ყელის ტკივილი
2024-01-26ყელის ტკივილი მეტწილად გამოწვეულია ანთებითი პროცესით ან მისი მექანიკური დაზიანებით. აღნიშნული შეიძლება მიუთითებდეს, როგორც ინფექციურ, ასვე არაინფექციურ დაავადებებზე. ინფექციური პროცესების შედეგად განვითარებული ყელის ტკივილი, გამოწვეულია ბაქტერიების ან ვირუსების ყელის ლორწოვან გარსზე ზემოქმედებით. სხეულის ეს ნაწილი ერთგვარ ფილტრს წარმოადგენს, რომლის გავლითაც ხდება ორგანიზმში მიკრობების შეჭრა, სწორედ ამიტომაა, რომ ინფექციური პროცესების უმრავლესობა იწყება ყელის ტკივილით.
რა იწვევს ყელის ტკივილს?
- ტონზილიტი (ანგინა);
- გრიპის ვირუსი;
- ლარინგიტი;
- ფარინგიტი;
- რესპირაციული ვირუსული ინფექციები;
- ბაქტერიული ინფექციები;
- სოკოვანი ინფექციები;
- რეფლუქს-ეზოფაგიტი;
- ალერგია;
- მექანიკური დაზიანებები;
- თერმულ-ქიმიური დაზიანებები;
- სიმსივნური პროცესები;
რა ტიპის ყელის ტკივილი არსებობს?
- ტკივილი, რომელიც ძლიერდება ყლაპვისას. აღნიშნული დამახასიათებელია მწვავე ან ქრონიკული ანგინის დროს;
- ტკივილი, რომელსაც თან ერთვის მომატებული ტემპერატურა და ლიმფური კვანძების გადიდება, ინფექციური პროცესებით გამოწვეულ ყელის ტკივილზე მიუთითებს;
- ტკივილი კისრის არეში, რასაც თან სდევს ხმის შეცვლა, მიუთითებს ლარინგიტის განვითარებაზე;
- ტკივილი, რომელიც ზომიერი ხასიათისაა და შესაძლოა ქრონიკულ ტონზილიტზე მიუთითებდეს;
- ტკივილი, რომელიც გამოწვეულია ყელის მექანიკური დაზიანებით, კერძოდ, ხანგრძლივი ყვირილით ან ხმამაღალი საუბრით გამოწვეული, ძალიან ცივი ან ცხელი პროდუქტის მირთმევის შედეგად განვითარებული, ან ყელის ლორწოვანი გარსის ამოშრობის შედეგად გამოწვეული (მაგალითად ღია პირით ძილის დროს);
როგორ ხდება გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტიკა?
- ექიმის მიერ პაციენტის ჩივილების მოსმენის და ფიზიკური გასინჯვის შედეგად;
- საჭიროა სხეულის ტემპერატურის და წნევის გაზომვა;
- სისხლის საერთო ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში შარდის საერთო ანალიზი;
- ლაბორატორიული კვლევა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების დიაგნოსტირებისათვის;
- კისრის და ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი ან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფით კვლევა;
- ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა;
- ექიმის მიერ საჭიროდ ჩათვლილი სხვა სამედიცინო კვლევები;
რომელი დარგის ექიმს უნდა მივმართოთ?
ყელის ტკივილის დროს, თავდაპირველად უნდა მივმართოთ თერაპევტს ან ოტორინოლარინგოლოგს, ხოლო ბავშვთა შემთხვევაში კი პედიატრს. თავდაპირველი კონსულტაციის და ანალიზების შედეგად, შესაძლოა მოხდეს გადამისამართება სხვა დარგის სპეციალისტებთან, კერძოდ, ინფექციონისტთან, ენდოკრინოლოგთან, გასტროენტეროლოგთან, კარდიოლოგთან, იმუნოლოგთან.
როგორ მკურნალობენ ყელის ტკივლის?
ყელის ტკივილი საკმაოდ ბევრი დაავადების მიმდინარეობის მიზეზი შეიძლება იყოს, სწორედ ამიტომ, ექიმის გარეშე დიაგნოზის დასმა და მკურნალობა დაუშვებელია, ამან შესაძლოა საქმე უფრო გაართულოს. აუცილებელია ვიზიტი ექიმთან და შესაბამისი დანიშნულების მიღება. ხანგრძლივად ყელის ტკივილის უყურადღებოდ დატოვებამ, შესაძლოა გამოიწვიოს საკმაოდ სერიოზული პრობლემები.