ანალიზები აივ ინფექციის დროს და შიდსის განვითარების შეჩერება
2024-11-05აივ ინფექციას იწვევს ადამიანის იუმუნოდეფიციტის ვირუსი. შიდსი აივ ინფექციის ბოლო სტადიაა და ვითარდება მოგვიანებით, თუ აივ დადებითი სტატუსის მქონე პიროვნება არ იღებს ანტირეტროვირუსულ თერაპიას. დღეისათვის აივ ინფექცია განუკურნებელ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, მაგრამ მისი მართვა შესაძლებელია, შესაბამისად მიიჩნევა ქრონიკულ დაავადებად.
ანტისხეულები აივ ინფექციის დროს
სისხლში აივ აინტისხეულები წარმოიქმნება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 1 დან 6 თვის პერიოდში. ამ დროისათვის უკვე შესაძლებელია აივ ინფექციის დიაგნოსტირება, რადგან ტესტი (HIV Ag/Ab Combo) საშუალებას იძლევა გამოვლინდეს სისხლში აივ ანტისხეულების და ანტიგენის არსებობა. იმისათვის, რომ ტესტის პასუხი მაქსიმალურად სანდო იყოს, აუცილებელია მისი ჩატარება ინფიცირების მომენტიდან (საეჭვო სქესობრივი აქტიდან) 3 თვის შემდგომ.
თუ HIV Ag/Ab Combo ტესტის მაჩვენებელია < 0.90 (ნაკლები 0.90 -ზე), აივ ინფექციის არსებობა არ დასტურდება, ხოლო თუ შედეგი აღემატება 0.9 ერთეულს (> 1), მაშინ პასუხი დადებითია და კონფირმაციის მიზნით ინიშნება შემდგომი კვლევა, კერძოდ, სისხლში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის რნმ-ის გამოვლენა და ვირუსული დატვირთვის განსაზღვრა. თუ აღნიშნული კვლევით ვირუსის რნმ არ ვლინდება, მაშინ პირველადი ტესტის პასუხის სისწორე ეჭვქვეშ დგება.
უარყოფითი, იგივე ნეგატიური პასუხის შემდგომ ორგანიზმში აივ ინფექციის არსებობა არ დასტურდება, ხოლო დადებითი, იგივე პოზიტიური მაჩვენებლის შემთხვევაში პიროვნებას ენიჭება აივ დადებითი სტატუსი. აუცილებელია ყველა აივ დადებითმა პიროვნებამ დაიწყოს ანტირეტროვირუსული თერაპიის მიღება, რაც ხელს უწყობს ადამიანის იმუნური სისტემის გამოჯანმრთელებას და სრულფასოვანი ცხოვრების შენარჩუნებას, ასევე საერთო ინფექციური ფონის შემცირებას.
აივ დადებითი ადამიანის სისხლში აივ ანტისხეულები ნარჩუნდება (შესაბამისად ტესტიც დადებით პასუხს აჩვენებს) მაშინაც კი, როდესაც ანტირეტროვირუსული თერაპიის შედეგად ვირუსი დათრგუნულია (სისხლში მისი კონცენტრაცია პრაქტიკულად განულებულია). ეს განპირობებულია იმით, რომ იმუნური სისტემა ინახავს ინფორმაციას გადატანილ ინფექციათა უმეტესობის შესახებ, რათა ხელახალი ინფიცირების შემთხვევაში დროულად მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
ვირუსული დატვირთვა, სისხლში ვირუსის რნმ-ის განსაზღვრა
ანტირეტროვირუსული თერაპიის შედეგად მცირდება აივ ინფექციასთან დაკავშირებული დაავადებების და შიდსის (შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომის) განვითარების რისკები, იმუნური სისტემა განიცდის რეაბილიტაციას და ადამიანი განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას. თანამედროვე მედიკამენტების დახმარებით აივ ინფიცირებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას უტოლდება.
თუ აივ დადებითი პიროვნება იღებს ანტირეტროვირუსული მკურნალობის კურსს, მაშინ სისხლში ვირუსის კონცენტრაცია პრაქტიკულად ნულოვანია (არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვა). ვირუსული დატვირთვის ტესტის ნორმად ითვლება სისხლში 20 - 75 ვირუსულ ასლზე ნაკლების არსებობა მილილიტრზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსის სუპრესია (დათრგუნვა) წარმატებით მიმდინარეობს. დაბალ მაჩვენებლად ითვლება 200 ვირუსული ასლის არსებობა მილილიტრ სისხლზე. საყურადღებო მაჩვენებლად მიიჩნევა სისხლში 10 000 ვირუსულ ასლზე მეტის არსებობა მილილიტრზე.
თუ ვირუსული დატვირთვის ტესტის პასუხი საიმედოა, ანუ მილილიტრ სისხლში 200 ზე ნაკლები ვირუსული ასლია, მაშინ ინფექციის გადაცემის რისკები პრაქტიკულად განულებულია, მათ შორის დაუცველი სქესობრივი აქტის შემთხვევაშიც.
CD4 ლიმფოციტების რაოდენობის განსაზღვრა
ჯანმრთელი ადამიანის მილილიტრ სისხლში 500 დან 1200 უჯრედამდე CD4 ლიმფოციტია. აივ ინფიცირებული ადამიანი რეგულარულად გადის ვირუსული დატვირთვის და CD4 T ლიმფოციტების რაოდენობის განმსაზღვრელ ტესტებს. აივ ინფექცია სწორედ CD4 ლიმფოციტებს, იგივე T Helper უჯრედებს აზიანებს, რის გამოიც იმუნური სისტემა სუსტდება.
კეთილსაიმედოა მდგომარეობა, თუ აივ ინფიცირებული ადამიანის მილილიტრ სისხლში CD4 ლიმფოციტების რაოდენობა 500 ზე მეტია. 300 დან 500 მდე CD 4 ლიმფოციტების რაოდენობრივი ზღვარი მიუთითებს იმუნური სისტემის დასუსტებაზე, ხოლო თუ რაოდენობა 200 ზე ნაკლებია ვითარდება შიდსი.
შიდსის განვითარების შეჩერება
ანტირეტროვირუსული მკურნალობა ხელს უშლის შიდსის განვითარებას, ახდენს იმუნური სისტემის გამოჯანმრთელებას და ამცირებს ოპორტუნისტული დაავადებების (თანმხლები გართულებების) რისკებს. სამომავლოდ მეცნიერება შეძლებს გაუმკლავდეს ამ ვერაგ დაავადებას და აივ/შიდსი ამოღებული იქნას განუკურნებელი დაავადებების ნუსხიდან, რისი პერსპექტივებიც უკვე ჩანს.
საქართველოში აივ ინფექციის დიაგნოსტირება და მკურნალობა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, შესაბამისად აივ ინფექციის დიაგნოსტირებისთვის საჭირო კვლევების და ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მიღება უფასოა. თუ გაქვთ ეჭვი, რომ დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგომ შესაძლოა დაინფიცირდით აივ ინფექციით, ან მოიხმარდით ნარკოტიკებს საერთო შპრიცებით, გაქვთ C ჰეპატიტი ან რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, აუცილებლად მიმართეთ თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრს.