პარანოიდული აშლილობა
2024-01-19პარანოიდული აშლილობა ფისიქიკური პათოლოგიის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც გამოირჩევა სხვების მიმართ გამოხატული ზოგადი უნდობლობით, ეჭვიანობით, შიშით. მსგავსი ტიპის ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები გამუდმებით ეძებენ ისეთ გარემოებებს, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ საკუთარი ეჭვიანობა გააღრმაონ, დაასაბუთონ ან მოუძებნონ შესაბამისი საბაბი. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ადვილად ბრაზდებიან, ადვილად სწყინთ და შეუცნობელი (პანიკური) შიშით არიან შებყრობილნი.
პარანოიდული პიროვნების აშლილობისათვის დამახასიათებელია, სხვა ადამიანის ქმედებების მტრული პოზიციიდან განსჯა. გადაჭარბებული მგრძნობელობა საკუთარი წარუმატებლობის და სიძნელეების გადალახვის მიმართ, ასევე თავდაცვითი და ეჭვიანობით სავსე ცხოვრების სტილი, ბოღმა, რამაც პიროვნება შესაძლოა იზოლირებული ცხოვრების წესამდეც კი მიიყვანოს. ისევე, როგორც სხვა ფსიქიკური პრობლემების განვითარება, პარანოიდული აშლილობა მეტწილად გენეტიკასა და ადამიანის ფსიქო-სომატურ კონსტიტუციაზეა დამოკიდებული.
პარანოიდული აშლილობის მქონე ადამიანები გამოირჩევიან აგრესიული და ჯიუტი დამოკიდებულებით. ამას თან ერთვის განმეორებადი ეჭვები, რასაც საფუძველი არ გააჩნია, ან ნაკლებად საფუძვლიანია. ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მარადიულად ეჭვი შეაქვს სხვების მისადმი ერთგულებაში, რითაც ზრდის საკუთარი ამპარტავნების გრძნობას. პარანოიდული პიროვნების აშლილობას შესაძლოა თან ერთვოდეს სხვა ფსიქიკური პრობლემები, მაგალითად ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, დეპრესია, ნარცისიზმი, სადიზმი ან სხვა.
ამ ტიპის პათოლოგიის მკურნალობა (ისევე, როგორც სხვა ფსიქიატრიული პათოლოგიების) საკმაოდ კომპლექსურია და საჭიროებს პაციენტის ნებისყოფას. უპირველეს ყოვლისა, ის უნდა ენდოს თავისივე მკურნალ ექიმს და გაათვიცნობიეროს, რომ საჭიროებს დახმარებას. ამის საფუძველზე, პაციენტმა უნდა გამონახოს ძალა საკუთარ თავში, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მუდმივი ეჭვიანობის დაძლევა. ფსიქოთერაპია და ანტიდეპრესანტული მოქმედების მქონე მედიკამენტები აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას.