ღვიძლის გაცხიმოვნება

 2024-01-17 გასტროენტეროლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

ღვიძლის გაცხიმოვნება (იგივე ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ცხიმოვანი ჰეპატოზი ან ღვიძლის სტეატოზი) სხვადასხვა ფაქტორების შედეგად განვითარებული მდგომარეობაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ღვიძლის უჯრედებში (ჰეპატოციტებში) ჭარბი რაოდენობის ცხიმია ჩალაგებული. დაავადება ასოცირდება ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარებასთან, არასწორი კვების რეჟიმთან, შაქრიან დიაბეტთან, ჭარბწონიანობასთან, სისხლში მომატებულ ქოლესტერინის დონესთან. იშვიათად ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება გახდეს ზოგიერთი ტიპის მედიკამენტების მიღება და კუჭ-ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციები.

პაციენტთა უმეტესობას ცხიმოვანი ღვიძლის ნიშნები შემთხვევით უვლინდება, ექიმთან კონსულტაციის დროს (მაგალითად, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევისას). ეს მდგომარეობა საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ჩივილები მეტწილად არ გამოვლინდება. კვალიფიციური ექიმი საკმაოდ ბევრ ფაქტორს ითვალისწინებს, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის დიაგნოზის დასმისას, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის არსებობას, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობას, ალკოჰოლის მიღების სიხშირესა და მისი რაოდენობას. დიაგნოსტირების დროს განისაზღვრება ღვიძლის და ელენთის ზომა, ტარდება სისხლის ლაბორატორიული და ღვიძლის ულტრაბგერითი კვლევები, ექიმი ფიზიკურად სინჯავს პაციენტს და საჭიროების შემთხვევაში ატარებს ღვიძლის ბიოფსიას.

ღვიძლის გაცხიმოვნებამ შესაძლოა გამოიწვის ამ ორგანოს ანთებითი პროცესის განვითარება (ჰეპატიტი), რომლის პროგრესირება ღვიძლის უჯრედების (ჰეპატოციტების) დაზიანების და ღვიძლში სისხლის მიმოქცევის (ღვიძლის უკმარისობის) გამომწვევი მიზეზია. თუ დაავადების დიაგნოზი ადრეულ სტადიაში დაისვა და ექიმის მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულდა, პროგნოზი საკმაოდ კეთილსაიმედოა. ღვიძლის გაცხიმოვნების პროგრესირებისას (საკმაოდ მცირე პროცენტში) შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ციროზი, თუ პაციენტს თანსდევს ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა C ვირუსული ჰეპატიტი, შაქრიანი დიაბეტი, ვილსონის დაავადება.

ღვიძლის გაცხიმოვნება არამარტო ამ ორგანოს პრობლემა, არამედ გულ-სისხლძარღვთა სისტემის და თირკმლის დაავადებათა გამომწვევი რისკ-ფაქტორია. ღვიძლის სტეატოზის მკურნალობა და პრევენცია ეფუძნება მისი გამომწვევი მიზეზების შემცირებას. წონის კონტროლი, ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესი, მოწესრიგენული კვების რეჟიმი, ალკოჰოლის მოხმარებაზე უარის თქმა, შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში გლუკოზის დონის რეგულირება, ამცირებს ღვიძლის სტეატოზის განვითარების რისკებს.