სეროტონინი

 2024-01-22 ენდოკრინოლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

სეროტონინი ძლიერი ნეირომედიატორია, რომელსაც ხშირად ბედნიერების ჰორმონად მოიხსენიებენ. სეროტონინის უდიდესი ნაწილი გამომუშავდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მის წარმოქმანზე დიდ გავლენას ახდენს მიღებული საკვები პროდუქტები და მზის სხივები ამიტომაცაა, რომ მზის სინათლის ნაკლებობა ასოცირდება სეზონურ დეპრესიასთან. აღნიშნული ჰორმონი დიდ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, საჭმლის-მომნელებელ სისტემაზე, ხასიათზე, განწყობაზე, ბედნიერების და სიყვარულის შეგრძნებაზე.

სეროტონინის ნაკლებობამ შესაძლოს გამოიწვიოს დეპრესია, განწყობა-ხასიათის გაუარესება, მეხსიერების პრობლემები, ძილის დარღვევები, კონცენტრაციის დაქვეითება, თვითშეფასების დონის შემცირება, ადვილად გაღიზიანება და გაბრაზება, ასევე წონაში მატება, ტკბილის მიმართ გაძლიერებული მოთხოვნის ფონზე. ფსიქოაქტიური საშუალებების (მაგალითად ექსტაზის, ელესდის) მოხმარების შედეგად შესაძლებელია სეროტონონის დონის მომატება, მაგრამ პერსპექტივაში ეს გამოიწვევს აღნიშნული ჰორმონის დეფიციტს და ხასიათის გაუარესებას.

სეროტონინის ბუნებრივი გზით გაზრდის საუკეთესო საშუალებაა დაბალანსებული კვების რეჟიმი, სუფთა ჰაერზე სეირნობა, მზის სინათლე, ფიზიკური აქტივობის გაზრდა, მუსიკის მოსმენა, საყვარელი საქმიანობის კეთება, პოზიტიურ და მხიარულ ადამიანებთან ურთიერთობა. უნდა გავითვალისწინოთ, სეროტონინის სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი ემოციური აღგზნებადობა, ტაქიკარდია, თავის ტკივილი და წნევის მომატება, ოფლიანობა, თრთოლვა, ღებინების შეგრძნება, დიარეა, ამიტომაც მნიშვნელოვანია სისხლში ამ ჰორმონის ნორმალური დონით კონცენტრაცია.

სეროტონინი ორგანიზმს ეხმარება ჭრილობების დროულად შეხორცებაში, ასევე მონაწილეობას იღებს ალერგიულ და ანთებით პროცესებში. არსებობს გარკვეული მსგავსება, სეროტონინის და ნორადრენალინის ჰორმონების უჯრედული რეცეპტორების სტრუქტურებს შორის. ასევე ცნობილია, რომ ნორადრენალინი აფერხებს სეროტონინის გამოყოფის პროცესს. გამოვლენილია, რომ ხერხემლის დეფორმაციის მატებასთან ერთად, სისხლში სეროტონინის კონცენტრაცია იკლებს. სეროტონინის დეფიციტი ასევე მოქმედებს ტკივილის აღქმის სისტემის მგრძნობელობის გაზრდაზე, კერძოდ, ორგანიზმმა ოდნავ გაღიზიანებასაც კი მწვავე ტკივილით შეიძლება უპასუხოს.