საჭმლის მონელების პროცესი
2024-02-25საჭმლის მომნელებელი სისტემის სრულყოფილი ფუნქციობა განსაზღვრავს ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობის ხარისხს. საკვების დახმარებით ადამიანი იღებს ენერგიას და სიცოცხლისთვის საჭირო ნივთიერებებს. საჭმლის მიღებიდან მის სრულფასოვან მონელებამდე რამდენიმე საათია საჭირო, თუმცა საკვების ტიპის და სხვა ფაქტორთა გათვალისწინებით, ეს დრო შესაძლოა 72 საათამდეც გაგრძელდეს.
საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციობა იწყება საკვების მიღების მომენტიდან და სრულდება გადამუშავებული ნარჩენების (ექსკრემენტების) ორგანიზმის გარეთ გამოდევნით. თავდაპირველად საკვები ქუცმაცდება პირის ღრუში, კბილების, ენის და ნერწყვის დახმარებით. დაქუცმაცებული საკვები პირის ღრუდან გადადის საყლაპავში, შემდგომ იხსნება საყლაპავის ქვედა რგოლისებრი კუნთი (სფინქტერი) და საკვები საყლაპავი მილიდან გადადის კუჭში. იმისათვის, რომ ჩაყლაპული საჭმლის მასა უკან, საყლაპავის მიმართულებით არ დაბრუნდეს, სფინქტერი იხურება და კუჭი იწყებს მიღებული საკვების გადამუშავებას.
საკვების გადამუშავების აქტიური პროცესი სწორედ კუჭიდან იწყება, კერძოდ, კუჭის მჟავე წვენის დახმარებით (რომელიც საკმაოდ აგრესიულად მოქმედი სითხეა) მიმდინარეობს საკვების დაშლის პროცესი. რომ არა კუჭის დამცავი ლორწოვანი გარსი, რომელიც მდგრადია მისივე მჟავე წვენის მიმართ, მაშინ კუჭი საკუთარ თავსაც კი მოინელებდა. კუჭის მჟავე წვენის დახმარებით ნადგურდება იმ მავნე მიკროორგანიზმების აბსოლიტური უმეტესობა, რაც საჭმელთან ერთად ხვდება ორგანიზმში.
კუჭიდან საკვები გადადის წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში, თორმეტგოჯაში, შემდგომ უშუალოდ წვრილ ნაწლავში, სადაც მასაზე ზემოქმედებს პანკრეასის წვენი და ნაწლავების სპეციალური ფერმენტები, რაც ხელს უწყობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მონელებას. პანკრეასის წვენთან ერთად, პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებს ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. გამომუშავებული ნაღველი ჩაედინება ნაწლავში, რაც აჩქარებს ცხიმების სრულყოფილად მონელების პროცესს. წვრილი ნაწლავის კედლების დახმარებით, მიღებული საკვებიდან ორგანიზმში შეიწოვება წყალი და ყველა საჭირო მინერალი, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადავა მსხვილ ნაწლავში, საიდანაც უკანა ტანის დახმარებით გარეთ გამოიდევნება. ნაწლავებში საკვების გადაადგილება უზრუნველყოფილია აღნიშნული ორგანოს კედლის მცოცავი (ტალღისებრი) მოძრაობის დახმარებით.
საშუალოდ 6 დან 8 საათამდე დროა საჭირო, რომ საკვებმა გაიაროს კუჭი, წვრილი ნაწლავი და აღმოჩნდეს მსხვილ ნაწლავში. მყარი საკვებისგან განსხვავებით, წყლის გადამუშავება ბევრად სწრაფად ხდება, დაახლოებით 10-20 წუთში. თუ უზმოზე წყალს მიირთმევთ, ის სწრაფადვე აღმოჩნდება ნაწლავებში, სწორედ ამიტომ, დილით ერთი ჭიქა წყლის მიღება დადებითაც აისახება ორგანიზმზე, რადგან ამ გზით იგი სწრაფადვე აღიდგენს წყლის ბალანსს. ასევე დადებითად მოქმედებს ნატურალური წვენების მიღება, რადგან ამ გზით ორგანიზმი სწრაფადვე ითვისებს საჭირო ვიტამინებს და მინერალებს, ხოლო მიღებული სითხის მონელებისთვის შედარებით მცირე დრო და ენერგია ეხარჯება.
საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს ცხიმიანი, ცხარე და ზეთში შემწვარი საკვების გადამუშავება. სწრაფი კვების ობიექტების მიერ შემოთავაზებული საკვების აბსოლიტური უმეტესობა, სწორედ ამ კატეგორიის პროდუქციას მიეკუთვნება. მათი ხშირი მოხმარება უარყოფითად აისახება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგად ჯანმრთელობაზე. ორგანიზმისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია წვნიანი საკვების მიღება, კვირაში რამდენჯერმე მაინც, რადგან ხანგრძლივი მშრალი კვების რეჟიმი ასევე უარყოფითად მოქმედებს მასზე. ორგანიზმი, რომელსაც ლაქტოზას მიუღებლობის პრობლემა აქვს, რთულად გადაამუშავებს რძის პროდუქტებს.
ასაკთან ერთად საჭმლის მომნელებელი სისტემის და მეტაბოლიზმის (მისი გადამუშავების) პრობლემები იმატებს, ხოლო არაჯანსაღი კვების რეჟიმი საკმაოდ ბევრი დაავადების განვითარების რისკს ზრდის, მათ შორისაა ენდოკრინული სისტემის პრობლემები (შაქრიანი დიაბეტი), გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ონკოლოგიური პროცესები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და სხვა.