ოქროსფერი სტაფილოკოკი

 2024-01-09 მიკრობიოლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus) წარმოადგენს სფეროს ფორმის ბაქტერიას, რომელსაც ეს სახელი ეწოდა მისი შეფერილობიდან გამომდინარე. ბაქტერია მიეკუთვნება სტაფილოკოკების სახეობას, ბუდობს კანსა და ლორწოვან გარსზე. მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ოქროსფერი სტაფილოკოკის მატარებელია, თუმცა უმეტეს შემთხვევებში აღნიშნული ბაქტერია ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს არ აყენებს.

ოქროსფერი სტაფილოკოკი ითვლება მთელი რიგი დაავადებების მაპროვოცირებელ მიკროორგანიზმად, მათ შორის ყველაზე ხშირია კანოს ინფექციური დაავადებები, მენინგიტი, პნევმონია, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, სეფსისი. ბაქტერია გამოჰყოფს ტოქსინებს, რომელიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.

ოქროსფერი სტაფილოკოკი იმ კატეგორიის ინფექციურ აგენტთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლითაც ყველაზე ხშირად ავადდებიან სამედიცინო დაწესებულებებში, მაგალითად ინტრავენული კვების დროს, ინფიცირებული სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას, ფილტვის ვენტილაციის, ჰემოდიალიზის პროცედურათა ჩატარების დროს. ოქროსფერი სტაფილოკოკი ორგანიზმში შეიძლება აღმოჩნდეს დაბინძურებული საკვებიდანაც. ხშირია ინფექციის გავრცელება ჰიგიენის ნორმების უგულებელყოფის გამო.

ინფიცირების შედეგად განვითარებული სიმპტომები დამოკიდებულია ბაქტერიის ლოკალიზაციაზე, ადამიანის იმუნური სისტემის საერთო მდგომარეობაზე და თანმხლები ქრონიკული დაავადებების არსებობაზე. ოქროსფერი სტაფილოკოკისთვის მეტწილად დამახასიათებელია კანის საფარის დაზიანება, ყელ-ყურ-ცხვირის და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები, სტაფილოკოკური პნევმონია, მენინგიტი, ოსტეომიელიტი, სტაფილოკოკური ართრიტი, ენდოკარდიტი, პიელონეფრიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, სეფსისი.

ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეულ ინფექციებს მკურნალობენ ანტისეპტიკებით და ანტიბიოტიკებით. ასევე გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება ბაქტერიის მიმართ ანტისხეულების გამომუშავებაში. სწორი მკურნალობის სქემის შერჩევას ახდენს კვალიფიციური ექიმი. ოქროსფერი სტაფილოკოკის რეზისტენტობა მედიკამენტების მიმართ საკმაოდ მაღალია და სწრაფად ფორმირდება.

ინფექციისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა ხელების გულმოდგინედ დაბანვა, სპირტის შემცველი ხსნარების, ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება, ჭრილობის დროული და გულმოდგინე გასუფთავება, ჰიგიენის ნორმების დაცვა, სააბაზანოს და საწოლის თეთრეულის მაღალ გრადუსზე რეცხვა, საკვები პროდუქტის თერმული დამუშავება.