ქლამიდიოზი

 2024-04-20 მიკრობიოლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

ქლამიდიოზი საკმაოდ გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომლის გამომწვევი მიკროორგანიზმი Chlamydia trachomatis რთულად ექვემდებარება მკურნალობას, მაგრამ ინდივიდუალური მიდგომის და სწორი ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში დაავადება განკურნებადია. ქლამიდიოზისგან თავდაცვის ყველაზე საუკეთესო გზას წარმოადგენს შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტის დროს პრეზერვატივის გამოყენება.

დაავადების არმკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს უნაყოფობა, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ქრონიკულ სტადიაში, მიუხედავად სიმპტომების არარსებობისა, იზრდება სხვა ინფექციების (მათ შორის აივ ინფექციის) და უროლოგიური დაავადებების განვითარების რისკი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქლამიდიოზით ინფიცირებულ მამაკაცთა 45% და ქალების 65% არ უჩივის ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობას, რაც ქლამიდიოზის გავრცელებას კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცმებით, ქლამიდიოზით ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტი ადამიანი ინფიცირდება, რის გამოც ის სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა რიცხვში მოწინავე პოზიციაზეა. დაავადების გავრცელების ძირითად ფორმას ინფიცირებულ ადამიანთან დაუცველი სქესობრივი (ვაგინალური, ანალური, ორალური) აქტი წარმოადგენს, ხოლო იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია სხვა ფორმით გადაცემაც, მაგალითად ინფიცირებულის სიხლთან შეხების გზით, საერთო აბაზანის ნივთების მოხმარებით.

ქლამიდიოზი შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, ან გარკვეული პერიოდის შემდგომ სიმპტომები მკურნალობის გარეშე გაქრეს, რაც დაავადების ქრონიკულ სტადიაში გადასვლაზე მიუთითებს. ინკუბაციის პერიოდი საეჭვო სქესობრივი აქტიდან 3 კვირას მოიცავს, რის შემდეგაც უკვე ვლინდება სიმპტომები: პათოლოგიური (მოყვითალო ფერის და უსიამოვნო სუნის მქონე) გამონადენი სასქესო ორგანოდან, დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში, წვის შეგრძნება მოშარდვის დროს, სასქესო ორგანოს ქავილი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება.

იმ შემთხვევაში, თუ ეჭვი გაქვთ რომელიმე სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებაზე, გქონდათ დაუცველი სქესობრივი აქტი პარტნიორთან, რომლსაც შესაძლოა სხვა პარტნიორები ჰყავდეს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ საეჭვო სქესობრივი აქტის შემდგომ შენიშნეთ პათოლოგიური გამონადენი სასქესო ორგანოდან, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ თავადვე გაქრა, ნუ ჩათვლით, რომ პრობლემა მოგვარებულია.

ქლამიდიოზის სიმპტომები ჰგავს სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმპტომებს, შესაბამისად აუცილებელია უროლოგთან (გინეკოლოგთან) კონსულტაცია და საჭირო ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, კერძოდ, შარდის საერთო ანალიზი, ნაცხის ანალიზი, სეროლოგიური, მიკროსკოპული და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდებით კვლევა.

ქლამიდიოზის მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიბიოტიკები. აუცილებელია სქესობრივი პარტნიორისთვის ინფორმაციის მიწოდება, რადგან დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ (თუ პარტნიორი ინფიცირებულია) ინფექციის გავრცელება ხელთავიდან მოხდება. პროფილაქტიკის ერთადერთი გზა პრეზერვატივის სწორი გამოყენება და სქესობრივი ჰიგიენის დაცვაა. რეკომენდებულია ორსულთა ტესტირება, რადგან მშობიარობის დროს ქლამიდიოზი შესაძლოა დედიდან ახალშობილს გადაეცეს.