ანტიბიოტიკები

 2024-02-22 მიკრობიოლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციური პროცესები განსხვავდება სოკოვანი, ვირუსული, ან პარაზიტებით გამოწვეული დაავადებებისგან. სწორედ ამიტომ, ანტიბიოტიკების გამოყენება არ არის რეკომენდირებული ყველა ტიპის ინფექციის დროს.

ანტიბიოტიკების ექიმის დანიშნულების გარეშე მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი პროცესები, რამაც უფრო გაამწვავოს ინფექცია, ან გადაიყვანოს იგი ქრონიკულ ფორმაში, ასევე მათი არასწორი გამოყენება ზრდის ბაქტერიების ნაწილობრივ ან სრულ რეზისტენტობას ანტიბიოტიკების მიმართ.

როგორ შეიქმნა პირველი ანტიბიოტიკი?

პირველი ანტიბიოტიკის აღმოჩენა უკავშირდება ალექსანდერ ფლემინგის სახელს. ფლემინგმა აღმოაჩნია ლიზოციმი და გამოჰყო პენიცილინი ობის სოკოსგან. მისმა აღმოჩენამ უდიდესი წვლილი შეიტანა მედიცინის განვითარებაში და უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ეს უდიდესი აღმოჩენა გარკვეულწილად შემთხვევითობას უკავშირდება, კერძოდ, ლაბორატორიაში არსებული „შემოქმედებითი ქაოსის“ შედეგად, პეტრის ფინჯანზე დათესილი ბაქტერიების ირგვლივ, გამრავლდა ობის სოკო. ლაბორატორიაში დაბრუნების შემდგომ, ფლემინგმა აღმოაჩინა, რომ ობის სოკომ ხელი შეუწყო ბაქტერიების განადგურებას.

როგორ ზემოქმედებს ანტიბიოტიკი მიკრობებზე?

ბაქტერიებზე ანტიბიოტიკების ზემოქმედების პრინციპი სხვადასხვაგვარია, კერძოდ, განასხვავებენ ბაქტერიოსტატიკურ და ბაქტერიოციდულ მოქმედების მქონე ანტიბიოტიკებს. პირველი მათგანი ბაქტერიას ცოცხლას ტოვებს, მაგრამ მის გამრავლებას ეწინააღმდეგება, ხოლო მერეს გააჩნია მისი მოსპობის უნარი. უშუალოდ ბაქტერიის განადგურების პროცესი შეიძლება განხორციელდეს მისი დამცავი კედლის (მემბრანის) უჯრედული დაზიანებით (პენიცილინი, ცეფალოსპორინები), ან მისი გენეტიკური აპარატის მოშლით (ტეტრაციკლინები, ფტორქინოლონები).

რა არის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა?

ბაქტერიები წარმოადგენენ ცოცხალ ორგანიზმებს, შესაბამისად აქვთ უნარი შეეჩვიონ ახალ გარემოს და ადაპტირდნენ მასთან. ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან ცოცხალი ორგანიზმი ყოველთვის ცდილობს თავის გადარჩენას მისთვის არახელსაყრელ გარემოში. წლების განმავლობაში ანტიბიოტიკების ხშირმა მიღებამ და მისმა არასწორმა გამოყენებამ გამოიწვია უკუპროცესი, კერძოდ, ბაქტერიებმა გამოიმუშავეს თავდაცვის უნარი (გამძლეობა) ანტიბიოტიკების მიმართ. მედიცინაში ამ მოვლენას ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა ეწოდება.

რეზისტენტობა შეიძლება იყოს ჯვარედინიც, რაც გულისხმობს, რომ მიკროორანიზმი, რომელიც ინარჩუნებს მდგრადობას კონკრეტული ანტიბიოტიკისადმი, იმავდროულად მდგრადია მსგავსი ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა თანამედროვე მედიცინის გამოწვევად რჩება.

რა შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკების არასწორმა გამოყენებამ?

ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 30-40 ტრილიონი ბაქტერიაა. უმეტესობა მათგანი სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, პირიქით, ეხმარება ორგანიზმს არსებობის შენარჩუნებაში. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ცოცხალი სამყაროს უდიდესი ნაწილი ბაქტერიებს უჭირავთ. თუ აღნიშნულს ვირუსებსაც დავუმატებთ, რომელიც არც ცოცხალ და არც მკვდარ ორგანიზმებად ითვლება, მაშინ აღმოჩნდება, რომ ადამიანების და ცხოველების პოპულაცია ცოცხალი სამყაროს საკმაოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ანტიბიოტიკები ზემოქმედებენ არამარტო მავნე ბაქტერიებზე, არამედ საფრთხეს უქმნიან სხვა მიკროორგანიზმებსაც, რომლებიც საკმაოდ მრავლადაა ადამიანის ორგანიზმში. აქედან გამომდინარე, ანტიბიოტიკების არასწორი და ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ნორმალური მიკროფლორის დაზიანებას, ზრდის ბაქტერიების რეზისტენტობას კონკრეტული მედიკამენტის ან მედიკამენტთა ჯგუფის მიმართ, ასევე ამცირებს იმუნური სისტემის აქტივობას. ინფექციასთან აქტიური ბრძოლისათვის საჭიროა ანტიბიოტიკების კომბინირებული მიღება, ხოლო სწორი კომბინაციის შერჩევა დამოკიდებულია კვალიფიციურ ექიმზე.

ანტიბიოტიკების რა ჯგუფები არსებობს?

  • პენიცილინები;
  • ცეფალოსპორინები;
  • კარბაპენემები;
  • მაკროლიდები;
  • ტეტრაციკლინები;
  • ამინოგლიკოზიდები;
  • ამფენიკოლები;
  • ლინკოზამიდები;
  • ფტორქინოლონები;
  • ბაქტერიოფაგები;
  • ნიტროფურანები;
  • ოქსაზოლიდინონები;
  • პოლიმიქსინები;