ნისტაგმი

 2023-12-15 ნევროლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

image ნისტაგმი არის თვალების უნებლიე რხევითი მოძრაობა, ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად, წრიულად. ნისტაგმი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. შეძენილი ნისტაგმისგან განსხვავებით, თანდაყოლილს არ ახლავს თავბრუსხვევა. ნისტაგმის განვითარება შესაძლოა გამოიწვიოს თვალის ნერვის, ტვინის ან მისი მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებამ, თვალის ოპტიკური გარემოს და მისი მკვებავი სისხლძარღვების ანომალიებმა, თანდაყოლილმა კატარაქტამ, გენეტიკურმა ფაქტორებმა, ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებამ, ასევე ზოგიერთი ტიპის მედიკამენტმა.

უმეტესწილად ნისტაგმის გამომწვევი მიზეზი თანდაყოლილი ხასიათის მქონე მხედველობის პრობლემებთანაა დაკაშირებული. თანდაყოლილი ნისტაგმის დროს, ხშირია არასწორი რეფრაქციის (სინათლის სხივის თვალში გარდატეხის), ფერების აღქმის პრობლემის და ალბინიზმის შემთხვევები. თანდაყოლილი ნისტაგმი ახალშობილში სწრაფადვე ვლინდება მაშინ, როდესაც ფორმირდება მხედველობის ბინოკულარული ფიქსაცია. აღსანიშნავია, რომ თანდაყოლილი ნისტაგმის მქონე ადამიანები ამცირებენ ნისტაგმს და შედარებით უკეთ ხედავენ ისეთ დროს, როდესაც თავი გვერდით არის გადახრილი და არ იმყოფება სწორ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

ნისტაგმის კლასიფიკაცია განპირობებულია უნებლიე რხევების მიმართულების ტიპზე, რხევის სიხშირესა და მისი კუთხის ამპლიტუდაზე. ნისტაგმის გამომწვევ ყველა მიზეზს აქვს გამაერთიანებელი სიმპტომი, ეს არის მხედველობის დაქვეითება. გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი შემთხვევები, როდესაც ნისტაგმი გამოწვეულია სიმსივნური პროცესებით, ვესტიბულარული აპარატის დარღვევებით ან ნევროლოგიური პათოლოგიებით.

ნისტაგმის მკურნალობა საკმაოდ რთულია და ხშირად უშედოგოც, თუმცა მისი შემცირება შესაძლებელია. მკურნალობა მიმართულია ნისტაგმის გამომწვევი მიზეზის მოხსნისკენ, ასევე მხედველობის სიმახვილის გაზრდისკენ. მკურნალობის პროცესში შეიძლება ჩაერთოს ექიმი-ოფთალმოლოგი, ექიმი-ნევროლოგი.