კითხვები გასტრიტთან დაკავშირებით
2024-02-26 გასტროენტეროლოგია ანდრო გაფრინდაშვილი-
რა არის გასტრიტი?გასტრიტი სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესია. დაავადებისთვის დამახასიათებელია, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მიმდინარეობა.
-
რა იწვევს გასტრიტს?უმეტესწილად დაავადების გამომწვევია მიკროორგანიზმი Helicobacter pylori (ჰელიკობაქტერ პილორი). ეს არის ბაქტერია, რომელსაც თავისუფლად შეუძლია არსებობა კუჭის მჟავე წვენით გაჯერებულ გარემოში. გასტრიტის გამომწვევი ზოგადი მიზეზი არასწორი კვების რეჟიმია.
-
რა სიმპტომები ახასიათებს გასტრიტს?გასტრიტისთვის დამახასიათებელია ტკივილის და სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულძმარვა, ღებინების შეგრძნება, გაძლიერებული ან შემცირებული კვების მადა, არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში, მეტეორიზმი, პულსის გახშირება, თავბრუსხვევა.
-
შესაძლოა გასტრიტი მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ?ქრონიკული გასტრიტი შესაძლოა წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თუმცა მისი გამწვავების პერიოდში სიმპტომები შესამჩნევად არის გამოხატული. მიუხედავად სიმპტომების არარსებობისა, გასტრიტის მკურნალობა აუცილებელია.
-
როგორ მკურნალობენ გასტრიტს?გასტრიტის სწორი მკურნალობისთვის საჭიროა ვიზიტი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმთან (გასტროენტეროლოგთან), ვინაიდან თითეული შემთხვევა ინდივიდუალურ კვლევას და მკურნალობას საჭიროებს. არასწორმა მკურნალობამ შესაძლოა მდგომარეობის გართულება გამოიწვიოს.
-
რამდენად მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა გასტრიტის დროს?სწორი დიეტა ნამდვილად სასარგებლოა დაავადების ეფექტური მკურნალობის პროცესში. დიეტას არჩევს ექიმი, ითვალისწინებს რა გასტრიტის გამომწვევ მიზეზს და სტადიას. ზოგადად სასარგებლოა შემწვარი საკვების მოხარშულით ჩანაცვლება და გაზიან სასმელებზე უარის თქმა. აუცილებელია ცხიმიანი, მჟავე და ცხარე საკვების შეზღუდვა.
-
რა გართულებები აქვს გასტრიტს?კუჭ-ნაწლავის დაავადებები შესამჩნევ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე. გასტრიტის უყურადღებოდ დატოვებამ შესაძლოა საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას ორგანიზმს, კერძოდ, გამოიწვიოს კუჭის ეროზიების და წყლულის განვითარება, სისხლდენა კუჭიდან, ონკოლოგიური პროცესები.
-
როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი გასტრიტის გამწვავების დროს?მწვავე გასტრიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამომჟღავნებისთანავე აუცილებლად უნდა მიმართოს გასტროენტეროლოგს, დაიცვას ექიმის მიერ შემოთავაზებული დიეტა, დროულად და შედგენილი სქემის მიხედვით მიიღოს ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც ექიმი დაუნიშნავს.
-
მოქმედებს თუ არა მედიკამენტების მიღება გასტრიტის ჩამოყალიბებაზე?ზოგიერთი ტიპის მედიკამენტის ხანგრძლივი პერიოდით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, ან ხელი შეუწყოს გასტრიტის განვითარების პროცესს. იმისათვის, რომ თავიდან იქნას არიდებული კუჭის გაღიზიანება, გარკვეულ მედიკამენტებთან ერთად ასევე ინიშნება კუჭის დამცავები.
ძვირფასო მომხმარებლებო!
არ მიმართოთ თვითდიაგნოსტირებას და თვითმკურნალობას, ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, რამდენად სანდოც არ უნდა იყოს იგი.მხოლოდ კვალიფიციურ ექიმს აქვს უფლება დასვას დიაგნოზი და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს მკურნალობის კურსი, თქვენი სამედიცინო კვლევების საფუძველზე.
არ მიიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად! მხოლოდ ექიმს შეუძლია შეარჩიოს სწორი ანტიბიოტიკური მკურნალობა, თქვენი ანალიზების გათვალისწინებით.
ნუ მიიღებთ მედიკამენტებს ახლობლების და მეგობრების რჩევით! ენდეთ შესაბამისი დარგის გამოცდილ და კვალიფიციურ ექიმს, რომელიც იზრუნებს თქვენს ჯანმრთელობაზე.
არ შეგაშინოთ ინტერნეტში მოძიებულმა სამედიცინო ინფორმაციამ, რომელიც ხანდახან მძიმე დაავადებებსაც ეხება. ჩივილების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.