ასტიგმატიზმი

 2023-11-24 ოფთალმოლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

თუ პაციენტი უჩივის მხედველობის დაქვეითებას, გაბუნდოვანებას, როგორც შორ, ასევე ახლო მანძილზე - გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ასტიგმატიზმი იყოს. ეს საკმაოდ გავრცელებული თვალის დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია რქოვანას (იშვიათად ბროლის ზედაპირის) არათანაბარი სიმრუდით.

ასტიგმატიზმი შეიძლება იყოს თანდაყოლილი (სუსტი ხარისხის) ან შეძენილი. შეძენილი ასტიგმატიზმი თავისმხრივ შეიძლება იყოს, როგორც სუსტი, ასევე საშუალო ან მაღალი ხარისხის. ასტიგმატიზმის გამომწვევ ფაქტორებად მიჩნეულია გენეტიკური თვითგანწყობა (მემკვიდრეობითი ფაქტორები) და თვალის ტრავმები.

რა სიმპტომები ახასიათებს ასტიგმატიზმს?

  • მხედველობა დაქვეითებულია და მისი სიმკვეთრე არის ბუნდოვანი (გამოსახულება გამრუდებულია);
  • ჩივილები თვალების ხშირ დაძაბულობაზე. ერთი ან ორივე თვალის ტკივილი;
  • თვალების სწრაფად დაღლა, კითხვის დროს, ტელევიზორის ან კომპიუტერის მონიტორის ყურებისას;
  • თვალების ჩაწითლება და ფოკუსირების გაძნელება;

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

  • ექიმი-ოფთალმოლოგი ატარებს შესაბამის კვლევით პროცედურებს;
  • პაციენტი თავადვე შეამჩნევს ასტიგმატიზმის რომელიმე სიმპტომს, მაგალითად მხედველობის გაბუნდოვნებას.
  • ინტერნეტში საკმაოდ ბევრი ტესტი არსებობს ასტიგმატიზმის დიაგნოსტირების და მხედველობის გადასამოწმებლად. აღნიშნული ტესტები შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კვალიფიციურ ექიმთან კონსულტაციის გარეშე დიაგნოზის დასმა არ შეიძლება;

მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

  • ასტიგმატიზმის დროს ხდება სათვალის ინდივიდუალურად შერჩევა, სფერული და ცილინდრული ლინზების კომბინაციით, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას და გამოსახულების სიმკვეთრეს;
  • სათვალის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იქნას კონტაქტური ლინზები, რომელთა შერჩევაც ასევე ინდივიდუალურად უნდა მოხდეს;
  • თუ პაციენტს არ სურს სათვალის ან კონტაქტური ლინზების გამოყენება, მაშინ უნდა მიმართოს თვალის ლაზერულ კორექციას. ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია დაბალი და საშუალო ხარისხის ასტიგმატიზმის დროს;

რეკომენდაციები პროფილაქტიკის მიზნით:

  • მოერიდეთ თვალების ხანგრძლივად გადატვირთვას. კომპიუტერთან მუშაობის დროს ხშირად დაასვენეთ თვალები;
  • გამოიყენეთ სპეციალური სათვალე, რომელიც განკუთვნილია მონიტორის მავნე გამოსხივებისგან დასაცავად;
  • ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღება და მოწევა უარყოფითად აისახება თქვენი თვალების ჯანმრთელობაზე;
  • მოერიდეთ ტრანსპორტში ან წამოწოლილ მდგომარეობაში კითხვას;
  • სამუშაო მაგიდასთან იქონიეთ კარგი განათება. განათების წყარო უშუალოდ თვალებში არ უნდა გაშუქებდეთ. უმჯობესია დღის სინათლის და თბილი განათების გამოყენება;
  • შეასრულეთ თვალის ვარჯიშები, კერძოდ, ფოკუსირება მოახდინეთ ოთახში ახლოს მდგარ ნივთზე, შემდგომ მზერა გადაიტანეთ შორეულ ობიექტზე, რაც თქვენი ფანჯრიდან მოსჩანს და ასე გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ;
  • მოერიდეთ მტვრიან გარემოში ყოფნას;
  • მზიან გარემოში გამოიყენეთ ხარისხიანი მზის სათვალე;
  • მიირთვით ჯანსაღი პროდუქტი. უმჯობესია რაციონში დაამატოთ ბოსტნეული და თევზი;
  • ეწვიეთ ოფთალმოლოგს თქვენი მხედველობის შესამოწმებლად და საჭიროების შემთხვევაში დროული მკურნალობისათვის;