ლეიკოციტოზი

 2023-11-21 ჰემატოლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

ლეიკოციტოზის დროს სისხლში იმატებს ლეიკოციტების რაოდენობა, რაც მიუთითებს ორგანიზმში ანთებითი პროცესების მიმდინარეობაზე. ლეიკოციტები (სისხლის თეთრი უჯრედები) იცავენ ორგანიზმს სხვადასხვა ტიპის ინფექციური პროცესებისგან და პასუხისმგებელნი არიან ადამიანის იმუნური სისტემის სრულფასოვან ფუნქციობაზე.

ლეიკოციტოზი თავადვე წარმოადგენს სიმპტომს, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს ანთებით, ინფექციურ პროცესებზე, მძიმე ემოციურ ან ფიზიკურ სტრესზე, ალერგიულ რეაქციებზე ან ონკოლოგიურ პროცესებზე. ონკოლოგიურ დაავადებაზე ეჭვი უნდა იქნას მიტანილი იმ შემთხვევაში, თუ სისხლში იმატებს უმწიფარი (დაუსრულებელი) ლეიკოციტების რაოდენობა.

ლეიკოციტოზი შეიძლება იყოს ნეიტროფილური, მონოციტური, ლიმფოციტური, ეოზინოფილური, ბაზოფილური.

ნეიტროფილური (ასევე მონოციტური) ლეიკოციტოზი ვითარდება ბაქტერიული ინფექციების დროს, რომლის მკურნალობაც ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ანტიბაქტერიული და ანტიბიოტიკური პრეპარატებით.

ლიმფოციტური ლეიკოციტოზი ძირითადად მიუთითებს ვირუსულ ინფექციებზე. ასეთ დროს სიხლში მომატებულია ლიმფოციტების რაოდენობა, რომლებიც თავის მხრივ ცდილობენ გამოიმუშაონ ანტისხეულები, ვირუსულ უჯრედებში აპოპტოზის (პროგრამირებული განადგურების) პროცესის დასაწყებად.

ეოზინოფილური ლეიკოციტოზი მიუთითებს ორგანიზმში მიმდინარე ალერგიულ პროცესებზე, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს როგორც მედიკამენტებმა, ასევე ზოგიერთი სახის პროდუქტმა.

მიუხედავად იმისა, რომ ლეიკოციტოზი თავად წარმოადგენს პათოლოგიური პროცესების მიმდინარეობის შედეგად წარმოდგენილ სიმპტომს, შესაძლებელია ჩამოითვალოს შემდეგი მდგომარეობები, რაც მიუთითებს ლეიკოციტოზზე და საჭიროებს ექიმთან ვიზიტს:

  • სხეულის ტემპერატურის მომატება;
  • ძილიანობა, მადის დაკარგვა, სისუსტე;
  • უმიზეზოდ წონაში კლება;
  • ხშირი სისხლჩაქცევები;
  • ღამით მომატებული ოფლიანობა;
  • ხშირი თავბრუსხვევები და გულის წასვლა;

ლეიკოციტოზის მკურნალობა მისი გამომწვევი მიზეზის (მიზეზების) მკურნალობაზეა დამოკიდებული, ან შესაძლოა პრობლემა მედიკამენტური დახმარების გარეშე თავად ჯანმრთელმა ორგანიზმმა მოაგვაროს. საყურადღებოა მდგომარეობა, რომლის დროსაც შეინიშნება მოუმწიფებელი ლეიკოციტების პათოლოგიური სიჭარბე.