვან სიგნალებს. გენერირებული ბგერების ვიბრაცია აისახება დაფის აპკზე, ნაწილი გადაეცემა სმენის ძვლებს, ხოლო ნაწილი აირეკლება და მიკროფონის საშუალებით მიეწოდება აპარატის რეგისტრატორს, რომელიც მიღებულ სიგნალებს გრაფიკულად გამოსახავს ეკრანზე.

ტიმპანომეტრიასთან ერთად ასევე ინიშნება აუდიომეტრია, რათა სრულფასოვნად განისაზღვროს სმენის ხარისხი. პროცედურის ჩატარებამდე საჭიროა ყურში არსებული გოგირდის საცობის მოშორება, მისი გამორეცხვის გზით. აუცილებელია, რომ დაფის აპკის მთლიანობა არ იყოს დარღვეული, ასევე არ აღინიშნებოდეს ტრავმები, სისხლდენა ყურიდან ან მიმდინარე მწვავე ინფექციები. 

თავად პროცედურა უმტკივნეულოა, თუ მცირე დისკომფორტის შეგრძნებას არ ჩავთვლით, რომელიც შესაძლოა პერიოდულად წარმოქმნილმა მკვეთრმა ბგერებმა გამოიწვიოს. პროცედურა შეიძლება ჩატარდეს, როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში. კვლევის პროცესში აუცილებელია მჯდომარე პოზიციაში ყოფნა, საუბრისგან თავის შეკავება, ნერწყვის ყლაპვის დროებით შეჩერება, ხოლო პატარების შემთხვევაში ტირილის შეწყვეტა.

ტიმპანომეტრიის შედეგად დგინდება დაფის აპკის დაზიანებები, ექსუდატის დაგროვება შუა ყურში, ოტიტი, სმენის ძვლების და შუა ყურის პათოლოგიები, რამაც შეიძლება სმენის პრობლემები გამოიწვიოს. პროცედურით მიღებული შედეგების ანალიზს ახორციელებს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმი. ტიმპანომეტრია სპეციალისტს აძლევს შესაძლებლობას, მაღალი ალბათობით ეჭვი მიიტანოს კონკრეტულ დაავადებაზე.

ვიდეო ტესტი სმენის შესამოწმებლად